ეკატერინე ბასილაია
06.06.2019

 უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც ამარტივებს უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას იმ უცხოელებისთვის, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის იბრძვიან დონბასში.

„ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს კანონი მას და სხვა უცხოელ მებრძოლებს საშუალებას მისცემს ლეგალურად იყვნენ იმ ქვეყანაში, რომლის დამოუკიდებლობისთვის დონბასში ბევრი თანამებრძოლი დაიღუპა.

„ეს კანონპროექტი 3 წელია არსებობს,მაგრამ პოროშენკოს შემთხვევაში ამ კანონის მიღება არ მოხდა. ზელენსკიმ კი, მოსვლისთანავე განაცხადა, რომ უცხოელი მოხალისეების ლეგალიზებას მოახდენდა და რამდენადაც ვიცი, კანონს ხელი უკვე მოაწერა კიდეც.

"ეს კანონი ითვალისწინებს უცხოელი მებრძოლებისთვის გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებას ან ბინადრობის ნებართვას. ბევრ ადამიანს აქ არც სჭირდება მოქალაქეობა, თუმცა, ცხოვრების ნებართვა სჭირდება ყველას.

"ეს მებრძოლებს ნორმალურად მიმოსვლის საშუალებას მისცემს, იმიტომ რომ, მებრძოლების 90% არალეგალებად ითვლებიან უკრაინაში შემოსვლიდან 3 თვის შემდეგ.

"რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, აქ ყველას მოგვცეს სამხედრო ბილეთი, ვეტერანის მოწმობა, თუმცა, უკრაინიდან გასვლისას საზღვარზე ჯარიმას გვახდევინებდნენ იმის გამო, რომ ბინადრობის უფლება არ გვქონდა და ალაგელურად ვიმყოფებოდით ქვეყანაში. ეს კი ცინიკური იყო,"- აცხადებს მამულაშვილი.

მისი თქმით, მაშინდელი პოლიტიკური ელიტა, უშუალოდ პეტრო პოროშენკო იყო წინააღმდეგი უცხოელი მებრძოლების ლეგალიზება მოეხდინა.

„უამრავი ადამიანი ჩამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად სხვადასხვა ქვეყნიდან, მარტო „ქართულ ლეგიონში" იყო 30 ბრიტანელი, 40-მდე ამერიკელი და ა.შ. რატომ ქმნიდნენ პრობლემას, რომ ბინადრობის ნებართვა მიეცათ და არალეგალებად არ ვყოფილიყავით, არ ვიცი. საწინააღმდეგო საჯარო არგუმენტი არც მომისმენია.

"ჩვენ ვლაპარაკობდით ამაზე, არაერთხელ მოგვიწყვია აქცია, რომ იმ ადამიანების ლეგალიზება მომხდარიყო, ვინც უკრაინას ეხმარებოდა. პასუხად გვეუბნებოდნენ, რომ კანონპროექტზე მუშაობდნენ.

"პრობლემები ექმნებოდა ყველას, მეც არაერთხელ გადამიხდია ჯარიმა უკრაინიდან გასვლისას, როგორც არალეგალს. თავიდან 510 გრივნას ვიხდიდით, შემდეგ 5000-მდე გაზარდეს, რაც დაახლოებით 500 ლარია.

"უკრაინაში დაბრუნების დროს კი საზღვარზე ჩვეულებრივად გვიშვებდნენ, რადგან გვქონდა კონტრაქტი უკრაინულ ჯართან. ამიტომ იყო ეს ყველაფერი აბსურდული და ცინიკურია. უკრაინაში უცხოელი მებრძოლებიდან ვისაც მიღებული აქვს ბინადრობის უფლება, იმას ან ცოლი ჰყავს მოყვანილი, ან ნათესავი ჰყავს,"- აღნიშნავს მამულაშვილი.

მისი თქმით, კენჭისყრის დროს უკრაინის პარლამენტის წინ შეკრებილები იყვნენ უკრაინაში მყოფი უცხოელ მოხალისეთა რაზმების, ასევე „ნაციონალური კორპუსის" წარმომადგენლები, მათ შორის „ქართული ლეგიონის" წევრებიც და კანონის მიღებას სიხარულით შეხვდნენ.

კანონპროექტი სახალხო დეპუტატის და ბატალიონ „აზოვის" ყოფილი თავმჯდომარის, ანდრეი ბილეცკის ინიციატივით 2015 წელს მომზადდა და მისი მიღება მოხდა ახლა, 3 წლის შემდეგ. კანონი შეეხება „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მონაწილე უცხოელ და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანას" და მას მხარი მეორე მოსმენით 230-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ექსპერტების აზრით, იმ უცხოელების და მოქალაქეობის არ მქონე პირების რაოდენობა, რომლებიც „მხარს უჭერენ უკრაინას, როგორც მოხალისეები ან ვოლონტიორები", სამხედრო ოპერაციების დროს, ათასი ადამიანია.

კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ამ ადამიანების უკრაინაში ყოფნა კანონიერად იქნას აღიარებული და გამარტივდეს მოქალაქეობის მინიჭების წესი, ან მიეცეთ ბინადრობის ნებართვა რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების განმავლობაში.

გარდა ამისა, კანონი საშუალებას აძლევს უკრაინას, არ მოახდინოს ამ მოხალისეების გადაცემა იმ ქვეყანაზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას უჭერს მხარს.

მამუკა მამულაშვილის თქმით, მიმოსვლის გარდა პრობლემა იყო ისიც, რომ უკრაინისთვის მებრძოლი რამდენიმე რუსეთის მოქალაქე ჩეჩენი უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა და თუ ამ კანონით ეს აიკრძალება, დიდი მიღწევაა.

„უკრაინაში თავიდან რა ბატალიონებიც შეიქმნა, ყველა მოხალისე იყო. მათ შორის იყო უკრაინული ბატალიონი „აზოვიც", სადაც უცხოელი მოხალისეებიც გაწევრიანდნენ და იყო ჩვენი „ქართული ლეგიონიც", სადაც უკრაინაში ჩამოსული უცხოელების 90% იყო გაწევრიანებული.

"პარალელურად, რუსეთმა დაიწყო სს საქმეების აღძვრა რუსეთის ყველა იმ მოქალაქეზე, ვინც უკრაინის მხარეს იბრძოდა და ინტერპოლის საშუალებით გადაცემა მოითხოვა. რამდენიმე ჩეჩენი გადასცეს კიდეც რუსეთს, რაც უკრაინის ძალიან დიდი შეცდომა იყო. თუ არსებობს მუხლი, რომ გადაცემა არ უნდა მოხდეს, ეს ძალიან დიდი პლუსია,"- ამბობს მამულაშვილი.

ქართველ მოხალისეთა დანაყოფი, „ქართული ლეგიონი", უკრაინის აღმოსავლეთში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში 2014 წლიდან მონაწილეობს.

2015 წლის თებერვალში უკრაინის მაშინდელმა პატრიარქმა ფილარეტმა დააჯილდოვა „ქართული ლეგიონის" 29 მებრძოლი, მათ შორის, ორი - სიკვდილის შემდეგ, „უკრაინის სიყვარულისა და მისთვის თავშეწირვისათვის".

2018 წელს უკრაინაში „ქართულ ლეგიონის" დისკრედიტაციის დიდი კამპანია დაიწყო, მას შემდეგ, რაც პორშენკო-სააკაშვილს შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. უკრაინაში მიიჩნეოდა, რომ „ქართული ლეგიონი" მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ჯგუფს წარმოადგენდა, რის გამოც მოხალისეები უკრაინული არმიის 54-მე ბრიგადიდან გაუშვეს.

მამუკა მამულაშვილის თქმით, ბოლოდრონდელი დისკრედიცატიის შემდეგ „ქართული ლეგიონის" წევრები შეერთებულები იყვნენ დიდი მოხალისეთა ბატალიონთან - „მემარჯვენე სექტორთან", ახლა კი თავდაცვის სამინისტროს რიგებში უკან დაბრუნება დაიწყო.

„იმის შემდეგ, რაც ახალმა პრეზიდენტმა გადააყენა თავდაცვის მინისტრის და გენერალური შტაბის უფროსი რაც გადადგა, გენერალური შტაბი თვითონ დაგვიკავშირდა, გვთხოვა რომელიმე ბრიგადაში გაწევრიანება და ახლა სწორედ გაწევრიანების პროცესში ვართ,"- დასძენს მამულაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×