„სახალხო დამცველის განცხადება სწორია - სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მანიფესტაციის ან მიტინგის მონაწილეების უსაფრთხოება. მაგრამ, ისიც სწორია, რომ თუკი არსებობს კონფლიქტის საფრთხე, მაშინ ხელისუფლებას შეუძლია ურჩიოს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება სხვა ადგილას. რაც შეეხება მესამე ჯგუფს, რომელიც ამბობს, რომ არ ჩავატარებინებთ მსვლელობას, ნამდვილად არ არის კანონიერი", - ასე შეაფასა კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ „თბილისი პრაიდის" მიერ დაანონსებული მსვლელობაზე შსს-ის მიერ გაწეული რეკომენდაცია და სახალხო დამცველის განცხადება.
ცნობისთვის, სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს „ღირსების მარშის" ჩატარებამდე აწარმოოს სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები და გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მოქალაქეთა მხრიდან მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების სრულფასოვანი რეალიზება.
თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მსვლელობის ორგანიზარტორებს შესთავაზა ალტერნატიული ტერიტორია 23 ივნისს მსვლელობის ჩასატარებლად, რაზეც უარი მიიღო. შსს-ში განაცხადეს, რომ იმ ტერიტორიებზე, სადაც ლგბტ თემის წარმომადგენლებს შესთავაზეს მსვლელობის მოწყობა, შეძლებენ მათს უსაფრთხოების დაცვას.
„რეზონანსთან" საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ცალსახად იმის თქმა, თუ ვის მხარესაა კანონი და ვინ ვისი თხოვნა უნდა გაითვალისწინოს 23 ივნისს „თბილისი პრაიდის" მსვლელობის საკითხთან დაკავშირებით, შეუძლებელია, მაგრამ, კანონის მიხედვით, შსს ვალდებულია, რომ შეძლებისდაგვარად დაიცვას დემონსტრანტების უსაფრთხოება:
„ცალსახად იმის თქმა, თუ ვის მხარესაა კანონი, შეუძლებელია, რადგან, ერთ მხრივ, სახალხო დამცველის განცხადება სწორია - სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მანიფესტაციის ან მიტინგის მონაწილეების უსაფრთხოება. მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც სწორია, რომ თუკი არსებობს კონფლიქტის საფრთხე და თუ ამის რისკი მაღალია, მაშინ ხელისუფლებას შეუძლია ურჩიოს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება სხვა ადგილას. ასეთი რაღაცები, ყოფილა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-შიც.
„მოსმენილი მაქვს, რომ, ერთ მხრივ, არსებობს სურვილი იმისა, რომ ცენტრალურ ქუჩებზე გაიმართოს მანიფესტაცია და მეორე მხრივ, მათ მოწინააღმდეგეთა განცხადებები, რომ ამის გაკეთების საშუალებას არ მისცემენ. როდესაც ორივე პრინციპულად ასეთ პოზიციაზე დგება, მაშინ მაღალია რისკი იმისა, რომ მოხდეს მათ შორის შეტაკება. პოლიციას რამდენად შეუძლია ან არ შეუძლია ამის აღკვეთა, ეს თავად პოლიციამ უნდა განსაზღვროს, მე გამიჭირდება ამის თქმა.
„ასე რომ, ამ შემთვევაში ცალსახა პასუხის გაცემა, მართებულია თუ არა „პრაიდის" ორგანიზატორების ან ხელისუფლების მოქმედება, გამიჭირდება.
„მესამე ჯგუფის მოქმედება, რომელიც ამბობს, რომ არ ჩავატარებინებთ მსვლელობას, ნამდვილად არ არის კანონიერი, რადგან მე თუნდაც არ მომწონდეს მათ მიერ დაგეგმილი მსვლელობა, მათ აქვთ ამ ღონისძიების ჩატარების უფლება, ცხადია, თუ ეს კანონის ფვარგლებში ხდება.
„მე არ მაქვს უფლება ამაში ხელი შეგიშალოთ. თუ ისინი გადავლენ კანონის ფარგლებს, მაშინ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ეს ღონისძიება და არა მე ან ვინმე სხვა ჯგუფმა", - განმარტავს ვახტანგ ხმალაძე.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს სიტუაციის გამწვავების შემთვევაში ლგბტ თემს აუკრძალოს მსვლელობის მოწყობა, იურისტი აცხადებს, რომ აკრძალვის უფლება არ აქვს შსს-ს, მაგრამ შეუძლია, რომ წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა დააწესოს:
„ზუსტად გამიჭირდება თქმა, მაგრამ, რამდენადაც მახსოვს, მსვლელობის აკრძალვის უფლება არავის აქვს, რადგან კონსტიტუცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ შეიძლება დააწესოს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილზე იმართება - ე.ი. შეუძლია, გაფრთხილების ვალდებულება დააწესოს და ასეთი ვალდებულებები თბილისის თვითმმართველობის, თბილისის მერიის მიერ დაწესებულია.
„მაგრამ ეს არის მხოლოდ ის, რომ მე უნდა ვაცნობო, რომ კონკრეტულ ადგილზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული მარშრუტით ვაპირებ გავმართო მანიფესტაცია და მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობაც წარვადგინო. აკრძალვის უფლება არ აქვს.
„ამავე დროს არის ხელისუფლების ვალდებულება, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება, მაგრამ ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, ყოველთვის ვერ ხდება უსაფრთხოების უზრუნველყოფა: თუ ძალიან დიდია ხალხის რაოდენობა, იმდენად დიდია და ისეთ ადგილას იმართება, რომ პოლიციას არ ეძლევა შანსი, რომ აბსოლუტურად ყველაფრისგან დაიცვას ეს ხალხი.
„ყოველ შემთვევაში, როდესაც არსებობს ორ სხვადასხვა ჯგუფებს შორის შეჯახების მაღალი ალბათობა, მაშინ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ შეჯახება არ მოხდეს. ამის გაკეთება კი შესაძლებელია სხვადასხვაგვარად, რისი ერთერთი შესაძლებლობაც ხელისუფლებამ უკვე გამოიყენა და ადგილის შეცვლა შესთავაზა.
„მაგრამ ორგანიზატორებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, თუ რა ტიპის ექსცესი შეიძლება წარმოიშვას და რა შეიძლება მოჰყვეს ამას. თუნდაც არ დათანხმდნენ ხელისუფლების შეთავაზებას და დაიწყეს ეს მანიფესტაცია, ხელისუფლებამ მაინც უნდა იღონოს ყველაფერი იმისათვის, რომ არ მოხდეს ექსცესები. მაგრამ იმის გარანტიას, რომ არაფერი არ მოხდება, ვერავინ ვერ მისცემს", - აცხადებს იურისტი.
„ამ შემთხვევაში აქ იურიდიულ მხარეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აქ ასეთი რამაა - როდესაც, ვთქვათ, ჩემი გარკვეული ქმედება თქვენ გაღიზიანებთ, მე ეს ვიცი და ვიცი რა შეიძლება ამას მოჰყვეს თქვენი მხრიდან, გონივრული იქნება, რომ მე ასეთ მოქმედებას ავარიდო თავი. ვფიქრობ, რომ ეს გონივრული მიდგომაა.
„მაგრამ შესაძლებელია, რომ მე ეს მაინც მოვიმოქმედო, რათა თქვენი პროვოცირება მოვახდინო ისეთ ქმედებაზე, რომელიც თავისთავად კანონსაწინააღმდეგოა, რათა ამით თქვენ მიმართ კანონის ამოქმედება გამოვიწვიო - ესეც შესაძლებელია.
„მიზეზები შესაძლოა, რომ იყოს სხვადასხვა - ამ შემთხვევაში მე გონივრული ქმედების მომხრე ვარ, ანუ ქმედების, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ მე თავი უნდა შევიკავო ისეთი ქმედებისგან, რის გამოც შესაძლოა გაღვივდეს მწვავე კონფლიქტი", - ამბობს ხმალაძე.