აფხაზეთში დიდი უკმაყოფილება და დავაა იმის გამო, რომ იმ აფხაზების შთამომავლებს, ვინც 1992-93 წლებში ქართველების წინააღმდეგ ომობდა და ომის შემდეგ ქართველების სახლები დაისაკუთრეს, ახლა ამ სახლების მფლობელთა შთამომავლები საკუთრების უფლებას ედავებიან და ასეთი სადაო სახლი დაახლოებით 100-ია.
დავის მიზეზად სახელდება ის, რომ ესა თუ ის სახლი ქართველმა მფლობელმა ანდერძით გაუფორმა ნათესავს და ახლა აფხაზები ახალ მფლობელებთან ჩივიან საკუთრების უფლებაზე.
აფხაზები აღშფოთებულები აცხადებენ, რომ ამ სახლებში ცხოვრობენ თვითონ და ამის უფლებაც აქვთ, რადგან ოჯახის წევრი პატრიოტია და ომობდა აფხაზეთისთვის, ხოლო სახლის ქართველი მესაკუთრე - „აფხაზეთი მტერი". თანაც, მათი პრეტენზიაა, რომ ანდერძი გაფორმებულია არა „აფხაზეთის რესპუბლიკაში", არამედ სხვა ქვეყანაში, იგივე რუსეთსა და საქართველოში.
აფხაზების ამ აღშფოთებას აფხაზური მედიას გამოეხმაურა, რომელიც წერს, რომ საქართველოს მოქალაქეები მემკვიდრეობის უფლებით ცდილობენ აფხაზეთში თავი დაიმკვიდრონ და აფხაზ ომის ვეტერანებს უფლებების დაცვა სასამართლოში უწევთ, ამიტომაც კანონის მიღება აუცილებელია.
6 ივლისს ე.წ. საზოგადოებრივმა პალატამ კიდევ ერთხელ განიხილა უძრავი ქონების მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საბინაო დავები. როგორც უწყება აცხადებს, გასულ წელს მოქალაქეთა საცხოვრებლის უფლებების დარღვევის შესახებ 100 საჩივარი მიიღო და ამის გამო სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა.
ამ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი დანილ უბირია აცხადებს, რომ კომისია დაინტერესებულია რუსეთსა და საქართველოში გაფორმებული ანდერძებით აფხაზეთში არსებულ უძრავ ქონებაზე მემკვიდრეობის მიღების შესწავლით. უბირიას თქმით, უძრავ ქონებას ამჟამად ფლობს 1992-93 წლების „აფხაზეთის პატრიოტული ომის" ვეტერანის შთამომავალი და ამ აფხაზების პროტესტს იწვევს ის, რომ ომში მონაწილე „პატრიოტ" ვეტერანზე მეტი უფლება არ უნდა ჰქონდეს სხვას, მით უფრო თუ ეს სხვა სხვა ქვეყნის მოქალაქეცაა.
დანილ უბირიას თქმით, კომისიამ რამდენიმე საქმე ე.წ. გენპროკურატურას გადაუგზავნა და პასუხად მიიღეს, რომ საბინაო დავების განხილვისას „პროკურატურა" პირველ რიგში იხელმძღვანელებს ქონების შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმებით.
„ეს პრობლემა დღეს არ წარმოშობილა, არამედ პირველი პრეზიდენტის დროს. მაშინ დაიწერა ინსტრუქცია, რომელსაც ხელს აწერენ ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენელი და სადაც წერია, რომ არ მიიღებდნენ მემკვიდრეობის შესახებ აფხაზეთის გარეთ გაცემულ დოკუმენტებს. გამოდის, რომ ამ წლების განმავლობაში ეს დოკუმენტი სრულიად იგნორირებულია", - ამბობს უბირია.
ამ შეხვედრაზე რამდენიმე საქმე განიხილეს და ითქვა, რომ მემკვიდრეობის მისაღებად ქართველები ხშირად ტყუიან კიდეც. მაგალითად, ითქვა, რომ ერთმა ქალმა სასამართლოში წარმოადგინა მემკვიდრეობის უფლება სოხუმში მდებარე ერთ სახლზე, რომელიც მას სახლის ადრინდელი მფლობელისგან, მამისგან გადაეცა ანდერძით. თუმცა, როცა აფხაზეთიდან თბილისს მიმართეს ინფორმაციის გადასამოწმებლად, აღმოჩნდა, რომ მამა ცოცხალი და ჯანმრთელი იყო.
ვეტერანთა ორგანიზაციის „აბაშ"-ის წარმომადგენელი ზურაბ ზუხბა აცხადებს, რომ მიუღებელია, როდესაც აფხაზ ვეტერანს დავა უწევს ქართველთან და რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა.
„ომის ვეტერანი ემა ინაპშბა უჩივის მოქალაქეს, რომელმაც უძრავ ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება მიიღო დეიდის ანდერძით, რომელიც საქართველოში გარდაიცვალა. მემკვიდრეობაზე ყველა დოკუმენტი ქართულ ენაზეა და თარგმნილია მოსკოვში და რატომაა, რომ დღეს ამ დოკუმენტებს სასამართლო პროცესზე იღებენ?! სასამართლო პროცესი იწყება ომის ვეტერანთან, რომელსაც უძრავ ქონებაზე ჩივილს უპირებენ", - ამბობს ზუხბა.
მისი თქმით, საქართველო-აფხაზეთის ომისას ეს ბინა ქართული ჯარის შტაბი იყო.
გარდა მისა, ის კიდევ ერთ საქმეზე საუბრობს, სადაც მისი მტკიცებით, ქართველმა ქალმა „აფხაზეთის მტერს" დაუმტკიცა ქონება და ახლა ამ ქალსა და ვეტერან ანატოლი ლასარიას შორის დავაა.
„ომის ვეტერანი ანატოლი ლასარია უჩივის ქალს უძრავი ქონების უფლებაზე. სახელმწიფო უშიშროების სამსახურისგან მიღებული დოკუმენტაციის თანახმად, ამ ქალის მეუღლე ნოდარ ჩოქრიანი სამამულო ომის დროს ქართველი ოკუპანტების მხარეს იბრძოდა. ოპერატიული მონაცემებით, ის 1992 წელს გაგრის გათავისუფლების დროს დაიღუპა. მისმა ვაჟმაც გაგრის გათავისუფლების შემდეგ დატოვა აქაურობა.
„ქალიშვილი, არსებული ოპერატიული მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეა. ქალმა ქონება მემკვდრეობით მიიღო აფხაზეთის მტრისაგან ცრუ დოკუმენტებით. მან ყალბი მოწმობა წარმოადგინა, რომ მისი მეუღლე მოულოდნელად გარდაიცვალა და ეს მას მემკვიდრეობის უფლებას აძლევს. მან დაიმალა ის ფაქტი, რომ მისი ქმარი ბრძოლის დროს მოკლეს. კითხვაა - რა შეუშლის ამ ქალს ხელს, რომ მემკვიდრეობა შემდეგ გადასცეს ვაჟს, რომელიც აფხაზების წინააღმდეგ ომობდა, ან ქალს?" - აცხადებს ზუხბა.
ვეტერანთა ორგანიზაცია „აბაშ" აცხადებს, რომ ყველა ის მოქალაქე, ვინც იბრძოდა და თანამშრომლობდა „საქართველოს საოკუპაციო ძალებთან", არ აქვს უფლება, ცხოვრობდეს და ეწვიოს აფხაზეთს. ზურაბ ზუხბას თქმით, ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს დაცული.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რამდენიმე მსგავსი სადავო საქმე. ბევრი გამომსვლელი აცხადებდა იმას, რომ საჭიროა ერთიანი კანონი, რომელიც საბინაო დავებს დაარეგულირებს, რადგან ასე, თითოეული საქმის, ცალკე განხილვა ძალიან რთულია. გარდა ამისა, ითქვა, რომ უნდა გაკეთდეს ინვენტარიზაცია ყველა უძრავი ქონების და მხოლოდ ამის შემდეგ ყველა საბინაო საკითხი გადაწყდება სამართლებრივი საშუალებით.