უზენაესი სასამართლოს მოსამართეობის კანდიდატთა სიის განხილვას იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკვე ამ კვირაში დაიწყებს. თუმცა, საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ საბოლოოდ გაცხრილული კანდიდატთა სია იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ის 10-კაციანი სია იყო, რომელმაც მმართველ პარტიაში განხეთქილება გამოიწვია.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარასკევის ჩათვლით, ერთ-ერთ დღეს შეიკრიბება და 144 კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს - თუ რომელი განცხადებები დაარეგისტრიროს კანდიდატად. ეს ის ეტაპია, როდესაც უნდა გაირკვევს, ვინ აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნას და ვინ არა.
„ამის შემდეგ კანდიდატებს ორი სამუშაო დღე აქვთ იმისათვის, რომ გაასაჩივრონ მათ კანდიდატურასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. შემდგომ უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას ჩანიშნავს იმისათვის, რომ 144 კაციანი სია 50-მდე ჩამოვიდეს," - აცხადებს „რეზონანსთან" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და ეტაპებზე საუბრისას.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველთა სია გამოაქვეყნა, სადაც 144 ადამიანია წარმოდგენილი. მათ შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაძე.
ჯანეზაშვილი ეჭვობს, რომ უზენაეს სასამართლოში მოხვდებიან ისეთი მოსამართლეები, რომლებიც პირდაპირ თუ არა, არაპირდაპირ კავშირში მაინც იქნებიან „კლანთან".
„ამ საკითხთან დაკავშირებით სურვილი მაქვს, რომ საბჭომ ნორმალური გადაწყვეტილება მიიღოს, ისეთი, რომელიც სასამართლოს სჭირდება. მაგრამ ამ ვითარებაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობა როგორც მუშაობს, არ მაქვს მოლოდინი, რომ რაიმე სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ისეთი, რომელიც მართლაც გამოადგება ჩვენ სასამართლოს.
„ვშიშობ და ვეჭვობ, რომ ისინი ეცდებიან გაიყვანონ თავიანთი „კლანის" აქტიური ან არააქტიური მხარდამჭერები და შესაძლოა შენიღბულადაც კი მოხვდნენ ისეთი ადამიანები, რომლებზეც საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება არ არის, ისეთი დამოკიდებულება, რომელიც პირდაპირ „კლანთან" დააკავშირებს მათ.
„საბოლოოდ 20-მდე ადამიანი უნდა შეირჩეს. ვინმეს თუ შეუნახავენ ადგილს და რამდენიმე ვაკანსიას ღიას დატოვებენ, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ საქმე კლანთან გვაქვს - ჯგუფთან, რომელიც კეთილსინდისიერების პრინციპით კი არ მოქმედებს, არამედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე.
„წინასწარ პროგნოზის გაკეთება მიჭირს, თუმცა ცხადია, რომ 20 ვაკანსია შესავსებია და ისიც ცხადია, რომ ამ ქვეყანას მოსამართლეები სჭირდება," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.