იურისტთა ნაწილის ვარაუდით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოქმედი გენერალური პროკურორი გახდება და მას „კლანთან“ დაპირისპირება მოუწევს
ელზა პაპოშვილი
02.06.2019

 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიას ოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილი უკვე წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. მათი ოპტიმიზმი ემყარება იმ ფაქტს, რომ სია საკმაოდ ვრცელია, მასში ზოგიერთი ოდიოზური ფიგურა არ არის და თანაც 144 კანდიდატიდან მხოლოდ 60-ია მოქმედი მოსამართლე. თუმცა აქვე აცხადებენ, რომ სანამ ამ კანდიდატებიდან შედგენილი საბოლოო სია პარლამენტს არ წარედგინება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ  მოსამართლეობის მსურველთა სია შაბათს გამოაქვეყნა, რომელშიც 144 ადამიანია. მათ შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაძე. 

სიაში არ არიან მოსამართლეები დიმიტრი გვრიტიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე. იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე კონკურსი 11 მაისს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც 2018 წლის ბოლოს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ კანდიდატთა სიას არასამთავრობოებისა და პოლიტიკოსების პროტესტი მოყვა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ გარკვეულწილად მათმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ისიც უკვე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ გვრიტიშვილმა და ჩინჩალაძემ უზენაესი სასამრთლოს უვადო მოსამართლეობაზე განაცხადის შეტანა ვეღარ გაბედეს. თუმცა ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. კლანის გავლენა სიაში მაინც ჩანს, რადგანაც  წარმოდგენილი კანდიდატებიდან ბევრი ისევ კლანის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანია.

თუმცა ის ფაქტი, რომ გარედანაც არიან მსურველები გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, უკვე კარგია, რადგანაც ე.წ. კლანს ალბათ არ ჰქონდა წარმოდგენაც კი, რომ ამდენი მსურველი გამოჩნდებოდა, თანაც ისეთები, რომლებიც სასამართლოს შიგნით არ მოღვაწეობენ. 

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ პერსონალურად შეფასებებისგან თავს შეიკავებს, რადგანაც მას მათი მხარდაჭერა მოუწევს, თუმცა ის გარედან შემოსულ კანდიდატებს მხარდაჭერას აუცილებლად გამოუცხადებს.

„ჩინჩალაძე და გვრიტიშვილი იმდენად ოდიოზური ფიგურები არიან, რომ მათ სიაში საკუთარი თავის წარდგენა ვეღარ გაბედეს. არ ვიქნები ალბათ ამბიციური, როდესაც ვიტყვი, რომ მე და ანა დოლიძის ბრძოლამ გარკვეული შედეგი ამ კუთხით გამოიღო, რადგანაც, როგორც ვიცი, ჩინჩალაძის ოცნება ნამდვილად იყო, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გამხდარიყო. ალბათ მას ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ დაესიზმრებოდა, რომ ის ამას ვერ შეძლებდა და ასევე ამდენი მსურველი იქნებოდა. 

„თანაც ამ სიაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომლებიც კლანის გავლენებისგან ნამდვილად თავისუფლები არიან. თუმცა ბრძოლა მაინც გრძელდება, რადგანაც ბევრი  კანდიდატიდან კვლავ ის ადამიანები არიან, რომლებიც წინა სიაშიც იყვნენ და კლანის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან“, - აცხადებს ჯანეზაშვილი „რეზონანსთან“. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი არ გამორიცხავს, რომ მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დარეგისტრირდა, საბოლოოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს. 

ჯანეზაშვილის თქმით, ის მის პერსონაზე საუბარს და შეფასებებს მოერიდება, თუმცა კანდიდატების  მხარდაჭერის დროს,  პოლიტიკურ ფაქტორსაც გაითვალსიწინებს და მხარს იმ ადამიანებს დაუჭერს, ვინც ამ გავლენისგან თავისუფალი იქნება. 

როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, თადუმაძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მიქაუტაძესთან  კონკურენცია მოუწევს, რომელიც ასევე უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიაშია. 

„ვერაფერს გამოვრიცხავ, თუმცა მეტი დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.   ალბათ თადუმაძეს  კონკურენციის გაწევა მოუწევს მიქაუტაძესთან, რომელიც უკვე გავლენიანი პირია სისტემაში. თუმცა, მინახავს, კლანის წევრებს თუ დასჭირდათ, გარედან შემოსულთანაც საერთო ენას როგორ უცებ გამონახავენ. ამიტომ  შეხედავენ  თადუმაძის შესაძლებლობებს და ამის მიხედვით კი გადაწყვეტენ როგორ იმოქმედონ“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი „რეზონანსთან“.

მისივე  შეფასებით, სია მრავალფეროვანია და იძლევა კონკურენციის საშუალებას, თუმცა სასამართლოში ასებული ე.წ. კლანი ყველაფერს შეეცდება იმისთვის, რომ ის ადამიანები გაიყვანონ, ვინც მათი მფარველობის ქვეშ არიან. 

„უკვე რამდენიმე ოდიოზური გვარი ამოვიკითხე ამ სიაში, რომლებიც, ჩემი აზრით, არ უნდა ყოფილიყვნენ, თუ კლანს არ ჰქონდა ამოცანა, რომ უნდა გაემეორებინა ის, რაც დეკემბერში იყო დასახული,“ - ასე აფასებს „რეზონანსთან“ დეპუტატი გედევან ფოფხაძე მოსამართლეობის კანდიდატთა სიას. 

თუმცა  ფოფხაძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია თავად იუსტიციის საბჭო აღნიშნული სიიდან ვის წარადგენს პარლამენტის წინაშე დასამტკიცებლად. სიიდან ყველა ადამიანი მისთვის  მიუღებელი არ არის. ფოფხაძე ამბობს, რომ რამდენიმე არის ისეთი, რომელთა კანდიდატურაც თუ პარლამენტში შევა, მხარს აუცილებლად დაუჭერს. 

„შემოთავაზებული სიიდან უკვე ჩანს იმ კანდიდატების წრე, რომლის გაყვანაც კლანს სურდა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეებად. ასევე სია თავისთავად ჯერ სრულფასოვანი ანალიზის საშუალებას არ გვაძლევს, სანამ არ გამოიკვეთებიან ის უშუალო კანდიდატები, რომლებიც კლანს უნდა და რა სიაც შემოვა საბოლოოდ პარლამენტში. ამის შემდეგ კი უფრო სიღრმისეული ანალიზის საშუალება გვექნება. 

„ვერ გეტყვით, რომ სიაში მოცემული კანდიდატებიდან ყველას წინააღმდეგი ვარ. რამდენიმე ისეთი ადამიანი მომხვდა თვალში, რომ, თუ პარლამენტში შემოვა, მათ კანდიდატურას მხარს აუცილებლად დავუჭერ. თუმცა ჯერ  მათ ვინაობას არ დავასახელებ. 

„ფაქტია, ბრძოლამ გარკვეულ წილად შედეგი გამოიღო, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი საბრძოლი გვაქვს, რადგანაც კლანი საკუთარი კანდიდატების გაყვანაზე აქტიურად იმუშავებს“, - აცხადებს ფოფხაძე „რეზონანსთან“. 

მესამე სექტორის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ სიაში 144 პირიდან დაახლოებით 60 მოქმედი მოსამართლეა. შესაბამისად, ისინი ეჭვობენ, რომ ამ ადამიანებს ე.წ. კლანის წევრებთან კომუნიკაცია აქვთ. სხვა შემთხვევაში მათ არ ექნებათ გასვლის შანსი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ეკა გიგაური კი ჟურნალსიტებტან საუბარში ამბობს, რომ  ყველაფერი  ორკესტრირებულია და ამის უკან მმართველი პარტია დგას. მათი სურვილია გაძლიერდეს ეს კლანი, რათა შემდეგ სასამართლოს ყველა შტოზე ჰქონდეთ გავლენა. 

„ხელისუფლების მიზანია სასამართლო კონტროლი და მნიშვნელობა არ აქვს, ამას ერთი გავლენიანი ჯგუფით მოახერხებს თუ - ორით. ჩვენ აქ ვსაუბრობთ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ პირად ადვოკატზე  შალვა თადუმაძეზე. ამიტომაც  ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ მიზანი  სასამართლოს კონტროლია  და ეს ორი გავლენიანი ჯგუფის შექმნის შედეგად მიიღწევა თუ ერთის, ამას არსებითი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის არ აქვს“, - აცხადებს გიგაური.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი სიის შეფასებისგან ჟურნალისტებთან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებთან დაკავშირებით პარლამენტში სიის გადაგზავნის შემდეგ ისაუბრებს. 

„ვიდრე არ გაივლის ყველა ეტაპს ეს პროცედურა და ვიდრე არ წარედგინება საბჭოსგან კანდიდატურები, ვიდრე ჩვენ არ ჩავატარებთ გასაუბრებებს, მანამდე, ბუნებრივია, ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ ვის დაუჭერს პარლამენტი მხარს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×