თამარ შუკვანი
31.05.2019

 „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები, შსს-ს თხოვნისა და გაფრთხილების მიუხედავად, გეგმების შეცვლას არ აპირებენ. მათი თქმით, დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარების დრო და ადგილი არ შეიცლება. „ქართულ მარში“ კი აცხადებს, რომ მათ ამის საშუალებას არ მისცემს.

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მაღალი რისკების გამო, 18-23 ივნისს „თბილისი პრაიდი“ დაგეგმილ ღონისძიებას ვერ ჩაატარებს. სანაცვლოდ გამოხატვის სხვა შესაძლებლობა და ალტერნატივა შესთავაზა, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის. თუმცა აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მიუხედავად აკრძალვისა, კვირეული მაინც გაიმართება. ხოლო სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით მიმართავენ, რადგან, მათი თქმით, აქციისა და მანიფესტაციის გამართვის უფლება შეილახა.

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას არ დაუშვებს. მისი თქმით, ამ ღონისძიების ორგანიზატორების მიზანი ქვეყანაში არეულობის შექმნაა.

„შსს-ს პოზიცია სრულიად ადეკვატურია - გეი პრაიდის ორგანიზატორებს მართებულად აუხსნეს იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც შეიძლება აქედან მომდინარეობდეს. გასაგებია, რომ რადიკალურად „ქართული მარში“ გამოდის მათ წინააღმდეგ, თუმცა ქართველი ერი მაინც არ დაუშვებს გეი აღლუმის ჩატარებას - ეს უნდა იცოდნენ ამ აქციის ორგანიზატორებმა.

„შსს-მ ალტერნატიული გზები შესთავაზა. მათ რომ უნდოდეთ ამ პრაიდის მშვიდობიანად ჩატარება, ამას გაითვალისწინებდნენ. როგორც მე ვიცი, უმცირესობის ძალიან დიდი ნაწილი ასეთი ფორმით ამ პრაიდის ჩატარებას ეწინააღმდეგება, მაგრამ ეტყობა პრაიდის ორგანიზატორებს უნდათ, რომ რაიმე არეულობა მოხდეს ქვეყანაში და სწორედ ამიტომაც არ ითვალისწინებენ არავის მოთხოვნას.

„არაფერ შუაში არ არის უმცირესობის უფლებების დაცვა. მათ მიზანს პროვოკაციის მოწყობა წარმოადგენს იმისათვის, რომ შემდეგ ამ პროვოკაციის საფუძველზე დაფინანსება, რომელიც მათ მოსდით, უფრო სოლიდური გახდეს,“ - აღნიშნა ბრეგაძემ.

მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი „თბილისი პრაიდის“ მსვლელობის გამართვის მცდელობა იქნება, „ქართული მარში“ ყველა ცენტრალურ ქუჩას დაიკავებს და აქციის ორგანიზატორებს მსვლელობის გამართვის საშუალებას არ მისცემს.

„თუკი ეს ადამიანები პროვოკაციაზე მაინც წამოვლენ, მაშინ ჩვენ აბსოლუტურად მშვიდობიანად დავიკავებთ თბილისის ყველა ცენტრალურ ქუჩას და ამ ქუჩაზე ლოცვას დავიწყებთ. ლოცვის დროს ჩვენ ყველანაირ ძალადობას გამოვრიცხავთ, მაგრამ აღლუმს ნამდვილად ვერ ჩაატარებენ. 

„ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ნახევარ მილიონ ადამიანს, რომელიც შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს გეი პრაიდის ჩასაშლელად. როდესაც ადამიანებთან პირდაპირ პროვოკაციაზე მიდიხარ, ამ დროს შესაძლოა ნებისმიერი რამ მოხდეს, რაც ჩვენთვის მიუღებელია. პროვოკაციის საშუალებას ქართველი არავის  მისცემენ. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ გეი აღლუმი ჩატარდეს,“ - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×