„არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია ახლო პერიოდში გაიზრდება", - განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში. თუმცა პრემიერს არ აქვს პასუხი, ერთი წლის წინ მიღებულ ამ „შავ სიაში" ამ დრომდე რატომ არ არის შეყვანილი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის თუნდაც ერთი წარმომადგენელი.
ეს იყო ერთ-ერთი თემა, რაზეც კრიტიკული შეკითხვა დაუსვა „ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში დაბარებულ პრემიერ-მინისტრს.
როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, ერთი წელი გადის ამ სიის შექმნიდან და გაუგებარია ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ არიან სიაში შეყვანილები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, საოკუპაციო რეჟიმის მსახურები და წევრები, მაგალითად მაშინ, როცა ყველასათვისაა ცნობილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ამსახველი კადრები, სადაც რუსი სამხედროებიც ჩანან. ასევე რატომ არ არის სიაში ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილე რუსული ბაზის რამდენიმე სამხედრო პირი.
„თქვენი ციტატაა, რომ „ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი მოხვდება". ასევე თქვენი ციტატაა, რომ „არა მარტო უშუალო შემსრულებლები, არამედ ამ სიაში მოხვდებიან ის ადამიანებიც, რომლებმაც დამნაშავეებს ხელი დააფარეს". თქვენვე, მათ შორის, ამბობდით, რომ იქნებიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც...
„კითხვაა, რუსეთის ფედერაციის რამდენი მოქალაქე, საოკუპაციო რეჟიმის წევრი შეიყვანეთ ბოლო ერთ წელიწადში ამ სიაში? კონკრეტულად, სახელები და გვარები და რამდენი? და თუ არ შეგიყვანიათ, რატომ?" - ჰკითხა კაპანაძემ ბახტაძეს.
პრემიერ-მინისტრმა საპასუხოდ განაცხადა, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" ადამიანების „გულის მოსაფხანად" დამატება შედეგს არ მოიტანს და სიას მაღალი სტანდარტი უნდა ჰქონდეს, რომ შედეგი მოიტანოს.
„ამ სიაში ჩვენ შეგვიძლია შევიყვანოთ ადამიანები, რომლებიც არიან ბრალდებული ან მსჯავრდებული. ვისი მოქალაქეა რა მნიშვნელობა აქვს? თუ მას აქვს სასტიკი დანაშაული ჩადენილი ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ის უნდა იყოს შესული. სტანდარტი მსჯავრდებულის ან ბრალდებულის უნდა იყოს ძალიან მაღალი. რატომ, რისთვის გვინდა, რომ გული მოვიფხანოთ პოლიტიკურად და რეალურად მერე იმპლემენტაციის საშუალება არ მივცეთ ჩვენს მეგობრებს? ჩვენ ხომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა გვჭირდება იმისთვის, რომ მოხდეს ამის რეალურ ცხოვრებაში გატარება", - განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში არის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მოხდება ამ სიის გაფართოება.
„ბოლო დღეების განმავლობაშიც მქონდა კონსულტაცია შესაბამის ორგანოებთან და გიდასტურებთ, რომ არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ეს სია ახლო პერიოდში გაიზრდება. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ყველას უნდა გვესმოდეს რა არის ამ სიის მიზანი. ჩვენ უნდა გვქონდეს ბრალდების უმაღლესი სტანდარტი, რომ ჩვენს მეგობრებს ჰქონდეთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ სიის რეალურ ცხოვრებაში იმპლემენტაციაში დაგვეხმარნონ. ამას აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა ბახტაძემ.
2018 წლის 21 მარტს პარლამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ" რეზოლუცია მიიღო. 26 ივნისს კი სია გამოქვეყნდა, სადაც შეყვანილია 33 ადამიანია -ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც მხილებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილ დანაშაულობებში, როგორიც არის მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულებების დაფარვა. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის აღსრულება იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაევალათ.
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ეს შავი სია ყოველდღიურად უნდა იზრდებოდეს და იმის საშუალება, რომ სიაში ბევრი დამნაშავე ჩაიწეროს, რასაკვირველია არის.
„რასაკვირველია, სიაში რუსებიც უნდა იყვნენ. ორი აზრი არ არსებობს, რომ ვინც ქართველებს აპატიმრებს, კლავს და ა.შ., ყველა უნდა იყოს ამ სიაში. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგალითად, დაახლოებით 15-20 კაცის ვინაობა უნდა იყოს ცნობილი, ვინც მონაწილეობდა ტატუნაშვილის მკვლელობაში. უფრო სწორად, ვინც იმ მომენტში იქ ტრიალებდა. ყველა ეს ადამიანი ამ სიაში უნდა იყოს.
„თუმცა ეს სია საერთაშორისო სივრცეში გადის და ვფიქრობ, რომ საერთაშორისო სამართლებრივი სტრუქტურებიდან ინტრიგანის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ ვის რა კონკრეტული დანაშაული მიუძღვის, ჩვენგან პასუხი უნდა იყოს სრულყოფილი და არგუმენტებით გაძლიერებული.
„აქედან გამომდინარე, შესაძლოა პრემიერის პასუხში ეს ჩანდა, რომ კონკრეტული დანაშაულზე მტკიცებულებების გამყარება მიმდინარეობს და ეს იგულისხმა მაღალ სტანდარტში.
„არსებობს მეორე გზაც - რომ საოკუპაციო ჯარის ხელმძღვანელობა, სპეცსამსახურების ხელმძღვანელობა, რომელთა გვარები სავარაუდოდ ცნობილია ჩვენი სპეცსამსახურებისთვის, ყველა უნდა შევიყვანოთ სიაში, ყველა, ვინც ბრძანებას გასცემდა, მათ შორის პუტინი და მედვედევი, რაც ერთგვარი დილემაა," - ამბობს არეშიძე.