„კრიმინალური შემთხვევები, რაც ძალიან ხშირია, საქართველოს ვიზალიბერალიზაციას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ხშირად გვესმის, რომ ევროპაში ამდენი ქართველი დაიჭირეს, ამდენმა დანაშაული ჩაიდინა, რაც ევროპას შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე აფიქრებს. ადამიანების ქცევა განსაზღვრავს ამოქმედდება თუ არა შეჩერების მექაზმი," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესაძლო დაკარგვის შესახებ საუბრისას.
ალბანეთისთვის შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერდეს. ნიდერლანდების მთავრობამ ამ მოთხოვნით ევროკომისიას მიმართა, რაც ქვეყანაში ალბანური კრიმინალური დაჯგუფებების გააქტიურებას უკავშირებდა. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეს-სპიკერმა ნატაშა ბერტომ გააკეთა.
რამდენად რეალურია, რომ ალბანეთის შემდეგ საქართველოს ჯერი დადგეს და ჩვენ წინააღმდეგაც ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი?
რამაზ საყვარელიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან კრიმინალური შემთხვევები კვლავ გაგრძელდება, შესაძლოა ეს მოხდეს კიდეც.
„შეჩერების მექანიზმის ამოქმედების წინაშე საქართველო რამდენჯერმე დადგა, რაც სწორედ კრიმინალური შემთხვევებით არის გამოწვეული. რაც უფრო მეტი კრიმინალური შემთხვევა მოხდება და ადამიანთა ეს ქცევა არ შეიცვლება, მეტია იმის ალბათობა, რომ საქართველო სწორედ ამ პროცესის წინაშე აღმოჩნდეს.
„ალბანეთთან დაკავშირებით არ ვიცი, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით, მედიის საშუალებითაც ხშირად გვესმის ქურდობისა თუ ძარცვის შესახებ, რამაც ჩვენს წინააღმდეგ შესაძლოა შეჩერების მექანიზმის ამოქმედება გამიოწვიოს.
„ამასთან დაკავშირებით ხშირად არის საუბარი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაგრამ თავს ვიმშვიდებთ, რომ გაივლის და არაფერია საშიში. თუკი პროცესები ასე გაგრძელდება და მსგავსი ქმედებები არ აღიკვეთება, შესაძლოა შეჩერების მექანიზმი ჩვენთან დაკავშირებითაც ამოქმედდეს," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.