„ვისაც უნდა დარბაზს დატოვებს, ძალით არავინ არავის დაიჭერს. კითხვები დასვეს და პასუხებს აღარ მოუსმინეს - ეს მათი საქმეა, არ არის მნიშვნელოვანი," - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ყოფილი თანაპარტიელების, ლევან გოგიჩაიშვილისა და გედევან ფოფხაძის მხრიდან პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვებას, სადაც ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს უსმენენ.
ქანთარიას განცხადებით, ის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც პრემიერ-მინისტრს უსმენენ, შესაცვლელია. მისი თქმით, მსგავსი სხდომები უკვე პოლიტიკურ მასკარადს ემსგავსება.
„მთავარი ის არის, რომ ინტერპელაციის წესი დასახვეწია, რადგან ყოველ ორ თვეში ერთხელ პრემიერის მოსვლა, მინიმალურ დროში გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ პოლიტიკურ მასკარადს ემსაგვასება. უნდა შეიცვალოს ეს წესი, დაგროვდეს საკითხები და კვარტალში ერთხელ მთელი დღის განმავლობაში იყოს კითხვებზე პასუხი გაცემული, ასევე უნდა იყოს პოლიტიკური დებატებიც.
„ყოველ ორ თვეში - ეს არაფრის მომცემი მგონია, არც საზოგადოებისთვის და არც კითხვის დამსმელებისთვის. რა კითხვებიც დაუსმეს, პრემიერმა პასუხები გასცა, მაგრამ მისი აქ მოსვლა და შემდეგ ოპოზიციის მხრიდან მასკარადისა და ღრიანცელის მოწყობა მიუღებელია. კითხვის დამსმელებს ეს ნაკლებად აინტერესებდათ. უფრო სურდათ გარკვეულწილად თავის გამოჩენა.
„ამ რეგლამენტში ცვლილებები ნამდილად განსახორცილებელია. მანამდეც ვთქვით, რომ დაიწყება პოლიტიკური მასკარადი-მეთქი და დაიწყო კიდეც," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ცნობისათვის, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ, პროტესტის ნიშნად დატოვეს.
გოგიჩაიშვილის თქმით, ქვეყნის პრემიერი არ საუბრობს რეალურ გამოწვევებზე და მისი დღევანდელი გამოსვლა სადღეგრძელოებს გავს.