„გაუგებარია, თუკი ამ ადამიანის დასაკავებლად ამდენი ხანი ასეთი მტკიცებულებები არსებობდა, მანამდე რატომ არ დააკავეს? ბევრი კითხვა ისმის უკვე გამოძიებასთან დაკავშირებით; რა მოტივით არ იქნა დაკავებული თავიდანვე? თუკი ხელის დაფარების მცდელობა იყო, რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს, ვინც ხელს აფარებდა მას?" - ასე ეხმაურება „რეზონანსთან" საუბრისას დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფიგურანტის, მიხეილ კალანდიას დაკავებას.
ჭიჭინაძის განცხადებით, ამ საქმეში ხელის დაფარების მცდელობა იყო. მისი თქმით საქმის აქამდე გამოუძიებლობის გამო გამოძიება უნდა დაიწყოს და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
„აქ მაქსიმალურად იყო მცდელობა, რომ ხელის დაფარება მომხდარიყო. მიუხედავად ამდენი მტკიცებულებისა, არცერთი ქმედება თავიდან არ იყო დროულად გამოძიებული.
„როდესაც საგამოძიებო კომისია მსჯელობდა, თვალს ვადევნებდი კითხვა-პასუხებს. მახსოვს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის გაუგებარი პასუხები. მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ საქმე მიეჩქმალათ. საგამოძიებო უწყებებს აქვთ იმის რესურსი, რომ საქმე ისე აბურდონ, დამნაშავე ვერ იპოვონ.
„გამოძიება სხვა მიმართულებითაც უნდა დაიწყოს - ვინც იყო, დაწყებული რიგითი გამომძიებლით, დამთავრებული პროკურატურით თუ შსს იქნება, რომლებმაც ამ ყველაფერზე პირველადი მოკვლევა ჩაატარა, თუმცა სრული სურათი არ დადო - ამ ადამიანებს, ყველას უნდა მოეკითხოს. როგორ შეიძლება ბავშვის მკვლელობის არგახსნა ვიღაცის ინტერესში იყოს?" - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფიგურანტი მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.