(რეზონანსი) პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივის საფუძველზე მომზადებული, ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო.შეგახსენებთ, "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებით, ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელის სახედ შინაპატიმრობაც იქნება. ამასთან, აღნიშნულ დანაშაულზე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 3 წლამდე გაიზრდება.
კერძოდ, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვანის თანდასწრებით - დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ასევე ცვლილება შევიდა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში".
ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით.
მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება არასრულწლოვნის აღზრდის, სწავლების, საცხოვრებლით, საკვებით და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობით, არასრულწლოვნის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებით, ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო ან/და სასტიკი მოპყრობით, წვრილმანი ხულიგნობით, ხულიგნობით, ალკოჰოლიანი სასმელის სმით, ცივი იარაღის ტარებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედების ჩადენით, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის - "112"-ის - არამიზნობრივი გამოყენებით, - გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით.
პარლამენტში აღნიშნული "სისხლის სამართლის კოდექსი" ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, სულხან მახათაძე, ნინო წილოსანი, გელა სამხარაული არიან.