(რეზონანსი) "არ მეგონა ამის ახსნა თუ მომიწევდა, თუმცა საჭირო გახდა სამწუხაროდ" - გიგი ანთაძის დედა, თათო გვარიშვილი ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, რითაც იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებმაც მის შვილს მეტროში ფოტო გადაუღეს და ფეისბუქზე სტატუსი დაწერეს, რომ ბავშვი მერიამ მოატყუა და ახლა ის თავს მოწყალებით ირჩენს.
"გიგი არის 16 წლის ბიჭი უამრავი პრობლემით, რომელიც საკუთარი თავის ძიებაშია. ბოლო დროს მოინდომა და დაინტერესდა ქუჩის მუსიკოსობით, დადის, სეირნობს თავისი დინამიკით და მღერის (როგორ გამოსდის სხვა თემაა), ვისაც შეხება გქონიათ მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვთან დამეთანხმებით რომ მათი მართვა და შენს ჭკუაზე გადმოყვანა რეალურად შეუძლებელია.
რაც შეეხება ვინმე ლიას პოსტს, რომელმაც უბრალოდ პოლიტიკური მოსაზრებით ვითომ კახი კალაძის ბრალია გიგის პრობლემები დაწერა ყოვლად აღმაშფოთებელი პოსტი და ერთი წამით არ უფიქრია გიგიზე და მისი ფოტოები გამოაქვეყნა - აუცილებლად შევხვდები სასამართლოში.
აღარ ვლაპარაკობ სააგენტო "ნიუ პოსტზე", რომელიც მზად არის კალაძის დისკრედიტაციისათვის გამოიყენოს 16 წლის შშმ ბავშვი. რაც შეეხება გიგის ჯიხურს, მერიის დახმარებით ვაკის პარკშია გადატანილი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას თანადგომის და გაგებისთვის, თქვენ ბევრად მეტი ხართ ვიდრე "კეთილისმსურველები". - წერს თატო გვარიშვილი.