ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნატო-მ ახალი სტრატეგია პირველად გამოაქვეყნა, რუსეთისგან მომდინარე ბირთვული საფრთხის შესაკავებლად და ნატო-ს ამ ახალ სტრატეგიაში საქართველოზეც არის საუბარი. კონკრეტულად კი, საუბარია საქართველოსთვის მრავალმხრივი სამხედრო დახმარებების აღმოჩენასა და კიდევ უფრო მეტ და მასშტაბურ სამხედრო სწავლებებზე.
რუსულ მედიაში ნატო-ს ამ ახალ სტრატეგიას უკვე მოჰყვა დიდი უკმაყოფილება და განხილვები იმაზე, რომ ალიანსი, ერთის მხრივ, დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს და რუსეთს ამუნათებს შეიარაღების გაძლიერების გამო და ამ დროს, თავად აძლიერებს სამხედრო მზადყოფნას შავ ზღვასა და მთელ ევროპაში.
მათ შორის მოსკოვის უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ ამ ახალი სტრატეგიაში მთელ რიგ ღონისძიებებთან ერთად საუბარია რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებისთვის სამხედრო დამხარებებსა და რუსეთის სამეზობლოდ კიდევ უფრო მასშტაბურ წვრთნებზე, მათ შორის საქართველოშიც.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ნატო-ს ახალი სტრატეგიის მიღება მისასალმებელია, რადგან წლებია რუსეთის შეიარაღებას აძლიერებს, არღვევს საერათაშორისო შეთანხმებებს და მუდმივად იმუქრება „საპასუხო ზომებითა" და ბირთვული თავდასხმებით.
„ნატო-მ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. რუსეთმა წლებს წინ აღადგინა გერასიმოვის დოქტრინის მეშვეობით ბირთვული იარაღის გამოყენების დასწრების პრინციპი. პუტინმა ეს შემოიღო ახალ სამხედრო დოქტრინაში 2015 წელს და მას გერასიმოვის დოქტრინა ეწოდება.
„სამწუხაროდ, ნატო-მ დააგვიანა ამ სტრატეგიის შემოღება. თუმცა ახლა მთავარია, რომ შემოიღო ბირთვული შეკავების პოლიტიკა და ალბათ, შეიმუშავებს ბირთვული დაშინების სტრატეგიას. დრაფტი მიიღო და ალბათ ვაშინგტონის სამიტზე ამ კონცეფციას დაამტკიცებენ და ეს იქნება რუსეთის შეკავების რეალური ბერკეტი.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნატო დაუბრუნდა ცივი ომის კლასიკურ, ბირთვული შეკავების თეორიას. ანუ, ნატო-ს დაგეგმარების ჯგუფი ამოქმედდება, ასევე ამოქმედდება ის კომიტეტი, რომელიც ამ დაგეგმარებაზე მუშაობს, რაც შეჩერებული იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ," - აცხადებს მაისაია.
ცნობისათვის, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად მოხდა.
როგორც ალიანსის გენერალური მდივანი ინეს სტელტენბერგი აცხადებს, სტრატეგიის ცვლილების მიზეზი ახალი გამოწვევები და რუსეთიდან მომდინარე ბირთვული მუქარაა. მისი განცხადებით, ახალი სამხედრო კონცეფცია დაეხმარება ალიანსს მიიღოს „სრული დაცვა" და უზრუნველყოს სტაბილურობა.
როგორც ნატო-ში აცხადებენ, ყირიმში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენეს, რომ რუსეთთან აუცილებელია განსაკუთრებული მიდგომა, ახალი საპასუხო ნაბიჯები და ამიტომაც ალიანსმა შეიმუშავა ახალი სტრატეგია, რომელიც 4 პუნქტისგან შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ალიანსის ახალი სტრატეგია ოთხ ძირითად პუნქტს მოიცავს:
1. მოსკოვზე ზემოქმედების გაზრდა სანქციებისა და ბაზების მეშვეობით;
2. პოზიციების განმტკიცება შავ ზღვაში - „ის არ ეკუთვნის ერთ ქვეყანას";
3. დახმარების პაკეტები მოკავშირე სახელმწიფოებისთვის;
4. კიბერსაფრთხესთან დაპირისპირება.
ამ სტრატეგიის ორ პუნქტში ლაპარაკია საქართველოზე. კერძოდ, საქართველოსთვის მრავალმხრივი (მათ შორის სამხედრო) დახმარების აღმოჩენასა და ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე.
საგულისხმოა, რომ საქართველოში ნატო-ს 12-დღიანი მასშტაბური სწავლებები მარტში ჩატარდა და აგვისტო-სექტემბერში დაგეგმილია ასევე მასშტაბური წვრთნები „მტკიცე სული" დასავლეთ საქართველოში, სადაც პირველად საზღვაო კომპონენტიც იქნება ჩართული. მსგავსი ერთობლივი წვრთნები კი მომავალში უფრო და უფრო მოიმატებს. ამ სწავლებების მიზანი არსებული საფრთხეებზე ნატო-ს არაწევრ ქვეყნების მზადყოფნის შემოწმებაა.
რუსული მედია უკვე აღშფოთებით წერს, რომ ნატო-მ ორშაბათს, კალინინგრადის რეგიონიდან მხოლოდ 60 კილომეტრით დაშორებით დაიწყო საერთაშორისო მსხვილმასშტაბიანი წვრთნები, სადაც ალიანსის 19 წევრი ქვეყნის სამხედროები პოლონეთის ტერიტორიაზე ანტისარაკეტო და საჰაერო თავდაცვის ოპერაციებს შეიმუშავებენ. პოლონეთის გარდა, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში ერთდროულად კიდევ რამდენიმე წვრთნებს ატარებს: ლატვიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, უნგრეთსა და ბალტიის ზღვაში.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წვრთნები დიდი ხნით ადრე დაანონსდა, ის ტარდება ნატო-ს სტრატეგიის შეცვლის ფონზე, რაც მოსკოვში ორმაგ უკმაყოფილებას იწვევს.
როგორც რუსული მედია წერს, ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მიხედვით, ყოველივე ეს მოსკოვზე ფსიქოლოგიურ წნეხს ზრდის და აძლიერებს ნატო-ს პოზიციას ევროპაში.
განცხადებები გაკეთდა ალიანსშიც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ვანესა ეჯერი აცხადებს, რომ ალიანსი კონფრონტაციას არ ცდილობს, მაგრამ ბლოკს არ შეუძლია საერთაშორისო წესების დარღვევის იგნორირება. რუსეთმა ცოტა ხნის წინ გამოიყენა ძალა მეზობლებთან ქერჩის სრუტეში, მონაწილეობს კიბერ თავდასხმებში და ხელს უშლის დემოკრატიულ პროცესებში. ამას გარდა რუსეთი არღვევს ყველაზე მნიშვნელოვან იარაღის კონტროლის ხელშეკრულებას და ყველაფერ ამაზე პასუხები აუცილებელია.
ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ მოვიდა ხანგრძლივი პერიოდი, რომლის დროსაც შავი ზღვის რეგიონი არასტაბილური იქნება და ალიანსს აქვს დიდი სია შავ ზღვაში დიდი წვრთნების ჩატარებაზე.
უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაიას თქმით, ჩვენ ნატო-ს რუკაზე ვართ და ჩვენ ვართ ნატო-ს სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რაც საქართველოს დაცულობას უფრო გაზრდის.
„ეს ახალი სტრატეგია დაცულობას მოიტანს. რუსეთი ჰიბრიდულ შეტევებს და მუქარებს ისევ ახორციელებს, შესაბამისად, თუ თავს არ დაიცავ, რუსეთი დაგიპყრობს და დაიწყებს იმ პროცესებს, რაც 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა განახორციელა. ამის საპირწონე არის ნატო-სთან კავშირი, რომ ჩვენი უსაფრთხოება და ინტერესები იყოს დაცული.
„ბუნებრივია, უნდა ველოდოთ კიდევ უფრო მასშტაბურ წვრთნებს. უკვე დაგეგმილია სექტემბერში მასშტაბური წვრთნები. სექტემბერში, როცა მოხდება ნატო-საქართველოს კომისიის შეკრება 30 პლუს 1-ის ფორმატში, ალბათ, უკვე ახალი სტრატეგიული კონცეფციის ფორმატში მოხდება ახალი ტიპის მიმართულებების გამოკვეთა.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენი მხარე კიდევ უფრო იაქტიურებს, მარტო ნატო-ს ამ შეთავაზებას არ დასჯერდება და ახალ წინადადებებს შესთავაზებს თავად. უნდა შევთავაზოთ და დავანახოთ, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ნატო-სთან ერთად შევაკავოთ რუსული აგრესია, ძალიან კარგი იქნება," - ამბობს მაისაია.