„უკვე რამდენიმე ოდიოზური გვარი ამოვიკითხე ამ სიაში, რომლებიც, ჩემი აზრით, არ უნდა ყოფილიყვნენ, თუ კლანს არ ჰქონდა ამოცანა, რომ უნდა გაემეორებინა ის, რაც დეკემბერში იყო დასახული,“ - ასე აფასებს „რეზონანსთან“ დეპუტატი გედევან ფოფხაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144-კაციან სიას.
თუმცა ფოფხაძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია თავად იუსტიციის საბჭო აღნიშნული სიიდან ვის წარადგენს პარლამენტის წინაშე დასამტკიცებლად. სიიდან ყველა ადამიანი მისთვის მიუღებელი არ არის. ფოფხაძე ამბობს, რომ რამდენიმე არის ისეთი, რომელთა კანდიდატურაც თუ პარლამენტში შევა, მხარს აუცილებლად დაუჭერს.
„შემოთავაზებული სიიდან უკვე ჩანს იმ კანდიდატების წრე, რომლის გაყვანაც კლანს სურდა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეებად. ასევე სია თავისთავად ჯერ სრულფასოვანი ანალიზის საშუალებას არ გვაძლევს, სანამ არ გამოიკვეთებიან ის უშუალო კანდიდატები, რომლებიც კლანს უნდა და რა სიაც შემოვა საბოლოოდ პარლამენტში. ამის შემდეგ კი უფრო სიღრმისეული ანალიზის საშუალება გვექნება.
„ვერ გეტყვით, რომ სიაში მოცემული კანდიდატებიდან ყველას წინააღმდეგი ვარ. რამდენიმე ისეთი ადამიანი მომხვდა თვალში, რომ, თუ პარლამენტში შემოვა, მათ კანდიდატურას მხარს აუცილებლად დავუჭერ. თუმცა ჯერ მათ ვინაობას არ დავასახელებ.
„ფაქტია, ბრძოლამ გარკვეულ წილად შედეგი გამოიღო, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი საბრძოლი გვაქვს, რადგანაც კლანი საკუთარი კანდიდატების გაყვანაზე აქტიურად იმუშავებს“, - აცხადებს ფოფხაძე „რეზონანსთან“.