კვირას, 9 ივნისს მთაწმინდის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე და „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.
პირველი ტურის მსგავსად ამ ოლქში წინასაარჩევნო კამპანია მეორე ტურის დროსაც ექსესების და დაძაბულობის გარეშე მიდოდა. მთაწმინდა, სხვა საარჩევნო ოლქებს შორის ასევე გამორჩეული დარღვევების სიმცირისა და ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის მიმართულებითაც იყო.
შენარჩუნდება თუ არა ეს მაჩვენებლები არჩევნების მეორე ტურში? დაძაბულობის ეპიცენტრი გახდება თუ არა მთაწმინდა? გაიზრდება თუ შემცირდება ამომრჩევლის აქტივობა? რა გააკეთეს კანდიდატებმა იმისთვის, რომ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება მოეხდინა? რა სახის ტესტი იქნება, როგორც შავგულიძის, ასევე კახაძის გამარჯვების შემთხვევაში? ამ შეკითხვებს „რეზონანსმა“ ანალიტიკოსებს მიმართა.
მათი შეფასებით, ამ არჩევნებში მთავარი და გადამწყვეტი სიტყვა პასიურ ამომრჩეველს ეკუთვნის, თუმცა, სავარაუდოდ მეორე ტურისთვის ისინი ისევ სახლში დარჩენას ამჯობინებენ. ამის მიზეზი კი, ექსპერტთა შეფასებით, ამ ამომრჩევლის პოლიტიკის მიმართ ნიჰილისტური განწაყობაა, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნების გზით ვერაფრის შეცვლას ვერ შეძლებს. შესაბამისად, მეორე ტურის წინ ისეთი არაფერი გაკეთებულა, რომ რაც ამ ადამიანებს საარჩევნო ყუთებთან მისვლას აიძულებს.
თუმცა, პოლიტიოლოგები ამბობენ, რომ მეორე ტურში ამომრჩევლის მობილიზება ყოველთვის სახელისუფლებო კანდიდატს უფრო შეუძლია. ამიტომაც „ოცნება“ ყველა რესურსა თუ შესაძლებლობას გამოიყენებს იმისთვის, რომ მთაწმინდის არჩევნები მოიგოს.
19 მაისს, არჩევნების პირველ ტურში ვლადიმერ კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მოიპოვა, ხოლო შალვა შავგულიძემ - 36, 83%. სულ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში 31 საარჩევნო უბანია გახსნილი და ოლქში ცხოვრობს 43 908 ამომრჩეველი. პირველ ტურში არჩევნებში მონაწილეობა 15 022-მა ადამიანმა, ანუ ამომრჩევლის 34, 27 %-მა მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ შუალედური არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთლიანობაში ხელისუფლების კანდიდატზე მეტი ხმა მოაგროვეს, ექსპერტთა შეფასებით, ეს უპირატესობა შალვა შავგულიძის ელექტორატის ავტომატურად გაზრდას არ ნიშნავს. ამ დროისათვის უკვე ცნობილია, რომ შალვა შავგულიძეს, მეორე ტურში ვერგასული მისი ყოფილი კონკურენტებიდან არცერთი არ უჭერს მხარს.
ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ თუ არჩევნებზე ამომრჩევლის მეტი რაოდენობა მივა, შავგულიძეს გამარჯვების შანსი მეტი აქვს. თუმცა, პასიური ამომრჩევლის მისვლას შავგულიძე არ უნდა ელოდოს. პრობლემა ისაა, რომ ესაა შუალედური არჩევნები და ისედაც პასიურ ამომრჩეველს, ეს არჩევნები საერთოდ არ აინტერესებს. მეორეც, ხელისუფლება ყველანაირ რესურს გამოიყენებს იმისთვის, რომ თავის ამომრჩევლის მობილიზება მოახდინოს. კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ კვირას უფრო მეტი გამარჯვების შანსი ლადო კახაძეს ექნება.
„ახლა ამომრჩეველი ფიქრობს, რომ ერთი ადამიანის პარლამენტში შესვლა რეალურად ვერაფერს შეცვლის. ოპოზიციამ ამომრჩეველი ვერ დაარწმუნა იმაში, რომ ეს გამარჯვება უფრო 2020 წლის არჩევნების ტესტია. ოპოზიციას შავგულიძის გამარჯვება იმიტომ აწყობს, რომ ხალხს დაანახოს საპარლამენტო არჩევნებისთვის რა შანსები შეიძლება ჰქონდეთ. სრულ გამარჯვებას თუ არა, იმას მაინც მოახერხებენ, რომ ხელისუფლებას კოალიციურიი მთავრობის შექმნაზე მაინც დაითანხმებენ.
„როგორც საარჩევნო კლიპებს ვუყურებ, შავგულიძის კამპანია სრულიად სხვა მიმართულებით არის წარმართული. შავგულიძეს მხოლოდ ის შეუძლია, რომ კარდაკარ იაროს და ამომრჩევლის დარწმუნება შეძლოს. ხელისუფლებას კი უფრო მეტი რესურსი და შესაძლებლობა აქვს. იმასაც კი ეცდება, რომ მეტოქის ამომრჩეველსაც არჩევნებზე საერთოდ მისვლის სურუვილი დააკარგვინოს“, - აცახდებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ეს ერთი მანდატი არაფერში სჭირდება, თუმცა ის ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რომ დამარცხების პრეცედენტი მაჟორიტარულ ოლქში არ შექმნას. ეს კი შავგულიძის გამარჯვების შემთხვევაში მოხდება და ხელისუფლების დაუმარცხებლობის მითი საზოგადოების თვალში დასრულდება. ეს კი ოპოზიციისთვის 2020 წლის არჩევნების გამარჯვების ერთ-ერთი წინა პირობა გახდება.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ დღევანდელი მონაცემებით და წინასაარჩევნო კამპანიის მიხედვით შავგულიძის გამარჯვების შანსები ნაკლებია. მისი თქმით, ეს არჩევნები რესურსების არჩევნებად იქცა და ამის გამოყენების საშუალება კი ხელისუფლებას აქვს.
ხუხაშვილი ამბობს, რომ როდესაც არჩევნები ნეგატიურ ფონზე მიდის და კონკურენტები ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მათგანს არ გააჩნია, მორალზე ესაუბრებიან, ამომრჩევლის თვალში ორივე მათგანი ღირებულებას კარგავს. ამიტომ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმის მიხედვით იღებს, მის ხმას ვინ უფრო კარგად იყიდის.
„ლადო კახაძის მიმართ ბევრი კითხვები არსებობს, რადგანაც პოლიტიკაში მისი მცდელობები ძალიან უცნაურად გამოიყურება. მიუხედევად ამისა, ამომრჩევლის მომატების შანსები მას უფრო აქვს, ვიდრე ოპოზიციის კანდიდატს. სახელისუფლებო კონსტრუქცია იმდენად მყიფეა, რომ მათ იმის ფუფუნება არ აქვთ, ერთი არჩევნები მაინც წააგონ. „ოცნება“ ერთ პრეცედენტს თუ მაინც დაუშვებს და არჩევნებს წააგებს, მაშინვე დომინოს პრინციპი იწყება და ყველაფერი ხუხულასავით დაეშლებათ. ეს კარგად იციან და ამიტომ საზოგადოებაში მუდმივად იმის ილუზიის შემქნა უნდათ, რომ ისინი ერთადერთები და განუმეორებლები არიან.
„რაც შეეხება ოპოზიციას, მისთვის ეს არჩევნები პრინციპული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამოა. თუმცა, პოლიტიკურ ელიტას ამომრჩეველი იმდენად არის ჩამოშორებული, რომ ამ ტესტების ჩატარებას ჯობია იფიქრონ პასიური ამომრჩევლის მოთხოვნები როგორ დააკმაყოფილონ. ამაზე თუ იფიქრებენ, შეიძლება კიდევ რაღაც გამოუვიდეთ“, - აცახდებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.