
ორ დღეში ერთმანეთის მიყოლებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქარველოში არსებულ ბიზნეს გარემოს კრიტიკულად აფასებენ. ავსტრიის და იტალიის დიპლომატები საქართველოს მედია საშუალებებთან საუბრისას აცხადებენ, რომ არსებობს რიგი ფაქტორები, რომლებიც საქართველოში ბიზნესის განვითარებას აფერხებენ.
რატომ დაიწყეს ელჩებმა ამაზე საუბარი და რა სახის სკანდალზე შეიძლება იმალებოდეს ამის უკან? აქვთ თუ არა მათ კონკრეტული მაგალითები და რატომ არ შეეცადნენ, რომ ეს პრობლემები სამუშაო რეჟიმში საქართველოს ხელისუფლებასთან განეხილათ?
მმართველი გუნდის წევრები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ელჩებმა უფრო უნდა დააზუსტონ რას გულისხმობენ და რა პრობლემებზე შეიძლება იყოს საუბარი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მხრიდან მსგავსი განცხადებები გაუგებარია.
„ავსტრიის ელჩის განცხადება მნიშვნელოვნად არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს და კატეგორიულად მიუღებელია“, - ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ თუ რაიმე გადაცდომა არსებობს, ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ.
„ავსტრიის ელჩის განცხადება მნიშვნელოვნად არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს და კატეგორიულად მიუღებელია. თუ რაიმე გადაცდომა არსებობს, რაც ახასიათებს ევროპულ ქვეყნებს, აშშ-ს ამაზე საქართველომ, ხელისუფლებამ გადაუდებელი ღონისძიებები უნდა მიიღოს, თუმცა მთავრი თემა რაც არის, ეს არის შეფასება და რეიტინგები, რომელიც გაცილებით უფრო კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ არის ჩამოყალიბებული, ვიდრე ნებისმიერი ელჩის მიერ შეიძლება იყოს წარმოდგენილი“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ხოლო პრემიერი ბახტაძე კი იტალიის ელჩის კრიტიკურლი განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა.
„ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ვთქვათ, ყველაფერი კარგად არის; ყველაფერი კარგად არ არის, ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, მაგრამ შედეგი სახეზეა“ - აცხადებს პრემიერი.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ განცხადებას არ გაცნობია, თუმცა მნიშვნელოვანი კომუნიკაცია აქვს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. დიპლომატების აზრით, კი ორივე ქვეყანასთან სასწრაფოდ მიზეზების გარკვევა უნდა დაიწყოს, რატომ აკეთებენ მსგავს განცხადებებს ელჩები. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირის წევრ ორ ქვეყანასთან ურთიერთობა გაუფუჭდება, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება.
რა თქვეს ელჩებმა
ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო ამბობს, რომ პირადად ავსტრიის მაგალითზე მათ მუდმივად საქართველოში იმ პრობლემასთან შეჭიდება და გამკლავება უწევთ, რასაც გადაწყვეტილების მიუღებლობა და გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების ნაკლებობა ჰქვია.
„სწორედ ეს წარმოადგენს ყველაზე დიდ დამაბრკოლებელ ფაქტორს, საქართველოში ბიზნესის კეთებაზე როცა მიდგება საქმე. პრობლემაა ისიც, რომ აქ სიმართლეს იშვიათად გეუბნებიან. გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, გამოვყოფდი პრობლემას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რადგან აქ ჩვენ ხშირად ვაწყდებით გამჭვირვალობის არარსებობას გადაწყვეტილებების მიღებისას.
„ბოლოს მაინც ძირითად პრობლემას ისევ და ისევ თაობებს შორის პრიორიტეტების თვალსაზრისით არსებულ შეუთანხმებლობაში ვხედავ, რაც აღვივებს საბჭოთა ნარატივს და ამგვარ მიდგომებს ამკვიდრებს ქვეყანაში“, - განაცხადა ელჩმა BMG–სთან ინტერვიუში.
საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ კი განაცხადა, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მისი გაფართოვებაა რთული.
„შეიძლება ელჩებმა ხმამაღალი განცხადებები არაერთი შემთხვევის შემდეგ გააკეთეს...“
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ერთროულად ორი ელჩის კრიტიკული განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში, თანაც ბიზნესზე უცნაურია. მისი თქმით, როგორც წესი ასეთ ხმამაღლა განცხადებებს ელჩები საჯაროდ არ აკეთებენ და თუ რამე პრობლემაა, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არკვევენ.
„პირველ რიგში უნდა გამოვიკვლიოთ, რა გახდა ელჩების ამ განცხადების საფუძველი. ჩვეულებრივად, განსაკუთრებით დასავლეთის და ევროპის დიპლომატები საქართველოს მიმართ განსაკუთრებით დადებითად არიან განწყობილი. ხოლო მათი კრიტიკა ერთადერთ მიზანს - საქართველოში არსებული სიტუაციის უკეთესობისკენ გამოსწორებას ემსახურება.
„ფაქტია, რომ რაღაც შეცდომებთან გვაქვს საქმე. სასწრაფოდ უნდა გაირკვას რა ხდება და ყველა კითხვას, დაჩქარებულ ვადებში, მაქსიმალურად გამჭვირვალე პასუხები უნდა გაეცეს. არ გამოვრიცხავ, რომ ინფორმაციები მათ უშალოდ ბიზნესმენებისგან მიიღეს. არ არის გამორიცხული, რომ როგორც ავსტრიის, ასევე იტალიის კომპანიის წარმომადგენლებს აქ რაღაც პროცესი შეეხოთ, რამაც ასეთი ხმაური გამოიწვია.
„შეიძლება ეს იყოს ლეგალური თემები, ბიზნეს ინტერესები. უმრავი კავშირებია, სადაც რაღაც რომ გამწვავდეს, გასაკვირი არ არის. შესაძლოა რომელიმე მათი ქვეყნის ბიზნესმენებმა რაიმე პრობლემის მოგვარებისთვის საელჩოებს მიმართა. ალბათ ეს არ იყო ერთჯერადი სახის პრობლემა და ელჩებმაც ხმამაღალი განცხადებები არაერთი შემთხვევის შემდეგ გააკეთეს“, - აცხადებს მენაღარიშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, დიპლომატები ქვეყნაში არსებულ პრობლემებზე თუ სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციას ბევრი წყაროდან იღებენ. კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ისინი მხოლოდ ერთ მხარეს არ ეყრდნობიან და სხვადასხვა ჯგუფებიდან ინფორმაციებს იღებენ.
მენაღარიშვილი ამბობს, რომ ავსტრიის ელჩის განცხადება - რომ საქართველოში სხვადასხვა ჯგუფები არსებობს და თაობათა კონფლიქტია - ეს ახალი არ არის და საქართველოში მუდმივად სხვადასხვა შეხედულებების თუ ღირებულებების ჯგუფები იყო. ამიტომ გასარკვევია კონკრეტულად ავსტრიის ელჩი რას გულისხმობს, რატომ უკვირს მას, რომ საქარველოში ასეთი ჯგუფები არსებობს.
„ყველაფერთან ერთად სხვა საქმეა დიპლომატმა ასეთი ტერმინოლოგიები რამდენად უნდა იხმაროს. მართალია, მათ სალანძღავი და შეურაცხმყოფელი სიტყვები არ უხმარიათ, მაგრამ კონკრეტულად ავსტრიის ელჩმა ძალიან უხეში ფრაზები გამოიყენა. ყველაფერი ამის გამოხატვა ბევრად უფრო საქმიან სიტუაციაში შეიძლებოდა და არა ასე ღიად, პირდაპირ ჟურნალისტებთან.
„არ ვიცი ასე რატომ გააკეთეს, ესეც გასარკვევია და მათი ქედებები რა მიზანს ემსახურება. ხომ შეიძლებოდა ამ პრეტენზიებით პირდაპირ იმ უწყებებისთვის, ან საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიემართათ, რომლებიც კომპეტენტურები იყვნენ? ჩემი კოლეგების ამ საქციელის ახსნა, როცა რიგი მიზეზები არ ვიცი, ძალიან მიჭირს“, -აცხადებს მენაღარიშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, დიპლომატიური ურთიერთობები მართალია ამ ქვეყნებთან არ დაზაინდება და არ შეიცვლება, მაგრამ განწყობა და ურთიერთდამოკიდებულება შეიძლება შეილახოს. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ თუ სიტუაციაში სწრაფად არ გავერკვიეთ, ამ ქვეყნებთან ნდობას ზიანი მიადგება, რაც ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც დასავლეთის მხადაჭერა ძალიან სჭირდება, დამაზიანებელი იქნება. ორივე ქვეყანა ევროკავშირის წევრია, ამიტომაც ამ დიალოგის გადადება დროში არ უნდა გაჭიანურდეს.
„დაგვიზუსტონ, გადამოწმებას წინ არაფერი უდგას“
„ქართული ოცნების“ წევრი და დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნეს გარემო წინა წლებთან და წინა ხელისუფლებასთან შედარებით ბევრად გაუმჯობესებულია და ამაზე არავინ დაობს. მისი თქმით, ელჩების განცხადებები საკამოდ უცნაური და გასაკვირია, რადგანაც ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებებს ბიზნესასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ.
ხუნდაძე ამბობს, რომ თუკი რამე ბიუოკრატიული ბარიერები არსებობს და ამას არც არავინ უარყოფს, ამის გამსოწორება შეიძლება. ხოლო ამისთვის ანალიზია საჭირო და არა ელჩების მხრიდან ნეგატიური შეფასებები. დეპუტატი ამბობს, რომ სიტუაციის გაუმჯობესებაზე ხელისუფლება უარს არასდროს ამბობს და ამის მცდელობა მუდმივად არის.
„ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო რამდენად არის ელჩების შესაფასებელი, ეს ჩემში ეჭვს იწვევს. ამისთვის ბიზნესასოციაცია არსებობს და ასეთი განცხადებები მათი მხრიდან უნდა გაკეთდეს.
„ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, ასეთი შეფასებები ძალიან გასაკვირია. არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზენსასოციაციის მხრიდან არ გამიგონია ასეთი შეფასებები და რაზე დაყრდნობით აკეთებენ დიპლომატები ამ განცხადებებს, თქმა მიჭირს.
„თუ ეს მათი ქვეყნის მოქალაქეებს ეხება, კი, ბატონო დაგვიზუსტონ, გადამოწმებას წინ არაფერი უდგას. თუკი რაიმეა გამოსასწორებელია, ხარვეზია და ჩარევაა საჭირო, უარს არავინ იტყვის. ასე ზედაპირული საუბარი ცოტა გაუგებარი და დამაბნეველია.
„თუ მათ რამე კონკრეტული მაგალითებია ქვთ, ამისთვის სამუშაო რეჟიმიც არსებობს და რატომ გახდა ამაზე ასე ღიად საუბარი საჭირო, ალბათ გასარკვევია. მე მაინც ორივე ელჩს მოვუწოდებ დააზუსტონ, რას გულისხმობენ და იქნება პრობლემის სათავეც ვიპოვოთ“, - აცახდებს „რეზონანსთან“ დიმიტრი ხუნდაძე.