თამარ შუკვანი
05.06.2019

 „საქართველოს არ აწყობს სააკაშვილის ექსტრადირება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რევოლუციონერები ციხეში უფრო სახიფათო არიან, ვიდრე მის გარეთ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე საქართველოს ექსპრეზიდენტის და ამასთანავე, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლოა ექსტრადირების შესახებ საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თავისი პარტიის „უდარის" ხელმძღვანელობა შესთავაზა. მისი განცხადებით, პარტიის ლიდერად თავად დარჩება და აღნიშნა, რომ მისი პარტია, უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში მიიღებს მონაწილოებას. ამასთანავე კლიჩკო ამბობს, რომ ის დედაქალაქის მერის ვალდებულებებს არ დაივიწყებს. ამის შესახებ მან სოციალური ქსელით ვიდეომიმართვა გაავრცელა. ხოლო უნდა ითქვას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართება.

დათანხმდება თუ არა სააკაშვილი კლიჩკოს შეთავაზებას და ამ შემთხვევაში, საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე რა ასახვას ჰპოვებს?

ანალიტიკოსი გია ნოდია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ორი სახელმწიფოს ურთიერთობაზე ეს არ აისახება. რადგან, მისი თქმით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ისედაც საკმაოდ პასიურია.

„გამოცდილება გვაქვს უკვე, რომ თუ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებასთან იქნება ასოცირებული, ეს რაღაც ზომით ნეგატიურად იმოქმედებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე, თუმცა, ამას დრამატული მნიშვნელობა არ ექნება, რადგან საქართველო-უკრაინის ურიერთობა, სამწუხაროდ, ისედაც ძალიან პასიურია. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას უბრალოდ უფრო მეტი საბაბი ექნება, რომ დიდად არ იურთიერთოს უკრაინასთან," - განაცხადა გია ნოდიამ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილი შეთავაზებას რომც დათანხმდეს, ეს დიდ გავლენას ქართულ-უკრაინულ ურთიერთობაზე ვერ იქონიებს, რადგან, მისი თქმით, პარტიის ხელმძღვანელობა არ არის ის თანამდებობა, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას ბიძგს უარყოფითისკენ მისცემს.

„ქვეყნების ურთიერთობებზე ეს არ აისახება, რადგან უკრაინულ-ქართულმა ურთიერთობამ ბევრ გამოცდას გაუძლო, - უკრაინელების მხრიდან ბევრ უტაქტო ნაბიჯს. მგონია, რომ პარტიის ლიდერობა ის შეთავაზება არაა, რასაც უკრაინულ-ქართული ურთიერთობა ვერ გაუძლებს.

„სააკაშვილი შესაძლოა დათანხმდეს. არ ვიცი კლიჩკოს პარტიის რეიტინგი, დიდი ეჭვი მაქვს, რომ მაღალი რეიტინგი მის პარტიას არ აქვს და ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ამ შეთავაზებისაც, რადგან კლიჩკოს საკმაოდ სერიოზული თანამდებობა უკავია და შეიძლება უბრალოდ ვერც იცლის იმისათვის, რომ პარტიას მიხედოს.

"თუ მაღალი რეიტინგი აქვს, ალბათ დათანხმება, თუ დაბალი რეიტინგი აქვს, სხვა შეთავაზებას დაუცდის, მაგრამ რამდენადაც ცნობილი გახდა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ გუნდში სააკაშვილისთვის რაიმეს შეთავაზებას ჯერჯერობით არ აპირებს," - აღნიშნა საყვარელიძემ.

რამდენად მოსალოდნელი და რეალურია, რომ ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მოხდეს?

გია ნოდიას განცხადებით, „ეს წმინდა ფორმალობაა" და სინამდვილეში სააკაშვილის ექსტრადირებით არცერთი მხარე დაინტერესებული არ არის.

„იქნება თუ არა სააკაშვილი კლიჩკოს პარტიის ლიდერი, ეს დიდად მნიშვნელოვანი არ არის, რადგან კლიჩკო შეიძლება კიევის მერი იყოს, მაგრამ ის მთლიანად უკრაინას არ წარმოადგენს. არ ვიცით რა ურთიერთობა აქვს მას ზელენსკისთან, ან მომავალში როგორი ურთიერთობა ექნება; ხელისუფლებას აქვს ურთიერთობა უკრაინის ხელისუფლებასთან - პრეზიდენტთან და შემდეგ მთავრობასთან. შესაბამისად, ავტომატურად ეს უკრაინა-საქართველოს ურთოერთობაზე არ აისახება.

„თუ აღმოჩნდება, რომ სააკაშვილი პრეზიდენტთან ახლოს არის, ან სახელმწიფო დონეზე რაღაც თანამდებობას დაიკავებს, შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რაღაც გავლენა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე არის.

„ექსტრადირების მოთხოვნა ეს წმინდა ფორმალობაა; მან კარგად იცის, რომ არავინ სააკაშვილის ექსტრადირებას არ მოახდენს, სინამდვილეში არც უნდათ სააკაშვილის ექსტრადირება, მაგრამ ფორმალურად, ამავე დროს, ვალდებულად თვლის თავს, რომ ეს საკითხი დააყენოს. ამ მხრივ არაფერი იცლება," - განაცხადა გია ნოდიამ.

რამაზ საყვარელიძის განცხადებით, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ექტრადირების ნაცვლად, სააკაშვილი „თავისუფალ დინებაში" გაუშვა და შესაძლოა მსგავსი ნაბიჯი გადადგას ზელენსკიმაც, რადგან მისთვის ქართული მხარის პოზიცია, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანია.

მისი თქმით ექსპრეზიდენტის ექსტრადირებით საქართველოს ხელისუფლება დაინტერსებული არ არის, რადგან „რევოლუციონერები ციხეში უფრო სახიფათო არიან, ვიდრე გარეთ".

„ექსტრადირებით ვინმე ხომ უნდა იყოს დაინტერესებული? ხდება ის, რითიც ადამიანები დაინტერესებულნი არიან და სააკაშვილის ექსტრადირებით საქართველოში არავინ არის დაინტერესებული. უკრაინას შესაძლოა აწყობდეს მსგავსი ნაბიჯი, მაგრამ როგორც პოროშენკომ გაუწია თავის დროზე ანგარიში საქართველოს და ექსტრადირების მაგივრად, სააკაშვილი „თავისუფალ ცურვაში," გაუშვა, ანალოგიურად, ზელენსკისთვისაც ალბათ მნიშვნელოვანი იქნება ქართული პოზიცია.

„საქართველოს არ აწყობს სააკაშვილის ექსტრადირება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რევოლუციონერები ციხეში უფრო სახიფათო არიან, ვიდრე მის გარეთ," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×