რასთან გვაქვს საქმე - ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 28 დღის წინ საიდუმლოდ გაცემული ნებართვა ეს დაბალი რანგის ჩინოვნიკის, სსიპ-ის ხელმძღვანელის შეცდომა იყო, როგორც ეკონომიკის მინისტრი ირწმუნება, თუ ეს იყო ხელისუფლებაში რაღაც ჯგუფის მიერ დაგეგმილი ნაბიჯი და საბოტაჟი ანაკლიის პორტის წინააღმდეგ, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, და ის დიდი სკანდალის ატეხვის გამო ჩაიშალა?! ფოთის პორტის გარშემო დიდი ქაოსი შეიქნა და ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებები და გაუგებარი თავის მართლება პასუხების ნაცვლად კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს.
28 დღის წინ, 2 მაისს ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ჩუმად გაცემული ნებართვა ეკონომიკის მინისტრმა 30 მაისს გააუქმა. უფრო სწორად, ეკონომიკის მინისტრს ამ ნებართვის გაუქმება მოუწია მას შემდეგ, რაც პორტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ფოთის მერიამ და ნებართვის მიმღებმა „ეიფიემ ტერმინალსმა" 29 მაისს გაასაჯაროვეს და ამას დიდი ბრალდებები და ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ თურმე ამ მასშტაბური და სტრატეგიული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობაში არავინ არაფერი იცოდა და ნებართვის ჩუმად გაცემის მიზეზით გაათავისუფლა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე.
დღის ბოლოს კაკაურიძემ მედიასთან თქვა, რომ გადაწყვტულება თავად ერთპიროვნულად მიიღო და მინისტრი საქმის კურსში არ ჩაუყენებია. თუმცა მის ამ „აღიარებას" კითხვები ისევ ახლავს - რას ნიშნავს, როცა მინისტრის გვერდის ავლით დაბალი რანგის ჩინოვნიკი ფარულად წყვეტს ასეთ მნიშვნელოვან საკითხს და მოჰყება თუ არა ამას სს პასიხისმგებლობა.
"ეს არის დაუჯერებელი, რომ 28 დღის მანძილზე მთავრობიდან არავინ ამის შესახებ არ იცოდა," - ასე გამოეხმაურა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემას ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი.
ლევან ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ ანაკლიის პროექტი დააზიანა და უკან დახია. მისი თქმით, ანაკლიის პორტს ებრძვიან კონკრეტული ძალები ხელისუფლებაში და ეს ნებართვაც მათი ანაკლიის პროექტის შეჩერების მიზანმიმართული მცდელობა იყო.
„ის ფაქტი, რომ გაიცა ნებართვა 2 მაისს და ამდენი ხნის მანძილზე იყო დაფარული, ეს ცხადყოფს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არსებობენ ძალები როგორც ქვეყნის შიგნით ხელისუფლებაშიც, ქვეყნის გარეთ, რომლებიც მიზანმიმართულად იბრძვიან იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ანაკლიის პორტის პროექტს. ეს არის ცალსახა" - განაცხადა ახვლედიანმა.
ვინ ებრძვის ანაკლიის პროექტს, ხომ არ იგულისხმება ეკონომიკის მინისტრი ან ბიზნესმენს ვანო ჩხარტიშვილი, ახვლედიანი პასუხობს, რომ „კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებისგან თავს შეიკავებს".
ამასთან ახვლედიანი ამბობს, რომ 29 მაისს საღამოდან უკავშირდებოდნენ პარტნიორები, ბანკები და ოპერატორი, რომლებიც გამოთქვამდნენ დიდ შეშფოთებას და იყვნენ შოკირებული.
„განსაკუთრებით იმიტომ, რომ ნებართვა გაიცა 2 მაისს და 21 მაისს, როცა შედგა შეხვედრა ბანკებსა და სახელმწიფოს შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი არ თქმულა. ეს აზიანებს ჩვენი ინვესტორების ნდობას მთავრობის მიმართ და პროცესის მიმართ,"- ამბობს ახვლედიანი და დასძენს, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ნდობა აღდგეს.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ აშკარაა, ხელისუფლების გარკვეული ჯგუფი, ან ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფი მოქმედებდა ანაკლიის პორტის წინააღმდეგ და საქმე გვაქვს აშკარა საბოტაჟთან, რომლითაც გამოძიება უნდა დაინტერესდეს.
„ერთი მიზეზის გამო აქ ღრმად უნდა ჩავიხედოთ, ეს მიზეზი საქართველოს კონსტიტუციაა. ანაკლიის პორტი პრიორიტეტული, სახელმწიფოებრივი პროექტია და მისი ეს სტატუსი გამყარებულია კონსტიტუციაში. შესაბამისად, ნებისმიერი სახის საბოტაჟი ამ პროექტის მიმართ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც სს დანაშაული,"- ამბობს ხუხაშვილი.
მისი თქმით, აშკარად საბოტაჟია, როდესაც ანაკლიის სახელმწიფოებრივი პროექტის საინვესტიციო პაკეტი იკვრება და ამ პერიოდში კეთდება იმ ტიპის განცხადებები, რამაც შეიძლება პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალოს.
მისივე თქმით, რაც ახლა ხდება, ეს საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ გაჩნდეს კითხვები სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით.
„ძალიან ბევრი კითხვაა. ერთი ის, რომ თუკი ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგომის მშენებლობა ანაკლიის პორტს ხელს არ უშლიდა, მაშინ რატომ გააუქმეს? ძალიან მიამიტი უნდა იყო და ძალიან სერიოზული არაპროფესიონალი, არ გესმოდეს, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ფოთის პორტში ანალოგი მშენებლობის შემთხვევაში ეჭვქვეშ დგება და შესაბამისად, ინვესტორები უარს აცხადებენ პროექტზე. რა დიდი არითმეტიკა უნდა ამას? ეს იყო პირდაპირი საბოტაჟი. ბოლობოლო უნდა დაეცადათ, სანამ ანაკლია აქტიურ ფაზაში გადავიდოდა და ამის შემდეგ, კი ბატონო, რაც უნდა ის ეკეთებინათ. რადგან ეჭვია, რომ საბოტაჟია, ეს გამოსაძიებელია. გამოსაძიებელია დამკვეთი ვინ იყო და ვის ინტერესში მოქმედებდა ჩინოვნიკი და ვისგან ჰქონდა გარიგება, რომ ეკონიმიკის მინისტრმა არ იცოდა? რა თქმა უნდა ის, რომ ერთი თვე მინისტრმა არ იცოდა და სახელმწიფო უწყების დეზორგანიზაციაა, ეს ცალკე უბედურებაა. ჩვენთან ინსტიტუციური წესრიგი აბსოლუტურად მოშლილია და ზოგჯერ სტატუსს გარეშე ადამიანი გაცილებით გავლენიანია, ვიდრე ჩინოვნიკი, "- აცხადებს ხუხაშვილი.
ამ ამბის ქრონოლოგია ასეთია: 29 მაისს ფოთის პორტის მფლობელმა კომპანიამ და ფოთის მერიამ გაასაჯაროვეს ეკონიმიკის მინისტრის 2 მაისს გამოცემული ბრძანებულება #77-4, რომელიც ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვას ეხებოდა და მინისტრს მადლობა გადაუხადეს. ამის შემდეგ ატყდა დიდი ხმაური. ანაკლიის პორტის კონსორციუმმა დაწერა, რომ ხელისუფლების თამაში შოკისმომგვრელია და საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. ამასთან ითქვა, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება. უმწვავესი რეაქცია ჰქონდა მამუკა ხაზარაძესაც, რომელმაც დაწერა, რომ ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა.
შემდეგ „ოცნებიდან" გაკეთდა განცხადებები, რომ ორი ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნისთვის კარგია და აქ პანიკის ასატეხი არაფერია. შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლებას ბრალი დასდო იმაში, რომ მთავრობას ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება სურს, რადგან ფოთის პორტში ინტერესი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენს ვანო ჩხარტიშვილს აქვს, ამ გადაწყვეტილებით კი ანაკლიის პროექტს დიდი ზიანი მიადგა.
ამის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ნებართვა მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა კანონდარღვევით, შესაბამისად ბრძანება გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გათავისუფლებული.
თურნავამ ასევე თქვა, რომ სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ, გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებლად იმოქმედა და ის არავისთან შეუთანხმებია, მათ შორის არც მინისტრთან.
მინისტრის ანაკლიის კონსორციუმის კრიტიკასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ პროექტს ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს და მას მხოლოდ მისი ინვესტორების მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები აფერხებს.
ამ განცხადების შემდეგ ფოთის მერიამ ინფორმაცია შეცვალა და ამჟამად განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრძანების ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოა და არა მინისტრი.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ერთ, თურნავას განცხადება არადამაჯერებელია, რადგან ერთი სააგენტოს ხელმძღვანელი ასეთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა და მეორეც, თუკი მინისტრისგან დამოუკიდებლად ხდება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ჩუმად მიღება დაბალი რანგის ჩინოვნიკის მიერ და ამის ერთი თვით დამალვა, ეს პრობლემაა და მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობას ქვეყნის მართვის უნარი არ გააჩნია.
კითხვები აქვს "ოცნების" დეპუტატს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ რომან კაკულიას, რომლის თქმით, შეცდომა დაშვებულია, დამაჯერებლობა აკლია იმ განცხადებასაც, რომ ამგვარ გადაწყვეტილებას სსიპ-ის ხელმძღვანელი იღებს ისე, რომ ამის შესახებ მთავრობამ არაფერი იცის. მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში 7 ივნისს უნდა მივიდეს და ამ „სიურპრიზის" უკან რა დგას, ამ თემაზე ბევრ კითხვა დაისმევა.