თამარ შუკვანი
04.06.2019

 „კონსტიტუციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტი არის ერთ-ერთი წამყვანი, მისი გადაწყვეტილებები და განცხადებები პრემიერთან უნდა იყოს შეთანხმებული,“ - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრების დადგენის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელსაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ვითარების გამწვავება მოყვა, პრემიერთან შეთანხმებული იყო.

ძაბირაძე ზურაბიშვილის ამ განცხადებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, საზღვარი ორ ქვეყანას შორის საბოლოოდ უნდა დადგინდეს იმისათვის, რომ მესამე ძალამ ამ საკითხით რაიმეს პროვოცირების საშუალება არ მიეცეს. 

„საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტი მონაწილეობს, მაგრამ მონაწილეობს იმდენად, რამდენადაც მისი განცხადებები პრემიერთან არის შეთანხმებული. ეს განცხადებაც, საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით, ალბათ შეთანხმებული იყო. თუ არ ათანხმებს, ესაა ცუდია. 

„ზურაბიშვილის იმ განცხადებაში კატასტროფული ვერაფერი დავინახე. მან თქვა, რომ საზღვარი უნდა დაგინდეს, რადგან ეს საზღვარი დიდი ხანია ღიაა. გასაგებია, რომ მხარეები შესაძლოა ამისთვის მზად არ იყვნენ, მაგრამ რეგულაცია უნდა მოხდეს, რამეზე უნდა შეთანხმდენენ. 

„ყოველთვის, როგორც კი სადღესასწაულო დღეები დგება, მომლოცველების გარეჯში მისვლა პრობლემაა. ასეთი საკითხი მესამე ძალას ყოველთვის აძლევს შესაძლებლობას, რომ მუდმივი პროვოცირება მოახდინოს,“ - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა სამშაბათის ბრიფინგზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ყველა აქტივობა და მოლაპარაკება კანონთან სრულ შესაბამისობაშია და შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×