ელზა პაპოშვილი
05.06.2019

 ის, რაც ხორავას ქუჩის საქმეზე არ გააკეთა პროკურატურამ, შესრულდა შს სამინისტროს ხელით. მიღწეულია ზაზა სარალიძის ერთ-ერთი მთავარი მიზანი - მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია მიხეილ კალანდია. კიდევ ერთი ქულა გიორგი გახარიას სასარგებლოდ, რომელსაც ახლა უკვე მირზა სუბელიანის შემდეგ, მიხეილ კალანდიას ოჯახი ემუქრება.

წელიწადნახევრიანი ლოდინის შემდეგ, შსს-მ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომ კალანდია არასანდო მოწმეა, მისი დაკავება გაბედა.

კალანდიას ოჯახი ამბობს, რომ შესაძლოა საზოგადოებამ ბევრი ისეთი მაღალჩინოსნის სახელი და გვარი გაიგოს, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა. ოჯახი იმუქრება, რომ კარტებს გახსნის. „გამოიყენეს როგორც სჭირდებოდათ და შემდეგ დააკავეს",-ამბობს კალანდიას ძმა ლუკა კალანდია.

რატომ და ვინ აფარებდა ხელს მიხეილ კალანდიას? - პროკურატურის "ოქროს მოწმეს". შესაძლოა ამ კითხვაზე პასუხი მისმა ოჯახმაც გასცეს.

თუმცა, სარალიძე ასევე ელოდება, რომ სიმართლის დადგენის პროცესი ჯერ მხოლოდ დაიწყო და დასასჯელი კიდევ ბევრია.

„რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ ძალიან სწრაფად, რადგან ყველას გვესმის, რომ მართლმსაჯულების სისტემამ ამ საკითხზე სამართლიანი განაჩენი უნდა დააყენოს, რაც შეიძლება მალე", - ეს განცხადება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ 3 ივნისს გააკეთა, მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. მეორე დღეს კი მიხეილ კალანდია დააკავეს.

მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად 5 ივნისს წარუდგინეს. დაკავებულს ბრალი არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ედება. მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს. ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ კალანდია წარდგენილ ბრალში დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მიხეილ კალანდიას ძმა კი ხორავას ქუჩის საქმის დღემდე უცნობ დეტალებზე პირველად ალაპარაკდა. ლუკა კალანდიას ინფორმაციით, 2017 წლის 3 დეკემბერს დაკითხვაზე მათ წინააღმდეგ ფიზიკური და მორალური ზეწოლა განხორციელდა და ხელი ძალადობით მოაწერინეს ჩვენებაზე, რომელიც მათი დაწერილი არ იყო.

„ჩვენ ვხსნით ყველა კარტს" - კალანდიას ოჯახი შსს-ს აფრთხილებს. ის ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ თამაშებში ადანაშაულებს.

კალანდია ყვება, რომ მიხეილ კალანდიას ჩვენება მერაბ მორჩაძემ შეაცვლევინა. მისი თქმით, მორჩაძე მათთან 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში ივანე ნაკაიძემ მიაგზავნა, რომელიც ერთ-ერთი დაკავებულის, უკვე მსჯავრდებულის გ.ჯ.-ს ბიძა, ასევე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.

„ეს პიროვნება არის ერთ-ერთი დაკავებულის ბიძა, რომელიც საკმაოდ გავლენიანი ადამიანია და, ალბათ, მათი ინტერესიცაა. იქიდან გამომდინარე, ვამბობ მე ამას, რომ მათ მოგვიგზავნეს, ვითომდა, ჩვენი ნათესავი ადამიანი სახლში იმ მიზნით, რომ მიხეილს შეეცვალა ჩვენება და ჩვეულებრივად განახორციელა ზეწოლა, რის შედეგადაც მიხეილმა მერე ჩვენება შეცვალა.

"მერაბ მორჩაძე მოვიდა და გვითხრა, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის ბავშვობის მეგობარი და ახლობელი იყო. თქვენ ხვდებით, ახლა რა ხდება? ჩვენ ახლა ვხსნით ყველა კარტს, რაც აქამდე არ გაგვიხსნია, რაზეც აქამდე ჩუმად ვიყავით," - განაცხადა ლუკა კალანდიამ.

ის, რაზეც გლდანის ციხეში ჩაწერილ აუდიოჩანაწერში მირზა სუბელიანი ამბობდა, ფაქტობრივად კალანდიას ოჯახი ადასტურებს. კალანდიას განცხადებით, მათ მიუტანეს უკვე დაწერილი ჩვენებები და მათზე ხელი მოაწერინეს, რის შემდეგაც კი უთხრეს, რომ მათ გაუშვებდნენ, ხოლო საპატიმროში მათი მამა, თენგიზ კალანდია დარჩებოდა. ლუკა კალანდიას თქმით, თენგიზ კალანდიასაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ხოლო დაემუქრნენ, რომ მის მცირეწლვან დას და დედასაც დააკავებდნენ.

„ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამრუდებზე 11 ადამიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კომისიამ გამოკვეთა და ხელისუფლებას უკვე შეუძლია, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში ამ ადამიანების მიმართ გარკვეული მოკვლევა დაიწყოს.

ხოშტარია აღნიშნავს, რომ კალანდიას დაკავება და ჯგუფურ მკვლელობაში მისი პასუხისმგებლობის გამოკვეთა, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია.

დეპუტატი ამბობს, რომ სამწუხაროა, 8 თვე დასჭირდა იმის გაკეთებას, რაც უკვე ნათელი იყო კომისიის მუშაობის შედეგად და უბრალოდ, რაღაც კინკლაობის გამო არ მოინდომეს, კომისიის დასკვნის მიხედვით ემოქმედათ და ზუსტად იგივე გააკეთეს 8 თვის შემდეგ.

ხოშტარია ასახელებს რამდენიმე პირს, რომელთაც საქმის გამრუდებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მისი აზრით, გენერალურ პროკურორ შოთაძეს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროს.

„შოთაძემ ძალიან კარგად იცოდა, რომ კონკრეტული გამრუდებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ: რომ არ ამოიღეს ტანსაცმელი კალანდიასი, არ ამოიღეს ამ ადამიანების მიმოწერა და ამან ხელი შეუწყო საქმის გამრუდებას;

"მეორე, მან ასევე იცოდა მირზა სუბელიანის ფაქტორის შესახებ ამ დანაშაულის პირველივე დღეს და არათუ არ მოითხოვა მის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები, არამედ, ბოლომდე ხელს აფარებდა მას. ასევე, შოთაძემ საზოგადოებას გამიზნულად მოატყუა ექსპერტიზის დანაზე დნმ-ს არსებობის თუ არარსებობის შესახებ მაისში.

"ასევე, უნდა დადგეს ზვიად ფხაკაძის, მთავარი მოქმედი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც მიჰყავდა ეს საქმე. ეს ადამიანი პირდაპირ იყო წარმოდგენილი გამყალბებელ პროკურორად, რომლის მთავარი ფუნქციაც იყო კალანდიაზე ხელის დაფარება. ის მაგალითად, კომისიაზე იძახდა, რომ კალანდია ურტყამდა სარალიძეს, მაგრამ ეს იყო გაშველებაო.

"ასევე, ატყუებდა კომისიას და მათ შორის, სასამართლოს, რომ ვითომ, კალანდია იყო არა ფარდულში, არამედ, 9 მეტრის მოშორებით. ეს პროკურორი ცრუ ჩვენებებს იძლეოდა კომისიაზე, სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებელია ამ საქმის გამრუდებაზე და ეს არის დასაბუთებული კომისიის დასკვნაში. ამას გარდა, მისი კურატორი პროკურორები, გაბოძე, გაბიტაშვილი, კაპანაძე - ესენი არიან ადამიანები, ვინც ისმენდნენ მოხსენებებს ამ საქმეზე და უბრალოდ, თვალს ხუჭავდნენ და ესეც არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა",- აცხადებს ხოშტარია.

ანალიტიკოსი გია ნოდია კი „რეზონანსთან" კალანდიას დაკავებს პოლიტიკურ კონტექსტში აფასებს და ამბობს, რომ 18-თვიანი დაგვიანებით ხელისუფლებამ ხალხის პროტესტის, ხალხის შიშის გამო უკან დაიხია. უფრო კონკრეტულად კი, ნოდია ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება პირადად ივანიშვილმა გახარიას დაავალა, რადგანაც მას ხალხის მოსალოდნელი მღელვარება აფერხებდა და აღარ უღირდა, რომ კალანდია და საერთოდ სარალიძის თემა პოლიტიკური თამაშის ნაწილი ყოფილიყო.

„ივანიშვილი უკმაყოფილო იყო პროკურატურის, რადგან ამ უწყებამ შარში გახვია ხელისუფლება. ამიტომაც, ამ საქმიდან გამოსავლის პოვნა გახარიას დაევალა. როგორც უკვე ჩანს, ივანიშვილის შემდეგ ქვეყანაში ის არის ყველაზე გავლენიანი ადამიანი და მას ენდობა. ფაქტია, რომ გახარია პრემიერზე გავლენიანი ფიგურაა. მან ივანიშვილის ნდობა დაიმსახურა სხვადასხვა კრიზისული სიტუაციის ჩაწყნარებით.

"სახიფათო სცენარია ქუჩაში ხალხის გასვლა და ამ დროს არჩევნების ჩატარება. ეს არის ფორმულა ხელისუფლების დასამარცხებლად. ბიძინა ივანიშვილს ამის ეშინია. მას სწორედ ამიტომ სჭირდება ისეთი ხალხი ხელისუფლებაში, ვისაც სიტუაციის დაწყნარება შეუძლია.

გახარია სიტუაციის კონტროლს როგორც მოეხერხება ისე ახერხებს. ხანდახან, ბოდიშით, ცინიზმით, ხისტი პოზიციით, მოქნილობით და გონიერებით. ეს არის ადამიანი, რომელიც კრიზისის მართვის უნარით გამოირჩევა. მას მიეცა საშუალება, დაენახა, რომ პროკურატურას კალანდია აღარ სჭირდეობა და საჭირო დროს გადაწყვეტილებაც მიიღო. მითუმეტეს საქმეში ახალი გარემოება არაფერია", - აცხადებს გია ნოდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×