უკრაინაში სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული გიორგი სამუშია დააკავეს. საქართველოს მიერ ძებნილი გიორგი სამუშია ბორისპოლის აეროპორტში ჩაფრენის მომენტშივე დააპატიმრეს. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მან უკრაინაში ვიზიტის მიზნად ახლობლის მონახულება დაასახელა. ერთ-ერთი ვერსიით, სამუშია სამხედრო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანთან, შინაპატიმრობაში მყოფ მეგის ქარდავასთან შეხვედრას გეგმავდა.
მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს შეცვლილი გარეგნობით, შეცვლილი ვინაობით და ყალბი დოკუმენტაციით დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქარდავას დაკავების მომენტში ხუთი სხვადასხვა ქვეყნის პასპორტი აღმოაჩნდა, მათ შორის ერთი – საქართველოსი, ორი – უკრაინის, ერთი – ლატვიის და ერთიც – ბელიზის. მას 2019 წლის ნოემბერში საექსტრადაციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.
რაც შეეხება თავად გიორგი სამუშიას, ის 2019 წლის თებერვალში ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზეც გამოჩნდა. სამუშია ტელეკამერებმაც დააფიქსირეს, რასაც მისი გაღიზიანება მოჰყვა.
„გიორგი სამუშიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო2015 წლის 11 დეკემბერს და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა, თუმცა საპატიმრო 9 თვიანი ვადის ამოწურვამდე სამუშიას სასამართლომ შეუცვალა აღკვეთის ღონისძიება,შეუფარდა გირაო და დამატებითი ღონისძიების სახედ განესაზღვრა პასპორტის ჩამორთმევა. სამუშიამ მოტყუებით, თითქოსდა დაკარგა პასპორტი, საჯარო რეესტრში მოითხოვა ახალი პასპორტის დამზადება, რომლის გამოყენებითაც დატოვა საქართველოს ტერიტორია, რის გამოც მის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. სამუშიასთან ერთად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და წამების საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალდების საქმე წარმართულია სასამართლოში და მიმდინარეობს არსებითი განხილვა" - აცხადებენ პროკურატურაში.