საქართველოს გენერალური კონსული ბარსელონაში ქეთი გოგოლაშვილი „რეზონანსთან“ ინტერვიუში ესპანეთში შექმნილ სიტაუციაზე და თავშესაფრის მაძიებელ ქართველებზე საუბრობს. კონსულის თქმით, ესპანეთის ხელისუფლებამ ღიად განაცხადა, რომ ქართველებს პოლიტიკურ თავშესაფარს აღარ მიანიჭებენ და არც ე.წ. პროგრამები იქნება, რომელიც თავშესაფრის მაძიებლებს საცხოვრებელი ადგილით, დაზღვევით, კვებით და ფულით უზრუნველყოფენ.
გოგოლაშვილი აცხადებს, რომ თუ საქართველოდან მიგრაციის ნაკადი არ შეწყდა, გაჩნდება საფრთხე, რომ ესპანეთი უვიზო მიმოსვლას შეაჩერებს. მისი თქმით, ესპანელები გაკვირვებას ვერ მალავენ, როდესაც ქართველების დასახმარებლად, რომლებიც ამბობენ, რომ სამშობლოდან იდევნებიან, მათივე ქვეყნის კონსული მიდის.
გოგოლაშვილის ინფორმაციით, 2019 წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, 340 ოჯახი ჩავიდა და ესპანეთს თავშესაფარი სთხოვა, ამან კი ესპანეთის ხელისუფლებაში შეშფოთება გამოიწვია. მათ საქართველოს კონსული დაიბარეს და უთხრეს, რომ ასეთი ნაკადი ქვეყნიდან, სადაც ომი არაა, გაუგებარია. ამიტომაც მას მოსთხოვეს თანამოქალაქეებს აუხსნას, რომ ესპანეთის ხელისუფლება მათ არანაირი სახის თავშესაფარს აღარ მისცემს. თუმცა ქართველები ამ გაფრთხიელბას ყურად არ იღებენ და იქ ცხოვრებას ჯიუტად აგრძელებენ.
„რეზონანსი“: პირველ რიგში რამდენიმე დღის წინ ბარსელონას ერთ-ერთ სკოლაში დაკავებულ და შენობიდან გამოძევებული ქართველების მდგომარეობაზე რომ გვითხრათ, როგორ ახერხებთ მათ დახმარებას და სად იმყოფებიან ამ ჟამად?
ქეთი გოგოლაშვილი: 29 მაისს, დიდი ომის შედეგად, სკოლიდან გამოძევებული ქართველები წითელი ჯვრის ერთ-ერთო ჰოსტელის ტიპის თავშესაფარში დავაბინავეთ. როგორც გაგვაფრთხილეს, ეს იყო მხოლოდ ერთი დღით და კატეგორიულად გვითხრეს, რომ მეტს არაფერს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ჯერ კიდევ დატოვეს. თუმცა ვფიქრობ, რომ მათ მხოლოდ ორშაბათამდე გააჩერებენ, რადგანაც შაბათი-კვირა მოუწია.
ეს ნიშნავს, რომ მისცენ დრო, რათა მათ საცხოვრებელი ფართები თავად მოიძიონ და ქუჩაში არ დარჩნენ. თუმაც ჩვენს თანამემამულეებს ამის სახსრები რამდენად აქვთ, ვერ გეტყვით.
„რ“: ესპანეთის ხელისუფლება აღარ აფინანსებს პროგრამებს, რომლის მიხედვითაც მის ქვეყანაში ჩასულ მიგრანტს საცხოვრებელი პირობებით და კვებით უზურნველყოფდა?
ქ.გ.: დიახ, ნამდვილად ასეა. მე და საკონსულო ჩვენს მოქალაქეებს ვაფრთხილებთ, რომ ესპანეთის ხელისუფლებას აღარ აქვს იმის სახსრები, რათა ე.წ. პროგრამებში ჩასვას თავშესაფრის მაძიებლები. ეს კი იმას გულისხმობდა, რომ განცხადების დაწერის მეორე დღიდანვე აძლევდნენ საცხოვრებელ ფართს, დაზღვევას, ფულს, სკოლაში სიარულის და 6 თვის შემდეგ მუშაობის უფელბასაც, თუმცა ახლა გვითხრეს და გაგვაფრთხილეს, რომ ეს სახსრები ამოიწურა.
კი, ბატონო დაელოდონ თავის ინტერვიუებს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ, თუმცა საკუთარი თავის უზრუნველყოფა ესპანეთში თავადვე მოახერხონ. სამწუხაროდ, ზოგი აგვისტოში და ზოგიც სექტემბერში ელოდება პასუხს და მანამდე რა უნდა ქნან, რთული სათქმელია.
„რ“: ესპანურ მედიაში დაიწერა სტატიები, რომ ბარსელონას ერთ-ერთ სკოლაში მცხოვრები ქართველები ბინების ქურდობით და სხვადასხვა კრიმინალური საქმიანობით იყვნენ დაკავებული. ასევე ხშირად არის ხოლმე საუბარი მათ ე.წ. კანონიერ ქურდებთან კონტაქტზე. რამდენად სწორია ეს ინფორმაცი?
ქ.გ.: სამწუხაროდ, არიან ასეთები და იმ სკოლაშიც ნამდვილად იყვნენ. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ბოლო დროს არ გამიგია ასეთი ხალხი ყოფილიყო. პირველი სპეცოპერაცია როდესაც ჩატარდა, მაშინ თავად იქ მცხოვრები ქართველებიც ამბობდნენ, რომ ცოტათი დავისვენეთო, რადგანაც დაძაბულები იყვნენ. ახლა, როგორც ვიცი, ძირითადად ოჯახები ცხოვრობდა, თუმცა ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ.
„რ“: ქართველების კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობა რამდენად ხშირად ქმნის დისკომფორტს და ესპანეთის ხელისუფელბიდან თუ ყოფილა ამ კუთხით პრეტენზიები?
ქ.გ.: სამწუხაროდ, არის ხშირად ამაზე საუბარი და პრეტენზიები. ადრე მადრიდში ვიყავი და იქ ქართველების ჩართულობა კრიმინალურ საქმიანობაში უფრო ხშირი იყო. ბარსელონაში ნაკლებად არის. თუმცა, გეტყვით იმასაც, რომ ესპანურ მედიაში ქართველების შესახებ, სიუჟეტი იქნება ეს თუ სტატია, ერთი და იგივე ინფორმაციას ატრიალებენ. თვეების წინანდელი ინფორმაცია ყოფილა, რომელსაც იმ დღევანდელად ასაღებენ. დოკუმენტურ ფილმებს აკეთებენ ქართველებზე და ერთი და იგივე ინფორმაციას სხვადასხვაგვარად აჩვენებენ, თითქოს ახალია. ამიტომაც იქმნება ასეთი განწყობა.
„რ“: ბოლო დროს ძალიან ხშირია საუბარი იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარს ითხოვენ, გაზრდილია. როგორი სიტუაციაა ესპანეთში?
ქ.გ.: პოლიტიკური და ჰუმანიტარული თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, რაც მე მაქვს ინფორმაცია, ბოლო სამი წლის განმავლობაში შემდეგნაირია: 2017 წელს მხოლოდ ბარსელონაში 100 ადამიანამდე იყო, 2018 წელს 700-მდე გაიზარდა და 2019 წლის ინანვარში ჯერ მარტო 340 ოჯახი ჩამოვიდა. სწორედა ამან გამოიწვია კოლაფსი და ესპანურ მხარის პანიკა. ამიტომაც მთხოვდნენ, რომ მათ შევხვედროდი და ჩემი ქვეყნის მოქალაქებისთვსი ამეხსნა, რომ აღარ აქვს ესპანეთს სახსრები იმისთვის, რომ ისინი შეინახოს.
ამასთანავე მეუბნებიან, რომ არ არის საქართევლოში ომი და არც პოლიტიკურად იდევნება ხალხი, ამიტომაც გაუგებარია რატომ ითხოვს ამდენი მოქალაქე ესპანეთისგან თავშესაფარს. გამაფრთხილეს, რომ ისინი ქართველებს თავშესაფარს არ მისცემენ, რადგანაც ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს და არც მათ შენახვას აპირებენ.
„რ“: ასეთი დაკავებების დროს, როგორც წესი, ხშირად ისმის ხოლმე საკონსულოს მიმართ პრეტენზიები, რომ მათ ყურადღებას არავინ აქცევთ...
ქ.გ.: მე ჩვენს მოქალაქეებს ვხვდები, როდესაც აქ ჩამოდიან, სიტუაციას ვუხსნი და ვეუბნები აქ რა ელოდებათ. პასუხს კი მათგან ასეთს ვიღებ - თქვენ რა გინდათ, ჩვენს თავს თავადვე მივხედავთ.
ამ პროცესებში ჩემი ჩართულობა კი დიდი გაუგებრობას იწვევს. როდესაც სიტუაცია ბავშვებს ეხება, რა თქმა უნდა, იქ ანგარიშს არავის ვუწევთ და პირდაპირ პროცესებში ვერთვები.
თუმცა ესპანეთის მხრიდან ხშირად მეუბნებიან, რომ არ მაქვს უფლება იმ მოქალაქეებს დავეხმარო, რომლებიც ჩემს ქვეყანაში, როგორც თავად აცხადებენ, იდევნებიან და თავშესაფარს ითხოვენ. ანუ კონსული უნდა ეხმარეობოდეს, რომ უცხო ქვეყანაში მისი თანამოქალაქეები მიიღონ და თავშესაფარი მისცენ?
ბოლო დროს კი განსაკუთრებულად დაძაბული საუბარი მქონდა. პირდაპირ აგრესიული ტონით გამომიცხადეს, რომ რა უფლებით მივდივარ და სახელმწიფოს წარმომადგენელი ესპანეთს ვთხოვ შეიფაროს ის ხალხი, რომლებიც საკუთარი ქვეყნიდან გამოქცეულები არიან. პირდაპირ არა, მაგრმ ასეთი კონტექსტი გამოდის, რომ მე - კონსულიც ვიტყუები და ეს ჩემი ხალხიც მატყუარები არიან. ჩვენს ქვეყანაში არც ომია, პოლიტიკური ნიშნითაც არავის ავიწროვებენ, ჩამოდიან აქ, ესპანეთის ხარჯზე ცხოვრება უნდათ და მე - კონსული ამაში ხელს ვუწყობ.
ეს უხერხულობა არის. რა თქმა უნდა, ჩემი იქ ყოფნით უფრო საქმეს ვუფუჭებ და რეალურად ვამტკიცებ, რომ მათ სახელმწიფო არ ავიწროვებს და ჩემი მოქალაქეების ბედი მაღელვებს.
„რ“: ამ სიტუაციის ფონზე ხომ არ არის ესპანეთის მხრიდან რაიმე სახის მინიშნება, რომ შესაძლოა საქრთველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხის გადახედვა მოხდეს და შეჩერების მექანიზმი გამოიყენონ?
ქ.გ.: არა, ასეთი მინიშნებები ჯერჯერობით საერთოდ არ ყოფილა. თუმცა, რა თქმა უნდა, ვშიშობთ, ეს მონაპოვარი არ დავკარგოთ.
„რ“: ეს საფრთხე რა შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს და რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად?
ქ.გ.: თუ ეს ნაკადი არ შეწყდა, რა თქმა უნდა, საფრთხე რეალური იქნება. ამ ხალხს ინფორმირება უნდა გავუკეთოთ და მაქსიმალურად ავუხსნათ სანამ ესპანეთში ჩამოვლენ, რა სიტუაციაში მოხვდებიან.
აქ დაიწერა სტატია ქართველებზე, სადაც ავტორი გაკვირვებას გამოთქვამდა, თუ ჩვენი მოქალაქეები რანაირად არიან დევნილები, როდესაც აეროპორტში პასპორტით, ვიზით, ფულით, სასტუმროს ჯავშნით ჩამოდიან. შემოდიან როგორც ჩვეულბრივი ტურისტები და შემდეგ თავშესაფარს ითხოვენ.
აქ ესპანელებ ნანახი ჰყავთ საკუთარი ქვეყნებიდან დევნილი ხალხი, რომლებიც ზღვით შემოდიან, ნახევრად ჩაუცმელები, მშივრები და უმეტესობა წყალში იხრჩობა, მართლა გაუბედურებული ხალხი. ამიტომაც ამ ფონზე ქართველებს რომ ხედავენ, უკვირთ.
ჩვენს მოქალაქეებს ასე წარმოუდგენიათ - თავშესაფრის მიღება იმას ნიშნავს, რომ შენ ქვეყანაში რადგანაც კარგად ვერ ცხოვრობ და რაღაცით უკმაყოფილო ხარ, ევროპაში ვინმე შეგიფარებს. ამიტომაც უფრო მეტი აგიტაცია გვჭირდება, რომ ჩვენს მოქალაქეებს გავაგეებინოთ. თუმცა, როგორც ვიცი, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ესპანეთის ხელისუფლება ასე ადვილად აღარ იღებს, ბოლო დროს საქართველოდან ახალი აღარავინ დამატებიათ.