თამარ შუკვანი
08.06.2019

 „ნებისმიერი ადამიანისგან სიძულვის ენის გამოყენება მიუღებელია, ეს იქნება „ქართული ოცნების" თუ სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის," - ასე ეხმაურება „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" დეპუტატი შოთა ხაბარელი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ნანა კოსტავასთან დაკავშირებულ ახალ სკანდალს.

ხაბარელი აცხადებს, რომ საკრებულოდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება კოსტავამ თავად უნდა მიიღოს;

„გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს; ის ხალხის მიერ არჩეული ადამიანია და აქედან გამომდინარე, მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული, წავა თუ არა საკრებულოდან. თუ ეს არის სიძულვილის ენა, თვითონ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

„ის განცხადება მას არ უნდა გაეკეთებინა, მე მის ადგილას ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი," - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

ცნობისათვის, მას შემდეგ, რაც კოსტავამ „ფეისბუკზე" თავისი პერსონალური გვერდი აღადგინა, მან სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს გამოაქვეყნა:

„ქრისტე აღსდგა მეგობრებო, საჭირო იყო ეს განსაცდელი ნამდვილი მეგობრების აღმოსაჩენად. ბევრ რამეზე დავფიქრდი, ბევრ რამეს მივხვდი, ბევრი რამე გავაანალიზე".

ამის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული სქრინშოტების თანახმად, ერთ-ერთ ფეისბუქმომხამრებელს მან ისევ სიძულვილის ენით მიმართ, რის შემდეგაც „ფეისბუქი" კვლავ გააუქმა.

შეგახსენებთ, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"

სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს დაემთხვა საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოზე აღნიშნული შინაარსის კომენტარი. მოგვიანებით კოსტავამ „ფეისბუქის" საშუალებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.

ამის შემდეგ, 31 მაისს კოსტავამ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. იმავე დღეს განაცხადა, რომ საკრებულოდან წასვლაზე განცხადებას დაწერდა. თუმცა, შემდეგ თქვა, რომ საკრებულოს აღარ დატოვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×