„საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც გამოცდის ჩაბარების საფასური ახლანდელი 40-დან 150 ლარამდე ძვირდება. თბილისის საკრებულოს დეპუტატი და საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს გაძვირება უმნიშვნელოა.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, თეორიულ გამოცდაზე დაშვება ამჟამინდელი 40 ნაცვლად 20 ლარი იქნება. ხოლო პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდება, რაც მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურის გაზრდას გამოიწვევს. პირველ ეტაპზე გასვლა ეღირება 40 ლარი და ეს იქნება სპეციალური მანევრები დახურული საგამოცდო მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი - გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარება - 90 ლარი ეღირება.
შესაბამისად, მართვის მოწმობის აღების მსურველებს გამოცდაზე გასვლის საფასური ჯამში 150 ლარი ხდება.
შალვა ოგბაიძე „რეზონანსთან" მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ორეტაპიანად გარდაქმნის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ვერ დავარქმევ გაძვირებას; ადამიანის უნარების და ცოდნის შემოწმება უნდა მოხდეს რეალურ პირობებში. მაგალითად, როდესაც კონსერვატორიას ამთავრებს ადამიანი, მან უნდა დაუკრას იმ ინსტრუმენტზე, რომელზეც სწავლობდა. როდესაც გამოცდას დახურულ მოედანზე აბარებს, არ ვიცით შეძლებს თუ არა ის რეალურ საგზაო პირობებში ავტომობილის უსაფრთხოდ მართვას. ახლა ეს ხარვეზი გამოსწორებული იქნება.
„ეს ვერანაირად ვერ იმოქმედებს და ჩვენს თანამოქალაქეს, მძღოლობის მსურველს, ხელს ვერ ააღებინებს გამოცდის ჩაბარებაზე, რადგან ეს თანხა არის 0.0001% იმ ავტომობილის ღირებულებისათან შედარებით, რაც მან უნდა გადაიხადოს მეორადი ან ახალი ავტომობილის შეძენისას," - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.