„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა ხასიათზე გაიღვიძებს ივანიშვილი და როგორ მოუნდება მას თავის საჭადრაკო დაფაზე ფიგურების გადაადგილება...ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ გამოვრიცხავ, რომ თადუმაძე წავიდეს უზენაესის მოსამართლედ და შემდეგ იქნება თუ არა თავმჯდომარე, ეს კიდევ ცალკე თემაა," - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
„რეზონანსი": მას შემდეგ, რაც უზენაესში უვადო მოსამართლეობის მსურველ 144 კანდიდატში მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის გვარიც აღმოჩდა, მედიაში ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ამზადებს, ხოლო ირაკლი კობახიძე სულ მალე შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯომარედ ვიხილოთ. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
ვახტანგ ძაბირაძე: მოლოდინის რა მოგახსენოთ, „ქართულ ოცნებაში" საკადრო პოლიტიკა საკმაოდ გაურკვეველია, ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ გამოვრიცხავ, რომ თადუმაძე წავიდეს უზენაესის მოსამართლედ და შემდეგ იქნება თუ არა თავმჯდომარე, ეს კიდევ ცალკე თემაა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ირაკლი კობახიძე გაუშვან. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რა ხასიათზე გაიღვიძებს ივანიშვილი და როგორ მოუნდება მას თავის საჭადრაკო დაფაზე ფიგურების გადაადგილება.
„რ": ზოგადად, არის თუ არა ან ინტერესთა კონფლიქტი ან საერთოდ პრობლემა, რომ მოქმედი მთავარი პროკურორი, რომელიც ახლახანს დაინიშნა და 10-წლიანი ვადა აქვს, უზენაესში უვადო მოსამართლეობას გეგმავს? აჩენს ეს კითხვებს?
ვ.ძ.: პირადად მე ასეთი კითხვა არ მიჩნდება, იმიტომ, რომ, სრულიად გაურკვეველია როგორ ხდება კადრების შერჩევა. სამართლებრივად რა პრობლემაა, თუ პროკურორი გადავა მოსამართლედ. ზოგადად, ჩამოყალიბებული არ არის არანაირი პრინციპი,
თქვენ წარმოიდგინეთ მმართველ გუნდში გააზრებულიც არ არის, საპარლამენტო მმართველობაში როგორ უნდა მოხდეს მთავრობის ფორმირება. ის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, ეს მხოლოდ ფორმალობაა და პარლამენტს ვინ ეკითხება ან მთავრობის შემადგენლობის ან პრემიერის დასახელებას? და ა.შ. ერთია კონსტიტუცია, რომელიც გვიდევს სადღაც და მეორეა ადამიანი, რომელიც ცვლის კონსტიტუციასაც, სისტემასაც და ყველაფერს, რისი შეცვლაც სურს.
„რ": დემოკრატიულობის პრინციპიდან გამომდინარეც არ ჩნდება კითხვა და არ არის პრობლემა, რომ თადუმაძე, ვინც ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, ჯერ მთავარ პროკურორად დაინიშნა და ახლა შესაძლო უზენაესის თავმჯდომარედაც ვიხილოთ?
ვ.ძ.: დემოკრატიისთვის პრობლემაა ის, რომ ქვეყანა კონსტიტუციით არ იმართება. მთავარი პრობლემა არის ეს. გადაწყვეტილებას პარლამენტი და პრემიერი უნდა იღებდნენ და ამ დროს გადაწყვეტილებას იღებს პარტიის თავმჯდომარე ივანიშვილი, ამ დროს კონსტიტუციაში პარტიის თავმჯდომარეზე საერთოდ არაფერი წერია.
როცა მთავარი პრინციპი ირღვევა და როცა კონსტიტუცია ხდება ფორმალური, ამის შემდეგ გენერალური პროკურორი უზენაეს სასამართლოში თუ წავა, ეს ჩვეულებრივი ამბავი ხდება.
„რ": თქვენი აზრით, თუკი ივანიშვილის გეგმაა, რომ თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნოს, ეს რას ნიშნავს, ის მურუსიძეს და ჩინჩალაძეს აღარ ენდობა და ამიტომ სასამართლოს ბოლო ინსტანციაში პირადი, ერთგული კადრი სჭირდება?
ვ.ძ.: არ გამოვრიცხავ, რომ ეს სურვილი იყოს. როდესაც ქვეყანას მართავს არა ინსტიტუტები, არამედ პიროვნებები, მაშინ ყველა უზენაესი ხელისუფალი ყველგან ძალიან სანდო, ერთგული ხალხის ძებნას იწყებს - შინაგან საქმეთა მინისტრად, სასამართლოს თავმჯდომარედ და ყველგან. სხვა მეთოდი არ მუშაობს.
„რ": ამდენი ქების მიუხედავად, ივანიშვილი მურუსიძეს არ ენდობა?
ვ.ძ.: როგორ უნდა ენდოს?! შეიძლება ივანიშვილი ასეთი გულუბრყვილო იყოს, რომ ენდოს ადამიანს, ვინც გუშინ სააკაშვილს ემსახურებოდა?! კი, დღეს მისი მსახურია, მაგრამ თუკი დაინახავს, რომ სააკაშვილი მოდის, ისევ სააკაშვილს მოემსახურება და შეიძლება ასეთი ტიპის პიროვნებას ენდო?!
„რ": ჩვენ ვიცით, რომ სკანდალურ 10-კაციან სიას მოჰყვა მთელი ეს პროცესი. ახლა წარმოდგენილია მოსამართლეობის 144 მსურველი და როგორ ფიქრობთ, სკანდალურ 10-კაციან სიაზე უკეთესი სია შეირჩევა საბოლოოდ, თუ კლანი ისევ გაიყვანს თავის ფავორიტებს?
ვ.ძ.: ეს 144-კაციანი სია გენიალური რამაა კლანისთვის. 10-კაციანი ყვირის, ამ 144-ში კი უნდა ეძებო. უფრო ადვილია გაანეიტრალო ფიგურები, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოოდ პარლამენტი მაინც იმას დაუჭერს მხარს, ვინც წინასწარ შეთანხმებულია. შერჩევის პროცესში დიდ ხმაური იქნება, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმე შედეგი იყოს.