ეკატერინე ბასილაია
31.05.2019

 რუსული „უკვდავი პოლკი“ 9 მაისს თბილისში ჭავჭავაძეზე, ბათუმში, გორსა და ახალციხეში; 26 მაისს რუსული დროშები ბათუმში საბავშო ფესტივალზე და ახლა უკვე პიონერის ყელსახვევები ახალციხის სკოლაში - ბოლო ერთ თვეში ქვეყანაში რუსული და საბჭოთა სიმბოლოებით გამოსვლა ძალიან გააქტიურდა.

27 მაისს, ახალციხეში, მე-5 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს ზეიმზე თეთრ მაისურებზე  წითელი ყელსახვევები ეკეთათ და ფოტოების „ფეისბუქსა“ და ადგილობრივ მედიაში გავრცელების შემდეგ ამ ფაქტს დიდი აღშფოთება მოჰყვა.

კლასის დამრიგებელიც და სკოლის დირექტორიც ადგილობრივ გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებენ, რომ 27 მაისს „ანბანის გაცილების“ ღინისძიება იყო, ამიტომ ბავშვები საქართველს დროში ფერებით გამოაწყვეს და საბჭოთა სიმბოლიკასთან მოსწავლეების ჩაცმულობას კავშირი არ აქვს. 

მიუხედავად ამ განმარტებებისა, საზოგადოების ნაწილი და იურისტები აცხადებენ, რომ რაც არ უნდა სხვა ჩანაფიქრი ყოფილიყო, წითელი ყელსახვევი საბჭოთა პიონერის სიმბოლიკაა და ეს საქართველოს კანონდმებლობით აკრძალულია.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მოკვლევას ჩაატარებენ. ამასთან, სამინისტრო მოუწოდებს სკოლის ყველა დირექტორსა და პედაგოგს, ყურადღებით მოეკიდონ მსგავს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებს.

„ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ რუსული რბილი ძალის აქტიურობა საქართველოში არის, მაგრამ ახალციხის სკოლის ერთი კონკრეტული შემთხვევაზე დიდი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ.

„ყველა ფაქტის, 9 მაისზე გამოსვლას, 26 მაისის და სკოლის ამ ამბის ერთმანეთთან დაკავშირება შეიძლება არ ღირდეს. ეს რაღაც კონკრეტული შემთხვევაა. განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო და დადგინდება რა მიზნით მოახვიეს ბავშვებს წითელი ყელსახვევები. მოკვლევა დაადგენს, პიონერის ფიცი დაადებინეს, რამე იყო მიმანიშნებელი ამის კომკავშირულ-პიონერული თუ რა მოხდა, თუ ეს იყო ქართული დროშის ატრიბუტიკა.

„ეს დადგინდება და არ მგონია, რომ ამაზე ძალიან დიდი აჟიოტაჟი უნდა ავტეხოთ. პირიქით, ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, ყველაფერი კანონის ფარგლებში დადგინდეს და ამის გაპიარება არ არის კარგი,“ - ამბობს ქანთარია.

მისივე თქმით, რუსული რბილი ძალა ახლა უფრო უკრაინისკენაა გადართული.

„რუსული რბილი ძალა სხვანაირადაც გააქტიურდება და თუ ეს არის ამის გამოვლენა, ეს არის რაღაც პატარა ნაწილი. აქტიურობა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ახლა რუსეთს მაინც უფრო უკრაინისკენ აქვს გეზი, თუმცა ეს იმას მაინც არ ნიშნავს, რომ ჩვენ აქ მოდუნებული უნდა ვიყოთ. პირველ რიგში, ეს იქნება რაღაც პროვოკაციები და სწორედ ამ პროვოკაციებზე არ ღირს ახლა აჟიოტაჟი. ჯერ ანალიზი უნდა იყოს ზუსტი. 

„მე ვფიქრობ, რომ ამ რუსულ რბილ ძალას ცნობიერების ამაღლებით და საგანმანათლებლო მუშაობით უნდა შევეწინააღმდეგოთ და ამაში დიდი როლი უნდა ჰქონდეს მედიას, პირველ რიგში საზოგადოებრივ მაუწყებელს,“ - მიიჩნევს ქანთარია.

ჯიპა-ს პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძის თქმით, რაც საქართველოში ხდება, ეს თავად საქართველოს მოსახლეობის პასიურობის და უგუნურების.

„რაც საქართველოში ხდება, ეს არ არის მარტო რუსული რბილი ძალა, მოდით ვთქვათ, რომ ჩვენი მხრიდან ამას უპირისპირდება უგუნურება, პასიურობა და ა.შ. პირველ რიგში ჩვენ თავსაც უნდა მოვკითხოთ. ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოება მიძინებულია. საზოგადოებამ გაიღვიძა რატომღაც მაინცდამაინც დავით გარეჯის თემაზე, მაშინ, როცა რუსები წევენ საოკუპაციო ხაზს ყოველ დღე და ამაზე არ იღვიძებს. რაღაცაშია საქმე და ჩემი აზრით, ეს სერიოზული გამოსაკვლევი თემაა. 

„ხელისუფლებასაც სძინავს, ხელისუფლება ძირითადად ოროსნებითაა დაკომპლექტებული და ასე ვიღებთ ამ შედეგს. 

„ახალციხის სკოლაში რამდენად იმუშავეს რუსებმა, ეს არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში საზოგადოებაც მიძინებულია და მთავრობაც. მთავრობამ უნდა გაიღვიძოს, მაგრამ არ უნდა. შეიძლება ეშინია, ასევე შეიძლება  მთავრობის ნაწილი მართლა მუშაობს რუსეთზე და ა.შ.“ - აცხადებს შარაშენიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×