(რეზონანსი) ზემო ოსიაურთან მდებარე ავტობანის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მძღოლების ნაწილი გაიფიცა. ავტობანის მშენებლობას ჩინური კომპანია „სინო ჰიდრო" ახორციელებს. მძღოლების გაფიცვის მიზეზი კი ხელფასების დაგვიანება გახდა.
მძღოლების ნაწილმა ჩინური კომპანიის „სინო ჰიდროს" ოფისის შესასვლელი გადაკეტეს, რის გამოც ჩინელმა დამსაქმებლებმა პოლიცია გამოიძახეს. ამ დროისთვის გამოკითხვაზე არიან გადაყვანილები როგორც დამსაქმებლები, ასევე გაფიცული მძღოლების ნაწილი.
გაფიცულების თქმით, ისინი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე აიყვანეს და ადგილზე საკუთარი ტექნიკით მუშაობდნენ. მათივე თქმით, 3500 ლარი მთის მოჭრის ერთ-ერთი ობიექტის დასრულებისას, 15-დღიანი სამუშაოსთვის, ჯამში კი თვეში 7000 ლარი 11 მძღოლისთვის უნდა მიეცათ.
ვადის გასვლის შემდეგ მათ განუმარტეს, რომ თანხა კონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელს, აზერბაიჯანის მოქალაქეს ბელა მუსტაფაევას უნდა გადაეხადა, რადგან ეს მათი ობიექტია.
მასთან შეხვედრას დასაქმებულები რამდენიმე დღე უშედეგოდ ცდილობდნენ, რის შემდეგაც პროტესტის ამ ფორმას მიმართეს.
მძღოლები ამბობენ, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი არიან და თუ დავალიანება დროულად არ დაიფარება, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.