წელიწად ნახევრიანი ლოდინის შემდეგ, გამოძიებას დავით სარალიძის მკვლელობაში ორი ბრალდებული ჰყავს. 5-ჯერ შეცვლილი ჩვენების შემდეგ პროკურატურის ე.წ. ოქროს მოწმედ ცნობილი მიხეილ კალანდია, რომელსაც ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელობაში ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად ასახელებდა, დაკავებულია.
ვინ იქნება შემდეგი და როგორ შეიძლება სარალიძის მკვლელობის ირგვლივ საქმის გამოძიება რადიკალურად შეიცვალოს და ბრალდებულ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს. შეიძლება თუ არა პასუხისგებაში მიეცნენ როგორც სხვა მოზარდები, ასევე მაღალი თანამდებობის ყოფილი თუ მოქმედი პირები, რომლებიც ხორავას მკვლელობის საქმეს იძიებდნენ?
კალანდიას ბიძა, მირზა სუბელიანი, რომელიც სასჯელს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვსი იხდის, საპყრობილეს ერთ თვეში დატოვებს. არ არის გამორიცხული, რომ კალანდიას დაკავების შემდეგ, ის პასუხისგებაში ხელხლა მისცენ.
სავარაუდოდ, გამოძიება უკვე დაინტერესებულია და გამოყოფილი საქმის ფარგლებში იკვლევს გამომძიებელ-დეტექტივ ირაკლი ფიფიას და საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის მონაწილეობას. ასევე არ არის გამორიცხული გამოძიებამ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით პასუხისგებაში კიდევ რამდენიმე მოზარდი მისცეს და მათ შორის ცალკე სასულიერო პირის შვილის მონაწილეობით დაინტერესდეს, რომელიც მოზარდებს შორის ჩხუბის დროს დაიჭრა.
ხორავას ქუჩის გახმაურებული მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მიხეილ კალანდია სამართალდამცველებმა დიღმის ტრასაზე აიყვანეს სავარაუდოდ მაშინ, როდესაც კალანდია ქალაქის დატოვებას ცდილობდა.
კალანდიას ბრალი სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობაში ედება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა.
მიხეილ კალანდია საქმის მთავარი მოწმეა, თუმცა იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე შეცვალა სასამართლოსთვის და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, კალანდია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არასანდო მოწმედ იქნა მიჩნეული.
სააპელაციო სასამართლომ 3 ივნისს ხორავას საქმეზე განაჩენი გამოიტანა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ „ჯგუფურად, დაუდგენელ პირებთან ერთად“.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ საქმის პროკურორმა არ უპასუხა კითხვას - დაიწყებოდა თუ არა სამართლებრივი პროცედურები მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ, რომლის დაკავების რეკომენდაციაც პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გასცა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სააპელაციო სასამართლოს აღწერილობისა და სამოტივაციო ნაწილში არსებული გარემოებების გათვალისწინებით უწყება შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებს და აუცილებლად იმსჯელებს, შესაძლო სხვა პირთა თანამონაწილეობაზე.
„მიხეილ კალანდიას ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ აქვს“, - ამის შესახებ დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ანი კოტეტიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს.
როგორც ადვოკატი ამბობს, მიხეილ კალანდია ქალაქის დატოვებას არ აპირებდა და ის სასამართლოსკენ გზად მიმავალი დააკავეს.
კალანდიას მამა თენგიზ კალანდია კი აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. მისი განმარტებით, ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული.
„ახლა პოლიტიკური ინტერესი არსებობს „რუსთავი 2“- ის მოთხოვნით. მტკიცებულებები რომ ყოფილიყო ჩემი შვილის წინააღმდეგ, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?! არ ვიცი, ალბათ, პოლიტიკურად აწყობს ვიღაცას. არ ვიცი, ვის აწყობს“, - განაცხადა თენგიზ კალანდიამ ჟურნალსიტებთან საუბრისას.
მიხელ კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით ზაზა სარალიზემ მედისთან პირველი კომენტარი გააკეთა. სარალიძე ამბობს, რომ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ კალანდიას უახლოეს დღეებში დააკავებდნენ. მისი თქმით, მას შსს-თან მუდმივი კავშირი აქვს და არ გამორიცხავს, რომ საქმის ირგვლივ დამნაშავე პირთა წრეც გაფართოვდეს.
სარალიძიე ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება და წინ კალანდიას სასამართლო პროცესია. ასევე იმ პირების პასუხისგებაში მიცემას ელოდება, რომლებიც საქმის გაყალბებაში მონაწილეობდნენ.
„ფაქტობრივად, ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი, თუ როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას და შეეცდება თუ არა მის ე.წ. გაპრავებას. დაველოდოთ მოვლენებს.
„ეს სამართალი საჭირო იყო იმისთვის, რომ მსგავსი პრეცენდენტები არ განმეორდეს. ვნახოთ, როგორ დაასაბუთებენ ძალოვანი უწყებები, რატომ მოხდა ეს ასე და რატომ გაჭიანურდა გამოძიება.
„იქ არის კიდევ დამნაშავე პირები, რომლებმაც ჩაიდინეს სხვადასხვა დანაშაული, როგორც არასრულწლოვნებმა ისე სრულწლოვნებმა. ამიტომაც ამ გამოძიებასაც დაველოდები და ვნახოთ რა იქნება. სამართლიანობა მანამდე აღდგენილი არ იქნება, სანამ ყველა პირის პასუხისგებაში მიცემა არ მოხდება“, - აღნიშნა სარალიძემ.
ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას დაკავების რეკომენდაცია საგამოძიებო უწყებას მათ მიაწოდეს. კაპანაძე ამბობს, რომ საქმის ირგვლივ არსებობს მოლოდინი, რომ პასუხისგებაში კალანდიას შემდეგ ირაკლი ფიფია, მიხეილ ფხაკაძე და მირზა სუბელიანი მიეცემიან.
დეპუტატი აცხადებს, რომ კომისიის გამოძიების ფარგლებში მათ ამ საქმესთან შემხებლობაში 10-მდე პირის ვინაობა გამოკვეთეს, რომლებიც საქმის გაყალბების ფართო წრეს წარმოადგენდნენ. ამიტომაც ამ ადამიანების დაკითხვა და გადამოწმება უნდა მოხდეს.
კაპანაძე არც იმას გამორიცხავს, რომ გამოძიებამ ცრუ ჩვენების ბრალდებით პასუხისგებაში კიდევ რამდენიმე არასრუწლოვანი მისცეს. დეპუტატი ამბობს, რომ შსს-ს მისცეს რეკომენდაცია სასულიერო პირის შვილის მონაწილეობით დაინტერესდეს და მისი დაჭრის ეპიზოდი ცალკე გამოყოფილად გამოიძიოს.
„ახლა, კალანდიას დაკავების შემდეგ, შსს-ს მთავარი ტესტი იქნება, თუ ფიფიასთან, ფხაკაძესთან და სუბელიანთან დაკავშირებით საქმეს რა სახის მსვლელობას მისცემენ. ახლა ყველამ პასუხი უნდა აგოს, ვინც ეს საქმე გააყალბეს; ასევე დადგეს ყველა იმ დეპუტატის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც კალანდიას ქმედებებს ურცხვად აპრავებდნენ.
საგამოძიებო კომისიამ კალანდიას გარდა დააგინა 10 ადამიანის ვინაობა, ვისი ქმედებებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. მათი ქმედებები საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გაანალიზებული და შეფასებული უნდა იყოს, ამის შემდეგ კი მათ ბრალი უნდა დაედოთ. საქმეში იყო რამდენიმე ეპიზოდები, სადაც ცრუ ჩვენებებს ჰქონდა ადგილი.
„ამ კუთხითაც დ.ღ-ს გარდა, რომელსაც ბრალი უკვე ამ მუხლით დაუმტკიცდა, სხვებსაც წაეყენოთ და კარგი გაკვეთილი იქნება. თუმცა, პრიორიტეტების მიხედვით ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქმის გამყალბებლების დაკავება მოხდეს.
„რაც შეეხება სასულიერო პირის შვილს, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ მოვიპოვეთ, რომ მის შესახებ რამე კონკრეტული გვეთქვა, თუმცა, მოზარდი ამ ჩხუბის დროს დაიჭარა. ამიტომაც ჩვენი მოთხოვნა ამ ფაქტის გამოძიება იყო, რომელმაც შეიძლება სხვა კვალზეც გაგვიყვანოს“, - აცხადებს კაპანაძე „რეზონანსთან“.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი, რომელიც ზაზა სარალიძის უფლებებს სასამართლოში იცავს, „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას დაკავება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ლოგიკური გაგრძელბა იყო.
მისი თქმით, სასამართლომ საგამოძიებო უწყებას პირდაპირ მოუწოდა, რომ გ.ჯ.-ს შემდეგ სასწრაფოდ დაედგინა მასთან ერთად კიდევ ერთი დანაშაულის ჩამდენი პირი. საქმის მასალების მიხედვით კი ასეთი პირი, რომლის მიმართაც უკვე დიდი ხანია ლოგიკური კითხვები არსებობს, მიხეილ კალანდია იყო.
„ჩვენი ორგნიზაცია სარალიძის ინტერესებს კალანდიას საქმის შემთხევვაშიც დაიცავს და ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით. ასევე დიდი ინტერესით ახლა უკვე გამოყოფილი საქმის გამოძიებას ველოდებით, სადაც კალანდიას დაკავების შემდეგ, იმ პირების ვინაობა უნდა გამოიკვეთოს, ვინც სავარაუდოდ, სამოხელეო სახის დანაშაული ჩაიდინეს და საქმის გაყალბებას ან ხელი შეუწყეს ან კიდევ უბრალოდ არ შეუშალეს.
„კალანდია იყო ჩხუბის მთავარი მონაწილე და ახლა უკვე გაირკევავ ამ ჩხუბში და სარალიძის მკვლელობაში კიდევ არიან თუ არა დამნაშავე პირები. გამორიცხული არაფერია, რადგანაც დანაშაული ჯგუფურად არის ჩადენილი. კალანდიას და გ.ჯ.-ს გარდა შესაძლოა, სხვა დამნაშავეებიც იყვნენ“, - აცხადებს ცქიტიშვილი „რეზონანსთან“.