თამარ შუკვანი
04.06.2019

 „მთელი უმრავლესობის შემადგენლობა ვემიჯნებით კოსტავას „ფეისბუქპოსტის" შინაარსს, პათოსს და დამოკიდებულებას. არა მარტო საჯარო მოხელის და პოლიტიკური თანამდებობის პირისგან, არამედ არცერთი ადამიანისაგან არ არის მსგავსი პოზიცია მისაღები და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ამ პროცესს, რა თქმა უნდა, გაემიჯნება," - აცხადებს „რეზონანსთან" ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ლორთქიფანიძე დეპუტატ ნანა კოსტავას საკრებულოდან გაშვების მოთხოვნის შესახებ საუბრისას.

ლორთქიფანიძის განცხადებით, ნანა კოსტავას დეპუტატის მანდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუჩერდება, თუკი იგი საკრებულოდან წასვლის შესახებ განცხადებას დაწერს, ან 6 თვის განმავლობაში საკრებულოს საქმიანობას ჩამოშორდება. მისი თქმით, საკრებულოს უმრავლესობა, კანონის ფარგლებში, საკითხს სხვაგვარად ვერ დააყენებს.

„მნიშვნელოვანი გახლდათ პოლიტიკური რეაგირება იმაზე, რა პროტესტის გრძნობაც საზოგადოებას ჰქონდა იმ ყოვლად მიუღებელი „ფეისბუქპოსტის" გარშემო. აქედან გამომდინარე, ჩვენ, პოლიტიკურმა გუნდმა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კოსტავას ფრაქციის თავმდჯომარის პოსტი დაეტოვებინა, ხოლო გენდერული თანასწორობის საბჭომ იგი გაიწვია და საბჭოდან გარიცხა.

„ამის შემდეგ რჩება მხოლოდ ერთი რამ - ეს არის მანდატი, რომელიც კოსტავას აქვს. მანადატი, რომელსაც კანონი იცავს და რის წინააღმდეგაც ჩვენ რაიმე მექანიზმების ამუშავება არ შეგვიძლია; ორგანული კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ჩარევას, რომელიც საბოლოოდ შედეგს დადებს, რომ დეპუტატმა მანდატი დატოვოს", - აცხადებს ლორთქიფანიძე.

უნდა აღინიშნოს, დღეს ამ საკითხზე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებისა და სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა გაიმართა, რომელიც სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა. კამათის მიზეზი დეპუტატ ნანა კოსტავას საკრებულოდან გაშვების მოთხოვნა გახდა.

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ალეკო ახალაძემ აქტივისტები კოსტავას ბულინგში დაადანაშაულა. მისი თქმით, ნანა კოსტავამ არჩევნებში პარტია „ქართულ ოცნებას" იმაზე მეტი ხმა მოუტანა, ვიდრე სამოქალაქო აქტივისტები ყველა ერთად შეძლებენ. ასევე თქვა, რომ ის კოსტავასთან ურთიერთობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. იგი გმობს ნანა კოსტავას პოსტს, თუმცა ამ თემაზე მხოლოდ მასთან ისაუბრებს.

რაც შეეხება სამოქალაქო აქტივისტების პასუხს, მათ აღნიშნეს, რომ ალეკო ახალაძეს არაადეკვატური პოზიცია ჰქონდა. აქტივისტები საკრებულოდან ნანა კოსტავას გაშვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისთვის ბოიკოტის გამოცხადებას მოითხოვენ.

საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია აცხადებს, რომ კოსტავამ პირველ ეტაპზე საკრებულოს დატოვების მზაობა გამოხატა, თუმცა შემდგომ მან გადაწყვეტილება შეცვალა. მისი თქმით, ფრაქციაში მასთან ერთად მუშაობას არ აპირებს და მისი კოლეგები ამ პოზიციას იზიარებენ, თუმცა არ გააჩნიათ ბერკეტი, რომ კოსტავას საკრებულო დაატოვებინონ.

ლორთქიფანიძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ საკითხში საკრებულოს წევრების მხრიდან რაიმე სახის ჩარევა შეუძლებელია, რადგან ეს უკვე კანონდარღვევად ჩაითვლება - სამსახურეობრივ შევიწროებად და ზეწოლად.

„ეს მანდატი მას საზოგადოებამ 2017 წელს მიაკუთვნა, რომელიც 2021 წლამდე აქვს. ამიტომაც მან უნდა გადაწყვიტოს. ჩვენი ჩარევა იმ კუთხით, რომ ყოველდღიურად ვუთხრათ, პერმანენტულად გაუმეოროთ, რომ მან მანდატი დატოვოს - ეს შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც სამსახურებრივი შევიწროება, ან ზეწოლა, რაც კანონით ისჯება.

„მე არ ვარ მომხრე, რომ რაიმე დარღევევა ან მარლთსაწინააღმდეგო ჩავიდინოთ. მსგავის მოთხოვნის დაყენება საკრებულოს წევრების მიმართ არაადაკევატური მგონია, ხოლო ჯანსაღ სამოქალაქო პროტესტს პატივს ვცემთ. თუკი გვინდა, რომ ჩვენ მიერ გაწეული საქმიანობა ეფექტური იყოს, ამაში სამოქალაქო სექტორის ჯანსაღი ფორმებით ჩართულობა ყოველთვის მისაღები იქნება. ჩვენ გავემიჯნეთ ყოველგვარ უმსგავსო ქმედებას, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება ნანა კოსტავას მიერ გავრცელებულ „ფეისბუქპოსტს" დავუკავშიროთ," - განაცხადა ოთარ ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, ნანა კოსტავამ სიძულვილის შემცველი პოსტი 28 მაისს დაწერა, რასაც მის წინააღმდეგ აქციები მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×