(რეზონანსი) უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, გრიგოლ აბრალავა, რომელიც სამართალდამცავებმა ნორვეგიაში ქურდობის ბრალდებით დააკავეს, გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ ზარდიაშვილის სიმამრმა ანზორ აბრალავამ განაცხადა.
გრიგოლ აბრალავა საქართველოში 24 მაისს ჩამოვიდა.
„რამდენიმე დღეა, რაც ჩამოვიდა. ეს იყო გადამოწმების ხანგრძლივი პროცედურა, იქ სამწუხაროდ, დაკავების შემთხვევაში, ვადები არ აქვთ და ძალიან დიდხანს გრძელდება გადამოწმების პროცედურა. თავისებური ბიუროკრატია აქვთ. რამე რომ ყოფილიყო, ასე როგორ დამთავრდებოდა?“ - განაცხადა აბრალავამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თებერვალში ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულებს შორის გრიგოლ აბრალავაც იყო.
გრიგოლ აბრალავა ბოლო წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტის“ თანამშრომელი იყო.