აზარტული თამაშის შესახებ კანონის პროექტი უკვე ერთი წელია მომზადებულია, თუმცა პარლამენტში მისი ინიცირება არა და არ ხდება. დამოუკიდებელი დეპუტატი და „ქართული ოცნების" ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბარში არ გამორიცხავს, რომ ტოტალიზატორები გარიგებულები იყვნენ „ქართული ოცნების" დეპუტატებთან
„იმ მდგომარეობიდან, რაც დღეს ჩვენს ეკონომიკაშია, რაც ხდება ზოგადად სახელმწიფო კომპანიების გარშემო, როგორ ხდება კონკრეტული პიროვნებების ინტერესების ლობირება, აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ ამ გარიგებებს. ჩვენს ბიუჯეტს საკმაოდ დიდი თანხები, ასობით მილიონი ლარი აკლდება ზუსტად ამ გარიგებების და მორიგებების გამო და ის, რომ მმართველ გუნდში ძალიან ბევრი პიროვნებაა, რომელსაც მომრიგებლობა ეხერხება, ამას ჩვენ ვხედავთ.
„მკითხაობას ნამდვილად ვერ დავიწყებ ვინ დგას ამ კანონპროექტის გაჭიანურების უკან, მაგრამ ის, რომ პრემიერ-მინისტრს შეუძლია თავისივე გაცხადებული იდეების სწრაფად უკან გატანა, ეს ფაქტია. აქედან გამომდინარე, მისი მუშაობაც წარმოშობს ამდენ კითხვას და არის ასეთი არაეფექტური. ეს აისახება კიდეც ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონეზე", - აცხადებს ჭიჭინაძე.