თამთა ჩაჩანიძე
04.06.2019

 იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უზენაესი სასამართლოს ყოფილ თანამშრომელს კახა წიქარიშვილს და მის მომხრე ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიები უწოდა. წიქარიშვილი „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ პოლიტიკასთან მათ საერთო არ აქვთ და მათი მხარდამჭერები არიან ერთმანეთთან სრულიად განსხვავებული პოზიციაზე მყოფი პარტიები.

„პოლიტიკასთან ჩვენ საერთო არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ წმინდა პროფესიული კუთხით ვუყურებთ ამ საკითხს. ჩვენ ვართ იურისტები და გული შეგვტკივა ჩვენს პოფესიაზე. ჩვენი მხარდამჭერები არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული სრულიად განსხვავებული პოზიციაზე მყოფი პოლიტიკური პარტიები, ჩვენი მხარდამჭერები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დიდი ხანია მოღვაწეობენ მართლმსაჯულების სისტემაში.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვაკრიტიკებთ როგორც წინა, ასევე მოქმედ მთავრობას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჩვენს პოზიციას უკვე ვაფიქსირებთ დაუფარავად და ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტისგან დამოუკიდებლად, ეს განცხადება არის დაუსაბუთებელი და ჩვენთვის არის მიუღებელი", - აცხადებს წიქარიშვილი.

მან „რეზონანსს" ასევე უთხრა, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროსაც საუბრობდა სასამართლოს გამოწვევებზე.

„მე ამის შესახებ ვსაუბრობდი. თქვენ შეგიძლიათ ამოიკითხოთ 2017 წლის ჩემი გამოსვლა საქართველოს პარლამენტში. მე როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე კენჭს ვიყრიდი, 2017 წელს ირაკლი კობახიძეს წერილი მივწერე სასამართლო სისტემის ძირითადი გამოწვევის და მისი გადაჭრის გზების თაობაზე. ეს არის წერილი, სადაც ვლაპარაკობ ზუსტად იგივეს, რასაც ვამბობ. ირაკლი კობახიძისგან ამ წერილზე პასუხი არასოდეს არ მიმიღია.

„წულუკიანმა რადგან გააკეთა ჩემზე განცხადება, დავამატებ, რომ მე წულუკიანს მივწერე წერილი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით 2013 წელს (მაშინ წულუკიანთან მქონდა საქმიანი მიმოწერა) სასამართლოს რეფორმის თემაზე. უბრალოდ ამ წერილზე პასუხი არ გამცა", - განაცხადა წიქარიშვილმა.

მან 18 დამოუკიდებელ იურისტთან ერთად დღეს პარლამენტში რეზოლუციის პროექტი შეიტანეს და კანონმდებლებისაგან სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის დოკუმენტურად დადასტურებას ითხოვენ. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამ ინიციატივას გამოეხმაურა და წიქარიშვილს და მის მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიები უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×