„შავგულიძის გამარჯვების შემთხვევაში გამოჩნდება, რომ აქილევსს ქუსლი აქვს - სუსტი წერტილი აქვს, რომლითაც შეიძლება ის დაამარცხო. არჩევნები ოპოზიციისთვის მუდმივად ამ აქილევსის ქუსლის ძიებაა. ეტყობა ვერ არტყამენ იმ ქუსლში და ამიტომაც ბრძოლა, სუსტი წერტილის პოვნა, გრძელდება," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე 9 ივნისს გასამართ შაულედური არჩევნების მეორე ტურის შესახებ საუბრისას.
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება; მთაწმინდის ოლქის არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს - „ქართული ოცნებიდან" ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე, რომელიც „ევროპულმა საქართველომ" და „თავისუფალმა საქართველომ" წარადგინეს.
საყვარელიძის განცხადებით, კახაძის გამარჯვების შემთხვევაში არაფერი შეიცვლება, - იგივე მდგომარეობა შენარჩუნდება, რაც 2012 წლის შემდეგ დღემდე არსებობს. ხოლო შავგულიძის გამარჯვების შემთხვევაში, მისი თქმით, ოპოზიციას სამომავლოდ მეტი შანსი გაუჩნდება.
„თუ კახაძემ გაიმარჯვა, პრაქტიკულად, იგივე მდგომარეობა იქნება, რაც აქამდე, 2012 წლის შემდეგ იყო. 2012 წლიდან ოპოზიცია ყველა არჩევნებში დამარცხდა და არც არაფერი შეუცლიათ. „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო „ევროპული საქართველო" და ეცადა უფრო აკადემიური პარტიის იერი შეეძინა, თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე დგება, „ნაცმოძრაობა" და „ევროპული საქართველო" ერთნაირ ნაბიჯებს დგამენ და ერთმანეთს მხარში უდგანან.
„კახაძემ თუ გაიმარჯვა, ალბათ არც არაფერი შეიცვლება. შავგულიძის შემთხვევაში, რაც ძალიან სათუოა, გაცილებით სათუაოა, ვიდრე ყველა სხვა არჩევნებში, რაც აქამდე წარმოებულა, ოპოზიციური ძალების მობილიზაცია დიდი იქნება და გაუჩნდებათ იმის რწმენა, რომ თუ ამ ხერხმა, მობილიზაციამ გაამართლა, ამას სხვაგანაც გამოიყენებენ," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.