სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში 36 წლის მამაკცი მოკლეს. როგორც ადგილობრივები და გარდაცვლილის ნათესავები „რეზონანსთან“ ყვებიან, ბექა ჭაბაშვილი მეგობარს ცემისას შემოაკვდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმტანილი მამაკაცი მისივე მეგობარი და თანასოფლელია.
მათი ინფორმაციით, კონფლიქტი და სიტყვიერი შელპარაკება თანასოფლელის დაბადების დღეზე მოუვიდათ. თუმცა, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება უკვე ქუჩაში გაგრძლედა. ისინი დაბადების დღიდან, სავარაუდოდ, ერთად გამოვიდნენ და დაპირისპირებაც სწორედ გზაში გამწვავდა.
როგორც ჭაბაშვილის მამიდა „რეზონანსთან“ ყვება, მათი გაშველება თანასოფლელებმა როდესაც სცადეს, უკვე გვიანი იყო, რადგანაც მისი ძმისშვილი სასტიკად იყო ნაცემი. სახლში მიყვანილი მამაკაცი მამიდამ ძლივს იცნო, რადგანაც მას სახე ბლაგვი საგნით დაზიანებული ჰქონდა. თუმცა მათთვის გაუგებარია კონკრეტულად დაპირისპირების მიზეზი რა გახდა. დაპირისპირების დროს ორივე მათგანი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.
ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს, თუმცა უშედეგოდ.
გარდაცვლილ მამაკაცს სამი მციროწლოვანი შვილი დარჩა.
„არ ვიცი ასეთი რა დაუშავა. საკუთარმა მეგობარმა ცემით მოკლა. სულ ერთად იყვნენ, ერთად სვამდნენ და ჭამდნენ. მის გარეშე ლუკმას არ ტეხდა. მტერი არ უზამდა ასეთ რამეს, რაც მოყვარემ გაუკეთა. სახე ისე ჰქონდა ცემისგან დამახინჯებული, ძმისშვილი ვერ ვიცანი. აღარც დედა ჰყავდა და აღარც მამა. ობლობაში გავზარდეთ.
„თანასოფლელის დაბადებისდღეზე ყოფილან, კონფლიქტი იქ დაწყებულა. რაღაცაზე სიტყვიერად შელაპარაკებულან. ყურადღება არავის მიუქცევია, რადგანაც მეგობრები იყვნენ. თურმე ამას გულში ჩაუდია.
„არავინ იცის გზაში ერთად წამოვიდნენ, თუ ის დახვდა. სოფლის ხიდთან გაუტყუებია, ხალხს რომ არ დაენახა და ცემით მოკლა.
„როცა თანასოფლელებმა დაინახეს, მიცვივდნენ, მაგრამ გვიანი იყო, სახე ზედ აღარ ჰქონდა. სახლში რომ მოიყვანეს, უკვე ხროტინებდა, ბავშვი სულს ლევდა. ასეთი სისასტიკე... რა დაუშავა, რომ სამი შვილის მამა ასე გაიმეტა. თანაც ერთად დაზრდილები, მეგობრები იყვნენ. ობლობასა და უბედურებაში გავზარდეთ, აღარც დედა ჰყავს და აღარც მამა“, - ჰყვება „რეზონანსთან“ გარდაცვლილის მამიდა ნაირა ჭაბაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობა ცხელ ფაქტზე გახსნა. სავარაუდო დამნაშავე ადგილზევე დააკავეს. საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.