„კეთდებოდა განცხადებები, რომ თურნავა არის ის მინისტრი, რომელიც ქვეყანაში დინამიკას შექმნიდა, არადა ვხედავთ, რომ თურნავა არა თუ დინამიკას, არამედ ძლივს დაწყებული საქმეების შემაფერხებელიც კი აღმოჩნდა, რადგანაც ის ემსახურება კონკრეტული დაჯგუფებების ინტერესებს და შესაბამისად არ აინტერესებს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. არცერთი თავმოყვარე მინისტრი არ გააკეთებდა იმ განცხადებას, რაც თურნავამ გააკეთა,"- აცხადებს „ქართლი ოცნების" ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.
„რეზონანსი": ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გაცემულმა და შემდეგ გაუქმებულმა განკარგულებამ დიდი ქაოსი წარმოშვა. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ნებართვა მისგან მალულად გასცა სსიპ-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ კაკაურიძემ და 28 დღეა ეს ამის შესახებ არაფერი იცის. საბოლოდ კაკაურიძე გაათავისუფლეს და ნებართვა გააუქმეს, თუმცა რამდენად დამაჯერებელია ეს?
დავით ჭიჭინაძე: ეს განცხადება იმდენად დაუჯერებელია, რომ საბავშვო ბაღის დონის განცხადებაა და ამას მინისტრმა რომ დააყოლოს, დედას ვფიცავარ, მართლა არ ვიცოდი-ო, შეიძლება ცოტა მეტი დამაჯერებლობაც მიეცეს. ასეთი განცხადებით ინვესტორებთან ყველანაირ ნდობას ვკარგავთ.
დაუჯერებელია, რომ ეკონომიკის მინისტრმა არ იცის, რომ ქვეყანაში 250 მილიონი დოლარი უნდა ჩაიდოს, როცა ამის შესახებ იცის მთელმა ფოთმა და დიდი მოლოდინიც იყო ფოთში, რომ სამუშაო ადგილები და ფული გაჩნდებოდა.
დღეიდან ფოთს აღარავინ გაეკარება, პლუს დაზიანდა ანაკლია, რომელიც არ არის კომერციული პროექტი, უფრო პოლიტიკური პროექტია. ვხედავთ, რომ ამ ვიწრო, ერთმანეთში დაპირისპირებას ეწირება, როგორც პოლიტიკური პროექტი, ისე ეკონიმიკური პროექტიც.
„რ": რა დაპირისპირებაზე საუბრობთ თქვენ? ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილის ინტერესია ანაკლიის პორტის ჩაძირვა და ფოთის პორტის განვითარება. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
დ.ჭ: არ ვიცი. თუ ჩხარტიშვილი ასე აშშ-ს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს უპირისპირდება და მათი ამხელა განცხადებების შემდეგ ამის უნარი შესწევს, მაშინ ჩხარტიშვილი ყოფილა ამ ქვეყანაში ყველაფერი. ეკონომიკური თვალსაზრისით ანაკლიის პროექტის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა იყო, მაგრამ, ბოლოს დავინახეთ, რომ ამ პროექტს სტაბილურობის მომტანი პოლიტიკური, რეგიონალური დატვირთვა ეძლევა და ამ პროექტთანაა დაკავშირებული გარკვეული გავლენები შავ ზღვაზე.
ეს დაადასტურა აშშ-ის წარმომადგენელმა უკრაინაში კურტ ვოლკერმა, როდესაც თქვა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა მათთვის ძალიან საინტერესოა. ასევე რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თქვა, რომ ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანია შავ ზღვაში ბალანსის შესანარჩუნებლად.
„რ": ვისი ინტერესი იყო ანაკლიის პროექტის დაზიანება, ან რატომ დაიხია უკან ეკონომიკის სამინისტრომ?
დ.ჭ: ანაკლის პორტმა უნდა მოიზიდოს ახალი ტვირთები, საუბარია 9 მილიონ ტონა ტვირთებზე, რაც ფოთის პორტს უპირისპირდება კონკურენციის თვალსაზრისით. ფოთის პორტში მხოლოდ ინვესტორის ფულია, ეკონიმიკური გათვლით, ეტყობა, ფოთის პორტი ბევრად უფრო მომგებიანია თავისი ბიზნეს გეგმით, ვიდრე ანაკლიის პორტი, რადგან იქ სახელმწიფოს უწევს რაღაც გარანტიების მიცემა და ამას თხოულობენ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტები.
მე ვთვლი, რომ რადგანაც ასეთი მძლავრი წნეხია ანაკლიის პორტის აშენებაზე, კონსტიტუციაშიც გვიწერია ეს და სახელმწიფომ უნდა იტვირთოს რაღაც გარანტიები, ამიტომ გადაწყვიტეს ალტერნატიული ეკონომიკური პროექტი, რომელიც მოგებას მოუტანდათ, მაგრამ ვხედავთ, რა შედეგიც მოჰყვა. მოხდა ის, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ფოთის პორტის პროექტი, რომლის შესახებ დადგენილებები ჯერ კიდევ წლების წინ არის გამოცემული და ეს იდეა სამინისტროში დიდი ხანია ტრიალებს, მთელი ფოთიც ზეიმობდა ამას, ბანერიც კი იყო დამზადებული, ჩაშალეს. შესაძლებელი იყო ნორმალურად დალაგებულიყო ყველაფერი, მაგრამ ხალხის ინტერესები უკუაგდეს და ახლა მოძებნეს ადამიანი, ვისაც ხელები შეაწმინდეს. ამ ქმედებით ქვეყანამ რეპუტაცია დაკარგა და ინვესტიციების ჩადებასაც არავინ მოინდომებს. ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ბევრ კითხვას აჩენს. პანკისში ჩვენ ვნახეთ, რომ 7 მილიონი ღირებულების ინვესტიციის გამო ინვესტორის ინტერესებს როგორ იცავდა ხელისუფლება მთელი პოლიციის და სპეცრაზმის დახმარებით და აქ, ფოთში 250-მილიონიანი ინვესტიცია კი უცებ შეცდომად აღიარეს და ადამიანი მოხსნეს. ამის შემდეგ ვინ ჩადებს ფულს?
ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული კითხვის ნიშანი დაუსვა „ქართულმა ოცნებამ".
„რ": თვენახევარია ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრია და ორი დიდი პრობლემა უკვე შექმნა, ერთი პანკისში, როცა სპეცრაზმის შეიყვანა მცირე ჰესის აშენების გამო და მეორე ახლა, როცა ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ნებართვის გაცემა რიგით ჩინოვნიკის შეცდომად გამოაცხადა. რას უნდა ველოდოთ მისგან?
დ.ჭ: კეთდებოდა განცხადებები, რომ თურნავა არის ის მინისტრი, რომელიც ქვეყანაში დინამიკას შექმნიდა, არადა ვხედავთ, რომ თურნავა არა თუ დინამიკას, არამედ ძლივს დაწყებული საქმეების შემაფერხებელიც კი აღმოჩნდა, რადგანაც ის ემსახურება კონკრეტული დაჯგუფებების ინტერესებს და შესაბამისად არ აინტერესებს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა.
არც ერთი თავმოყვარე მინისტრი არ გააკეთებდა იმ განცხადებას, რაც თურნავამ გააკეთა. მან ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს, რითიც ყველაზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული ეკონომიკის მინისტრი, ხაზი გადაუსვა.