ია აბულაშვილი
03.06.2019

 „დღეს აჭარას მართავს ის ხალხი, ვინც ასლან აბაშიძის დროს დროშას აფრიალებდა და „ბაბუ-ბაბუ“-ს ღრიალებდა. 6 მაისს ასლანი ბათუმიდან გავისტუმრეთ და მეორე დღეს მიშასთან გადაბარგდნენ, 2012 წელს - ბიძინასთან. ესაა ივანიშვილის სახეები, რომლებიც დღეს აჭარას მართვენ - „აღორიძინების“ წევრები“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე ბათუმის მერიაში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების ხმაურიან დაკავებას.

„არც ბეჭდიანი ქაღალდი მაქვს და არც დოკუმენტი, მაგრამ გეტყვით იმას, რასაც ხმამაღლა ვამბობ წლებია ყველა ეთერში. ეკა ბესლიასათვის დღეს არ წავსულვარ ოპოზიციაში. „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან სამ თვეში გადავედი ოპოზიციაში და მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ გამრიცხეს პარტიიდან.

„2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდია. როგორც  ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების“ ოფისში დავესწარი შეხვედრას, სადაც თვითმმართველობაზე იყო საუბარი.  შეხვედრას ესწრებოდა ივანიშვილიც, მიუხედავად  იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი აღარ იყო  და ამ შეხვედრაზე ბიძინამ თქვა, რომ ბათუმში გვინდა ერმაკოვიო.  

„ერმაკოვი რომ გავიგე, ავტეხე ჩხუბი - რა  ერმაკოვი, რის ერმაკოვი... ერთი არგუმენტი მაინც დამისახელეთ, რა დამსახურებით, რა გაუკთებია; „ოცნების" წევრიც არის, ჯერ ასლანს ემსახურებოდა, მერე „ნაციონალებთან“ გადაბარგდა, ახალაიას და ადეიშვილის მეგობარი იყო. 2013 წელს დავით ბაქრაძეს ეხმარებოდა-მეთქი.  

ვიცოდი, რომ ერმაკოვი დავით უსუფაშვილის კურსელი იყო. დათოსთანაც ჩხუბით მივედი - შენი გავლენა ხომ არ არის-მეთქი? რას ამბობ, საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვსო.  დათოსი მჯერა, ძალიან გულწრფელი ნათქვამი იყო. 

„ეს ჩხუბი გავაგრძელე კახი კალაძესთან, პარტიის აღმარსულებელი მდივანი იყო, იგივე მითხრა.  მივედი ბიძინასთან, ვუთხარი რასაც ვფიქრობდი. შენ რა ასლან აბაშიძეობა გინდაო? რა  ურჩი და დაუმორილებელი კაცი ხარო...

„ბათუმში რომ დავბრუნდი, დაიწყო თამაშები. ჯერ მერი გადადგა და ერმაკოვი დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად. ჩემი  კაბინეტი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის, იყო მერიაში. დავიბარე ერმაკოვი, დავიბარე და არა ვთხოვე მოსულიყო. მოცუნცულდა და პირდაპირ ვკითხე - ვინ არის შენი ლობისტი, ღარიბაშვილი-მეთქი?

„თავი ჩაღუნა. მართალი რომ არ ვყოფილიყავი, ხომ არ გაჩუმდებოდა? ერმაკოვის მამაც  პოლიციელი იყო, ღარიბაშვილის სიმამრიც - აქ მოხდა გადაკვეთა, მერე სხვებიც ჩაერივნენ. ერმაკოვს ვუთხარი - სანამ დროა უარი თქვი მერობაზე, თორემ შენ დამოუკიდებელი ქალაქის მერი კი არა, ღარიბაშვილ სიმამროვიჩის მონა იქნები-მეთქი. 

„ამის მერე აღარ მინახავს. როცა ბათუმის მერი გახდა, იმ ღამეს „ქოცებმა“ გამარჯვება ისე აღნიშნეს, სულ შამპანიურები გადაისხეს თავზე, მთლიანად გაწუწულები იყვნენ.  ეს ფოტოებიც არსებობს, შეგიძლიათ ნახოთ.  

„ერმაკოვი კი არ არის დასაჭერი, ბიძინაა დასაჭერი. აჭარას დღესაც „აღორძინების“ წევრები მართავენ, დროშით რომ დარბოდნენ და „ბაბუ-ბაბუ“-ს ღრიალებდნენ, ჩოლოქზე ხიდი რომ გადეს და თბილისელებს ბათუმში არ უშვებდენენ. მე და ჩემს თანამოაზრეებს რომ გვარბევდნენ; 6 მაისს ასლანი გავისტუმრეთ და მეორე დღეს მიშასთან გადაბარგდნენ, 2012 წელს - ბიძინასთან. მერე ბიძინამ ხელისუფლებაში მოიყვანა. დღეს კი ყველაზე მაღალ თანამდებობებს იკავებენ მერიაშიც, საკრებუცლოშიც და ყველაგან.

მე იმ ხალხს უფრო პატივს ვცემ, ვინც ბოლომდე ასლანის მომხრე იყო, რადგან ასე ფიქრობენ. ასეთ ხალხს რა შედეგი უნდა ჰქონოდა აჭარაში, მითხარით? კი არ უნდა დაიჭირონ, ხელისუფლებას უნდა მოაშორონ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ მურმან დუმბაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×