საბანკო და სალომბარდე სესხებზე თავდებობა და მასთან დაკავშირებული საკითხები საკმაოდ აქტუალური პრობლემაა.
პრობლემა ისაა, რომ მომხმარებლები არ ეცნობიან ხელშეკრულებას და ისე ხდებიან თავდები პირები, რომ არ აცნობიერებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას. პრობლემური სესხის შემთხვევაში, თავდები ისეთივე პასუხისმგებელია თავისი უძრავი და მოძრავი ქონებით, როგორც ძირითადი მსესხებელი.
საადვოკატო ბიუროს იურისტების ინფორმაციით, თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით. უნდა იყოს განსაზღვრული ის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც თავდები პასუხს აგებს ძირითადი ხელშეკრულების მოვალის ვალდებულებისთვის. კრედიტორი ვალდებულია, თავდებს აცნობოს, თუ მოვალე ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილებს.
თუ კრედიტორმა თავდებს არ შეატყობინა ძირითადი ვალის გადახდის ვადის გადაცილების შესახებ, გადაცილებას კი მოჰყვა პირგასამტეხლოს დარიცხვა, ასეთ შემთხვევაში თავდებს უფლება აქვს, უარი თქვას ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხული საურავის გადახდაზე. მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კრედიტოფიცერი არაა უფლებამოსილი, შეიჭრას მათს კერძო საკუთრებაში და ვალის გადახდის მიზნით რაიმე სახის მუქარა განახორციელოს, ეს კრედიტორის მხრიდან კანონდარღვევად ითვლება.
იურისტები ასევე განმარტავენ, კონკრეტულად რას უნდა მიაქციოს ყურადღება თავდებში მდგომმა პირმა:
- სესხის თანხას, ვალუტას და დაფარვის პერიოდს;
- სესხის პროცენტს;
- თანხის იმ მაქსიმალურ ოდენობას, რომლის ფარგლებშიც არის პასუხისმგებელი;
- ვადაგადაცილების ჯარიმებს;
- სესხის გაპრობლემების შემთხვევაში მოსალოდნელ სანქციებს.
აუცილებელია თავდებში მყოფმა აკონტროლოს რამდენად დროულად ფარავს ყოველთვიურ გადასახადს ძირითადი მსესხებელი. თავდებს უფლება აქვს, მოითხოვოს გადახდების შესახებ ინფორმაცია, როგორც მოვალისგან, ასევე ბანკისგან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე