თამარ შუკვანი
31.05.2019

 „ოპოზიციის როლი უბიძგებს თვითონ ადამიანს უფრო მეტი რადიკალურობისკენ. ადამიანს, როდესაც მასწავლებლის როლი აქვს, ჭკუის დარიგება უყვარს, როდესაც პოლიციელი როლი აქვს, აგრესიული ხდება და ა.შ. ასე რომ, მათ აიღეს როლი ოპოზიციისგან და მოქმედებენ ისე, როგორც ოპოზიციას შეეფერება საქართველოში," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატების დღევანდელ კრიტიკულ განცხადებებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მისამართით.

დღეს პარლამენტში პრემიერ-მინიტრის გამოსვლისას მმართველი გუნდის ყოფილი წევრები საკმაოდ მწვავე და რადიკალური განცხადებებითა და ქცევებით გამოირჩეოდნენ. მაგალითად, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმედნენ, პროტესტის ნიშნად დატოვეს. გოგიჩაიშვილის თქმით, ქვეყნის პრემიერი არ საუბრობს რეალურ გამოწვევებზე და მისი დღევანდელი გამოსვლა სადღეგრძელოებს ჰგავს.

ხოლო „ქართული ოცნებიდან" გარიცხულმა დავით ჭიჭინაძემ პრემიერ-მინისტრს ასე მიმართა: „მინდა პრემიერ-მინისტრს რიტორიკულად ვკითხო, როდის დატოვებს თანამდებობას? - დაისვენოს თვითონ, დაასვენოს ქვეყანა, დაასვენოს ხალხი". მისი თქმით, ქვეყანას ეტყობა, რომ პრემიერ-მინისტრი არ ჰყავს.

რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ოპოზიცია თავს ვალდებულად თვლის მმართველი გუნდი ყოველთვის აკრიტიკოს:

„ყოველთვის ყველგან ასე იყო, განსაკუთრებით ემოციურია-ხოლმე ყველაფერი საქართველოში. ოპოზიცია თავს ვალდებულად თვლის, რომ აკრიტიკოს. ხელისუფლების რომც მოსწონდეს რაიმე, მაინც გააკრიტიკებს," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×