სრულიად "ფეისბუქი" მოიცვა 24 წლის წინ დაკარგული ბიჭის ამბავმა, რომელმაც ოჯახს ახლა მიაგნო. ვიდეო მარტვილის რაიონის სოფელ ნაგებერაოშია გადაღებული, სადაც ახალგაზრდას ნამდვილი ოჯახი ცხოვრობს.
როგორც ირკვევა დათა ამჟამად თერჯოლაში ცხოვრობს, დაოჯახებულია... ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, მესამეს ელოდება. რა მოხდა წლების წინ და როგორ მიაგნო 24 წლის წინ დაკარგულმა ბიჭმა ოჯახს, სოფელ ნაგებერაოს რწმუნებული ირაკლი დანელია საუბრობს:
"1995 წელს გავიდა დეიდაშვილთან ერთად და რამდენიმე დღეში გავრცელდა ხმა, რომ დაიკარგა. როგორც მე ვიცი, შემდეგ დეიდაშვილი ჰყვებოდა, რომ მტკვარში იყვნენ საბანაოდ და წყალმა წაიღო. დაიწყო სამძებრო სამუშაოები, იმ დღიდან ჩართული იყო პოლიციაც, თუმცა მის კვალს ვერ მიაგნეს. ძებნა არ შეუწყვეტიათ დედ-მამას და-ძმებსაც. მამა მისი დაკარგვიდან ორ წელიწადში გარდაიცვალა, ნერვიულობას გადაყვა. ვერსად ვერ მიაგნეს კვალს. ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დათა ნაპოვნია და უნდა ჩამოვიდესო. გუშინ ვიყავი ასული და ჩამოუსლი იყო.
როგორც ვიცი, დათას ჩხუბი მოუვიდა, რის შემდეგაც ის მოხვდა ქუთაისის ციხეში, სადაც ჩვენი თანასოფლელი იჯდა. მან მიამსგავსა მეზობელს და ჰკითხა გახოკიძე ხომ არ ხარო. ამას თავისი გვარი ახსოვდა და კიო მე გახოკიძე ვიყავიო, კიდევ ოტობაია უხსენებია იქიდან ვარო.
ოტობაია კი არა მარტვილიდან ხარო, უთქვამს ჩვენს მეზობელს და 24 წელია გეძებთო. უკითხავს, გაიხსენე რამე თუ გახსოვს შენი სახლიდანო. ამან ვერ გაიხსენა მშობლების სახელი და გვარები, თუმცა რაღაც დეტალები ახსოვდა. სახლის უკან თევზის აუზები გვქონდაო, სადაც წყლის გამშვები რკინის საკეტებიაო. ეს მართალაც არის, ახლაც. აქედან გაირკვა ეს ამბავი. დათას უთქვამს ნუ გაახმაურებ ამ ამბავს და ციხიდან, რომ გავალ მე თვითონ დავუკავშირდებიო. ერთ-ერთ მეზობელს დაკავშირებია სოციალურ ქსელში და უკითხავს თავის დაზე, თუ იცნობდა.
მეზობელს უთქვამს, რომ ხუთი დედმამიშვილები არიან და ერთ-ერთი დათა გახოკიძე დაკარგულიაო. ამით უფრო გაიღრმავა ეჭვი, რომ დათა თვითონ იყო. გუშინ ჩამოვიდა. როგორც თქვა, დაოჯახებულია, ორი შვილი ჰყავს და მესამეს ელოდება, თერჯოლაში ცხოვრობს. დაკარგვის მომენტი არ ახსოვს, სავარაუდოდ ისეთი ტრამვები აქვს მიღებული, რომ წარსული არ ახსოვს. მარტვილში დედა, დები და ძმები ჰყავს. დედად ცუდა გახდა, იმდენად ემოციური იყო ეს ყველაფერი... მე როგორც ვიცი, ახლა თერჯოლაშია წასული, მაგრამ მგონის ჩამოვა ისევ", - უთხრა "ამბები.ჯი"-ს ირაკლი დანელიამ.