ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიისას დაღუპული გიორგი პაპასკირის მამამ მალხაზ პაპასკირმა მერაბ კვირიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობაზე კომენტარი გააკეთა. იგი ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილებას ვერ მალავს და ამბობს, რომ მისი მოთხოვნა არა ვინმეს პატიმრობა, არამედ სიმართლის დადგენაა.
„ეს არის უნამუსო ქვეყანა. ვინ რა უნდა გაითვალისწინოს. ეს არის თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელიც უბრალოდ, გაგეცინებათ რომ ნახოთ როგორ ვითარდებოდა. ჩემს შვილზეც აღარ დგას საკითხი, აქ არის პრობლემა პრეცედენტზე, რომელიც არის ძალიან საშიში და არ უნდა დაიშვას.
პირადად მე, ვარ ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ამ მთავრობის მომხრე იყო, ახლა პირიქით, მე ვარ ამ მთავრობის პირველი მოწინააღმდეგე. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ვისთან მაქვს საქმე. აუცილებლად ვაპირებ გასაჩივრებას, რამდენი წელიც არ უნდა დამჭირდეს, მაინც არ შევწყვეტ.
ყველამ იცის რა მოხდა. მე არასდროს მითქვამს რომ ვიღაცის დასჯა მინდოდა. მე ვითხოვდი სიმართლეს და სიმართლე ყველამ იცის. ის თეთრი მანქანა, რომელიც ვითომ გადმოუხტა პირველ ექსპერტიზაში საერთოდ არ არის ნახსენები მოწმისგან. ეს არის დადგმული სპექტაკლი და იძახიან, რომ თურმე მე გამწარებული მამა ვარ და ამას ამიტომ ვლაპარაკობ. პატიმრობა ჩემი მოთხოვნა არ არის, მე მინდა უბრალოდ ითქვას სიმართლე“, - აცხადებს "პრაიმტაიმთან" მალხაზ პაპასკირი.