საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ წმინდა ნინოს დღესასწაულზე, მრევლთან ერთად ჯვრით ხელში, ნინოს გზის გავლას საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი პრეზიდენტის ამ ქმედებას არც ისე ეფექტურ პიარად აფასებს, ნაწილი კი თვლის, რომ პრეზიდენტი ყველა აღმსარებლობის ადამიანის პრეზიენტია და საკუთარი რწმენის საჯარო დემონსტრირებას ერთმორწმუნეობის პრიორიტეტობასთან მივყავართ.
„ოცნების“ ყოფილი დეპუტატის დავთი ჭიჭინაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ამ ქმედებამ გარკვეული დაბნეულობა შეიტანა საზოგადოებაში.
„სალომე ზურაბიშივლის უცნაური განცხადებები პრეზიდენტის რანგში გასაკვირი აღარ არის, მაგრამ მისმა ამ ქმედებამ, გარკვეული დაბნეულობა მაინც შეიტანა საზოგადოებაში. ჩემი აზრით, რაღაცის დამტკიცებას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალურ ნაბიჯს; მე ასე გავიგე - რაღაც პიარი უნდოდათ და რა გამოვიდა, ეს უკვე თავად შეაფასონ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ჭიჭინაძემ.
მხატვარი გია ბუღაძე ასევე მიიჩნევს, რომ პრეზიენტის ეს ქმედება პიარზე იყო გათვლილი.
„სალომე ზურაბიშვილს, როგორ პრეზიდენტს, სერიოზულად ვერ აღვიქვამ, თუმცა აშკარაა რა მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა, როდესაც ასეთი პრეზიდენტი ჰყავს და მისმა ქმედებებმა კი შეიძლება პრობლემები შეუქმნას ქვეყანას საერთაშორისო არენაზე, უკვე უქმნის კიდეც...
„რაც შეეხება კერძოდ ამ მოვლენას, პენსიონერი ქალი, ხან რითი ერთობა და ხან - რითი. ახლა წმინდა ნინოს გზაზე ჯვრით ხელში გაიარა, როგორ შევაფასო... მოხუცი, ხანდაზმული პრეზიდენტის გართობა და ცოტა პიარზეც მუშაობა“, - განცხადა გია ბუღაძემ.