თამარ შუკვანი
06.06.2019

 აშშ-ი კიდევ ერთხელ ალაპარაკდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების შესაძლო განხორციელებაზე. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს, რომელიც ასევე, მისი თქმით, ტერორისტებს აფინანსებს.

აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, „ეს თავისთავად გლობალური სამხედრო დაპირისპირება არ იქნება, თუმცა შედეგი უდაოდ გლობალურ სახეს მიიღებს, როგორც სამხედრო-სტრატეგიული, ისე ეკონომიკური განზომილებით, მსგავს დაპირისპირებას ძალიან მძიმე შედეგები მოყვება," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.

დონალდ ტრამპმა ლონდონში პირს მორგანთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება არ სურს, მაგრამ ამის შანსი ყოველთვის არსებობს.

„ირანი არის ადგილი, რომელიც იყო უკიდურესად მტრული, როდესაც მე პრეზიდენტი გავხვდი. ისინი იემენს და სირიას შორის 14 სხვადასხვა ადგილას და ბევრ სხვა საბრძოლო ზონაში იყვნენ. ისინი იყვნენ ტერორიზმის უკან ბევრ სხვადასხვა ადგილას.ეს იყო მსოფლიოში ნომერ პირველი ტერორისტული სახელმწიფო და შეიძლება დღესაც ასეა.

„პრეზიდენტმა ობამამ დადო ბირთვული შეთანხმება, რომელიც საშინელი შეთანხმება იყო. გადაუხადეს 150 მილიარდი დოლარი, 1.8 მილიარდი ნაღდი ანგარიშსწორებით. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი და შევწყვიტე შეთანხმება. ირანი ახლა სავსებით სხვა ქვეყანაა," - განაცხადა ტრამპმა.

ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ ტრამპის მხრიდან ირანთან დაკავშირებით მსგავსი რიტორიკა უკვე ცნობილია; მისი თქმით, ორ სახელმწიფოს შორის სამხედრო დაპირისპირება მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მოსალოდნელი, თუკი თავად ირანი გადადგამს სამხედრო ნაბიჯებს.

„არა მხოლოდ ტრამპი, მისი ადმინისტრაციის წევრებიც აცხადებდნენ, რომ ირანთან დისკურსში ყველა ინსტრუმენტი შეიძლება იქნას გამოყენებული, - თუკი სიტუაცია თავისი სიმწვავით პიკს მიაღწევდა, მზად იყვნენ გამოეყენებინათ სამხედრო ძალაც კი. ტრამპის ეს განცხადება უკვე ცნობილი მიდგომის გაგრძელება გახლავთ.

„სამხედრო ესკალაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მოსალოდნელი თუკი, სიტუაცია უკიდურესად გამწვავდება და ირანი სამხედრო ნაბიჯებს გადადგამს; ყველა გონიერ ადამიანს ესმის თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სამხედრო ძალის გამოყენებას.

"ეს თავისთავად გლობალური სამხედრო დაპირისპირება არ იქნება, თუმცა შედეგი უდაოდ გლობალურ სახეს მიიღებს, როგორც სამხედრო-სტრატეგიული, ისე ეკონომიკური განზომილებით, მსგავს დაპირისპირებას ძალიან მძიმე შედეგები მოყვება," - აცხადებს ის.

მენაღარიშვილის აზრით, ვითარების გამწვავების შემთხვევაში ირანს ბევრი მოკავშირე არ გამოუჩნდება, ხოლო აშშ-ი ფართო მხადაჭერას მოიპოვებს, თუმცა, მისი თქმით, ეს აშშ-ს არ დასჭირდეს.

„მსგავს სიტუაციაში არამგონია ირანს ძალიან ბევრი მოკავშირე გაუჩნდეს - ის ქვეყნები, რომლებიც დღეს აშშ-ს მოკავშირეები არიან, თუკი ამის საჭიროება გაჩნდა, მას მხარს დაუჭერენ, თუმცა, ძნელად წარმომიდგენია მოვლენების ისეთი განვითარება, რომ აშშ-ს ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა დასჭირდეს და იმ მასშტაბის კონფლიქტიც ძნელად წარმომიდგენია, სადაც საერთაშორისო მოთამაშეების ასეთი მასიური მონაწილეობა იქნება საჭირო," - აღნიშნა მან.

საქართველოს როლზე საუბრისას, მენაღარიშვილი აცხადებს, რომ საქართველო აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა მისი თქმით, აშშ-ს ლოჯისტიკის კუთხით საქართველოს ჩარევა, არ იქნება საჭირო;

„საქართველო, როგორც აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, ყოველთვის მზად იქნება თავისი როლი შეასრულოს, მაგრამ ვერ ვხედავ ისეთი სცენარის ან მოვლენების განვითარებას, სადაც საქართველოს მონაწილეობა საჭირო გახდება.

„აშშ-ს ჩვენი ლოჯისტიკური ხაზის გამოყენება არც დასჭირდება, რადგან მოვლენების მძიმე განვითარების შემთხვევაში, სპარსეთის ყურის რეგიონში მას საკმარისი ძალები ჰყავს, როგორც სამხედრო ბაზებზე, ისე უკვე განლაგებულ სამხედრო-საზღვაო ობიექტებზე, საუბარი არის რაკეტმზიდ ხომალდებზე და ავიამზიდზე," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×