თამარ შუკვანი
07.06.2019

 „მაშინ მთელი უმრავლესობა ასე ამბობდა. იმ დროს საგამოძიებო კომისიაში ბესელია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ იყო წარდგენილი. აქედან გამომდინარე, ეტყობა შეთანხმებულ პოზიციას აჟღერებდა,“ - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძის განცხადებას, რომ იმ დეპუტატებმა, ვინც საგამოძიებო კომისიის მუშაობის დროს მიხეილ კალანდიას „აპრავებდნენ“, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. 

ჭიჭინაძის განცხადებით, თავის დროზე საგამოძიებო კომისიას უფრო მეტად პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე საქმის გამოძიების სურვილი ამოძრავებდა. 

„ფაქტია, რომ დღეს დაკავებულია ეს ადამიანი და შესაბამისად, პოლიტიკური პასუხიმგებლობა უნდა დადგეს იმ ხალხის, ვინც თავის დროზე გამოძიება სათანადოდ არ წაიყვანა და შეეცადა სხვადასხვა ფაქტები მიეჩქმალა, რომელიც დღეს ნელ-ნელა დგინდება.

„თავის დროზე ვთვლიდი, რომ ეს საგამოძიებო კომისია უფრო პოლიტიკურ დატვირთვას ატარებდა, ვიდრე რეალურ გამოძიებას. ფაქტობრივად, გამოჩნდა უსუსურობა იმ უწყებებისა, რომლებიც პარლამენტში დაბარებული იყო. ასევე გამოჩნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თუ რა კრიტერიუმებით უდგება ქვეყანაში სამართალწარმოებას,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისათვის, სერგი კაპანაძემ „რეზონანსთან“ მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ იმ დეპუტატებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, ვინც საგამოძიებო კომისიის მუშაობის დროს კალანდიას „აპრავებდნენ“.

„ყველამ, ვინც კომისიის წევრები იყვნენ და ამბობდენენ, რომ არანაირი სამხილი არ არსებობდა კალანდიას წინააღმდეგ, რომ კომისიის საქმიანობა სამარცხვინო იყო - ბესელიამ, მდინარაძემ, თალაკვაძემ, ოხანაშვილმა - ყველამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. „ქართული ოცნებიდან“ კომისიაში ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვინც ამას აკეთებდა, ბესელია იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი,“ - აღნიშნა კაპანაძემ.

შეგახსენებთ,  შსს-ს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფიგურანტი მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×