ელზა პაპოშვილი
30.05.2019

 მასშტაბური დაკავებები ბათუმის მერიაში - პროკურატურამ 7 მაღალჩინოსანს ბრალი სახელმწიფო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვისთვის წაუყენა. მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი ასევე  სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებათ. 

საუბარია ტენდერებზე, რომელიც ბათუმში ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ცხადდებოდა. მაშინ, როდესაც ქალაქის მერი იყო გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერიამ 2015 წლის 9 ოქტომბერს მერიის სოციალურ პროექტ "იაფ სახლთან" დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი შეფასებული იყო 4 მილიონ ლარად. ტენდერში გაიმარჯვა აზერბაიჯანულმა კომპანია "კონვენტ ჯორჯიამ".

საქმის მასალების მიხედვით კი ირკვევა, რომ "კონვენტ ჯორჯია", რომელმაც ყალბი დოკუმენტები წარადგინა, ტენდერში გამარჯვებული გახდა. დაკავებულებს შორის არიან ის პირები, რომლებიც სატენდერო კომისიის მუდმივ მოქმედი წევრები იყვნენ, მათ ერთი წლით ადრე დისკვალიფიკაცია ჰქონდათ მიცემული ყალბი დოკუმენტების გამო აზერბაიჯანული კომპანიისთვის, თუმცა მომავალ წელს მათ იგივე კომპანია ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადეს.

პროკურორის განცხადებით, საბანკო გარანტია კომპანიას ჰქონდა წარდგენილი უცხოური ბანკისგან და გიორგი ერმაკოვის დავალებით, ბათუმის მერიის თანამშრომლებმა გადაამოწმეს ეს ბანკი, გაირკვა, რომ ის საფინანსო ორგანიზაცია საერთოდ არ იყო. მიუხედავად ამისა, 4 მილიონ ტენდერში "კონვენტ ჯორჯია" მაინც გამარჯვებულად გამოცხადდა. მილიონები სოციალური სახლების მშენებლობაზე გამოიყო, შენობები კი არ აშენდა.

სახელწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, ზარალი რომელიც ბიუჯეტმა მიიღო, მინიმუმ მილიონ ნახევარი ლარია. 

ბათუმის ყოფილ მერ გიორგი ერმაკოვთან ერთად დაკავებულები არიან - განათლების და მეცნიერების მინისტრი ბაგრატ მანველიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები, ასევე ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე, სერვისების მართვის უფროსი, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე.

"დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს ს.ს.კ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და ს.ს.კ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით  გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებული არიან,"-ნათქვამია განცხადებაში.  

ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბაგრატ ხალვაში ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ „რეზონანს“ განუცხადა.  ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულები  წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ხოლო მაღალჩინოსნები სამართალდამცავებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აიყვანეს. 

„მე ბაგრატ ხალვაშის ინტერესებს წარმოვადგენ. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქმის მასალებს არ ვიცნობ, რადგან ამ წუთებში დაკავებულების დროებითი იზოლატორში გადაყვანა მიმდინარეობს. გადმოცემით ვიცი, რომ ისინი სამსახურში დააკავეს. ეზოში მოხდა აყვანა თუ კაბინეტში ასეთი დეტალები არ ვიცი. 

მოხდება მის მიმართ ალბათ გარკვეული საგამოძიებო მოქმედების განხორცილება. დეტალურად საქმის მასალებს არ ვიცნობთ, არ მოგვეცა ჩვენ ამის საშუალება იმიტომ, რომ ხდება ახლა გადაყვანა დროებითი დაკავების იზოლატორში და მას შემდეგ, როცა ჩვენ მივიღებთ ამომწურავ ინფორმაციას, საქმის მასალები გადმოგვეცემა, ბუნებრივია, ჩვენ უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით",- განაცხადა რამინ პაპიძემ.   

„ოცნების“ წევრი გია ვოლსკი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ რომელი პატიიდანაც არ უნდა იყვნენ დანაშაულზე ყველამ პასუხი უნდა აგოს. დეპუტატის აზრით, ყველა ტიპის დანაშაული ქვეყნისთვის დამაზიანებელია, ამიტომაც ყველამ ადეკვატური პასუხი უნდა აგოს.

„ნებისმიერი ტიპის დანაშაული დამაზიანებელია ქვეყნისთვის, რომელსაც შესაბამისი და ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს. არა აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიიs წარმომადგენელი იქნება. მედიას და პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და თავი შეიკაონ წინასწარი შეფასებებისგან“, - განაცხადა ვოლსკმა.   

ჩვენი ხელისუფლების პირობებში თანამდებობა არ არის გარანტია ან პრივილეგია, ვერავინ ისარგებლებს ხელშეუხებლობით, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ  განაცხადა. 

მისი თქმით, ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში აჭარის მთავრობა საგამოძიებო ორგანოებთან ითანამშრომლებს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების აღსრულებას.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში თანამდებობა არ არის გარანტია ან პრივილეგია, ვერავინ ისარგებლებს ხელშეუხებლობით, თუმცა ამავე დროს, უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების აღსრულებას.

ასევე, მინდა განვმარტო, რომ ჩვენი ხელისუფლების შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება. ჩვენ ვიქნებით ყველასთან თანაბრად მომთხოვნი და კანონის წინაშე ყველა თანაბარია. ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში ვითანამშრომლებთ საგამოძიებო ორგანოებთან ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების აღსრულებას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×