„მან ჩათვალა, რომ უმჯობესია კარიერა უზენაეს სასამართლოში გააგრძელოს. ეს რა რისკებს აჩენს, სხვა საკითხია," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი ლევან ალაფიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის ყოფნას.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით მოქმედ სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს გაასაჯაროვა, გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის და მისი პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის გვარებია წარმოდგენილი.
ალაფიშვილის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობის უვადოდ დაკავება უფრო მომხიბვლელად ჟღერს, ვიდრე რამდენიმე წლით მთავარი პროკურორის პოსტზე ყოფნა. შესაბამისად, მისი თქმით, თადუმაძე მზად არის დაკავებული თანამდებობა დატოვოს.
„პოლიტიკური ლოიალობის, ნდობის და მიუკერძოებლობის კითხვის ნიშნები, ბუნებრივია, გადაყვება. მუდმივი მოსამართლეობა და უფელბამოსილება უმაღლეს სასამართლოში არის ის ხიბლი, რომლის გამოც სავარაუდოდ მიღებულია გადაწყვეტილება და მთავარი პროკურორი არის კანდიდატი სხვა დანარჩენ 139-ზე მეტ კანდიდატთან ერთად," - აღიშნა ალაფიშვილმა.
ამასთანავე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით მოქმედ სიაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის ზაზა თავაძის გვარიც არის.
ალაფიშვილი აცხადებს, რომ თავაძეს უახლოეს პერიოდში უფლებამოსილების ვადა ეწურება. შესაბამისად, მისთვის უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობის დაკავება მომგებიანი იქნება, რადგან, მისი თქმით, ვადის ამოწურვის შემდეგ მას, ფაქტობრივად, გაურკვეველი პერსპექტივა აქვს.
„იმისათვის, რომ კანდიდატად წარადგინო დოკუმენტაცია, ამ მხრივ რაიმე შეზღუდვა არ არსებობს, შემდგომ ეტაპზე არ ვსაუბრობ. სიაში არიან კიდევ სხვა ადამიანები, იგივე საკონსტიტუციო სასამართლოდან, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ისინი, თუნდაც განაცხადის წარდგენით, მზად არიან მოღვაწეობა უზენაეს სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე გააგრძელონ.
„მათ გამოთქვეს სურვილი უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ და თავიანთი კარიერა ამ მიმართულებით გააგრძელონ, თუკი მოიპოვებენ პარლამენტში მხადაჭერას. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ არიან თანახმა შეწყვიტონ თავიანთი საქმიანობა იქ, სადაც ახლა არიან.
„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მალე გასდის უფლებამოსილების ვადა და შესაბამისად, რატომაც არა?.. მან შესაძლოა ტაქტიკურად აირჩია ის, რომ უვადოდ მოსამართლეობა უკეთესი იქნება, ვიდრე ის პერსპექტივა, რაც უახლოეს პერიოდში შეიძლება ჰქონდეს - ვადის ამოწურვის შემდგომ გაურკვეველი პერსპექტივა," - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.