თამარ შუკვანი
03.06.2019

 ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების" დეპუტატი ნანა კოსტავა მანდატის დატოვებას არ აპირებს და იგი ქუთაისის საკრებულოში მუშაობას გააგრძელებს. ხოლო ქუთაისის მერიასთან დღეს საღამოს არასამთავრობო ორგანიზაციები მის წინააღმდეგ აქციის გამართვა გეგმავენ სწორედ იმ მოთხოვნით, რომ მას დეპუტატის მანდატი შეუჩერდეს და დატოვოს ქუთაისის საკრებულო. ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი წულაია „რეზონანსს" განუცხადა.

მისი თქმით, ეს საზოგადოების მოთხვნას წარმოადგენს და მას პოლიტიკური ელფერი არ უნდა მიეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შედეგიანი არ იქნება.

„დღეს საღამოს არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები მერიასთან აქციის გამართვას აპირებენ, თუ „ნაცები" არ ჩაუდგებიან. უმჯობესია ამას თუ არასამთავრობოები და საზოგადოება გამართავს, არ არის საჭირო „ნაცების" მისვლა და არც მე მივეკარები, როგორც პოლიტიკოსი.

„ამას არ უნდა მიეცეს პოლიტიკური ელფერი და უფრო შედეგიანი იქნება. მე არც აქციაზე დგომა „მიტყდება" და არც სამართლიანი მოთხოვნები, მაგრამ არ უნდა გავეკაროთ პოლიტიკოსები. თვითონ საზოაგდოებამ უნდა ამოიდგას ენა," - აღნიშნა მან.

ნანა კოსტავას განცხადებით, მას ამომრჩეველმა თხოვა, რომ ქუთაისის საკრებულოში მუშაობა გააგრძელოს.

„ქვეყანაში იმდენი პრობლემა ხდება, ძალიან ვწუხვარ, რომ კიდევ ჩემი ამბით გავაღიზიანე ეს ხალხი. რაც შეეხება მანდატს, ამ დღეების განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა მითხრა - გოგო, სად მიდიხარ, შენი მართალი სიტყვა უნდა ისმოდეს საკრებულოშიო, ჰოდა დავრჩები," - აცხადებს კოსტავა.

წულაიას თქმით, დეპუტატის განცხადებაზე შევარდნაძის განმარტება ახსენდება არწასვლის შესახებ:

„წასვლა დასაწყნარებლად იყო ნათქვამი. ვინ სად წამსვლელია?.. ხელისუფლებამ თუ არ აიძულა, არავინ ნაბიჯს არ გადადგამს; დაწყნარდა ხალხი და მაშინვე გადათქვა წასვლა. გამახსენდა შევარდნაძე - მან განმარტება გააკეთა, რომ ამომრჩეველმა მთხოვა არ წახვიდეო. ერთი შევარდნაძეს დავუჩოქეთ - „არ წახვიდეო", მეორე ამას და არ მიდის, ხალხს გაუტეხავს ხათრს?!

„სხვას რატომ ველოდით? ან რომ წავა, რა ხეირი? ალბათ შეპირდებიან რაღაცას და სხვა სამუშაოს მისცემენ, თუმცა, ამით რა შეიცვლება? ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, სხვა საშველი არ იქნება. შეეცვლებათ აზროვნება თუ საკრებულოდან წავა? მთლიანად ის გუნდი უნდა წავიდეს, ვინც მას მხარს უჭერს," - განაცხადა გოგი წულაიამ.

ცნობისათვის, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების" წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების" ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ თანამდებობა დატოვა. ამასთანავე, იგი გარიცხულ იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოდან. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კოსტავამ საკრებულოდან საერთოდ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, დღეს ცნობილი გახდა, რომ „ამომრჩეველთა თხოვნით მან ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ლაგოდეხში 16 წლის გარდაცვლილი გოგოს დის, სალომე ბარკერის ფოტო წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე". მოგვიანებით, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან არ იცოდა სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი ტრაგედია. კოსტავას თანამდებობიდან გადადგომა კი საზოგადოებამ მოითხოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×