თამარ შუკვანი
08.06.2019

 „მოსამართლე ალანიასთან დაკავშირებით დღეს ჩემი პოზიციის გამოხატვისგან თავს შევიკავებ; იმედი მაქვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასებისას ობიექტური იქნება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა კონკურსში მოსამართლე თამარ ალანიას მონაწილეობას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში, მართალია, მიხეილ ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აღარ არიან, თუმცა სკანდალური წინა 10-კაციანი სიიდან დანარჩენი რვა მოსამართლე - მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, გიორგი მიქაუტაძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე - კვლავ მონაწილეობენ კონკურსში.

თამარ ალანიაზე კომენტირებისგან ქუცნაშვილმა თავი შეიკავა:

„კონკრეტულად ალანიასთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია მაქვს, დაველოდები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას და როდესაც ჩავთლი საჭიროდ, მაშინ გავასაჯაროებ ამ პოზიციას," - აღნიშნა მან.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" აპირებს მოსამართლეებს კენჭი უყაროს, თუმცა მმართველი გუნდის ყოფილი წევრები ამ პროცესის ჩაშლას გეგმავენ.

„გვინდა ეს პროცესი მაქსიმალურად მძიმედ წარიმართოს მათთვის და თითოეული არასწორი გადაწყვეტილება, ძალიან ძვირად დაუჯდეთ. მაგალითად, თამარ ალანიას გადაყვანას უზენაეს სასამართლოში, უნდა გადაჰყვეს "ქართული ოცნება" და ძალიან მაინტერესებს ზაქარია ქუცნაშვილის პოზიცია ამ დროს," - განუცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა „ინტერპრესიუსს."

ამ საკითხთან დაკავშირებით, ქუცნაშვილმა გოგიჩაიშვილის განცხადებას ასე უპაუსუხა: „ამას კვორუმი სჭირდება და მას კვორუმი ჰყავს?" - დასძინა ქუცნაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×