„ხელისუფლება ეცდება სწორედ პოლიტიკურად ყველაზე მკვდარ დროს, ივლის-აგვისტოში აირჩიოს ოდიოზური მოსამართლეები უზენაესში, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი ამბავი „ქართული ოცნებისთვის“... „ოცნება“ უნდა გადაყვეს თამარ ალანიას უზენაესში გაყვანას. უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, იმიტომ, რომ, თამარ ალანია არის სააკაშვილი და ადეიშვილი და როდესაც იღებ სააკაშვილისა და ადეიშვილის მემკვიდრეობას, ეს ნიშნავს ხაზი გადაუსვა 1-ლი ოქტომბრის მონაპოვარს,“ - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობიდან სწორედ მოსამართლეების თემის გამო წამოსული ლევან გოგიჩაიშვილი.
მისი თქმით, სწორედ იმის მსგავსი ოდიოზური გვარებით სავსე მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სია გველოდება, როგორიც იყო დეკემბერში სკანდალური 10-კაციანი სია და დიდი ალბათობით, „ოცნება“ მათ დაამტკიცებს კიდეც, რადგან საკმარისი 76 ხმის მიღების პრობლემა „ოცნებას“ არ აქვს. მაგრამ ეს უნდა მოხდეს დიდი პროტესტის და ხმაურის ფონზე და ამ მომავალი სიის წევრებმაც უნდა იცოდნენ, რომ მათი მოსამართლეობა სურს არა ხალხს, არამედ მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ივანიშვილს, რომელიც ისეთივე ავტორიტარულ სისტემის შექმნას ცდილობს, როგორიც სააკაშვილს ჰქონდა.
„ქართული ოცნება“ აპირებს კენჭი უყაროს მოსამართლეებს და ჩვენ ვაპირებთ ამ პროცესის ჩაშლას. გვინდა ეს პროცესი მაქსიმალურად მძიმედ წარიმართოს მათთვის და თითოეული არასწორი გადაწყვეტილება ძალიან ძვირად დაუჯდეთ. მაგალითად, თამარ ალანიას გადაყვანას უზენაეს სასამართლოში, უნდა გადაჰყვეს „ქართული ოცნება“ და ძალიან მაინტერესებს ზაქარია ქუცნაშვილის პოზიცია ამ დროს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში თამარ ალანიას გამოყოფს იმის გამო, რომ ის არის სააკაშვილს და ადეიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი სახე, რომელიც ჯერ როგორც პროკურორი და შემდეგ როგორც მოსამართლე უდანაშაულო ადამიანებს უშვებდა ციხეში.
„თამარ ალანია არის სააკაშვილი და ადეიშვილი და როდესაც იღებ სააკაშვილისა და ადეიშვილის მემკვიდრეობას, ღირსი ხარ უკვე და უნდა გადაიხადო დიდი პოლიტიკური ფასი და შენ და სააკაშვილს შორის არანაირი განსხვავება არ არის. თამარ ალანია არის ადამიანი, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს ციხეში მიერეკებოდა ადეიშვილისა და წინა რეჟიმის დავალებით, ჯერ როგორც პროკურორი და მერე როგორც მოსამართლე.
„ყველა ის მოსამართლე, რომელიც კლანის წევრია, ადეიშვილთან ჯერ გამომძიებლები და პროკურორები იყვნენ, მერე „კარგად“ შესრულებული დავალებებისთვის მოსამართლეებად დააწინაურეს და ასე გახდნენ მოსამართლეები“, - აცხადებს გოგიჩაიშვილი.
ცნობისათვის, თამარ ალანია სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედაა დანიშნული. ის იყო დეკემბერში წარდგენილ 10-კაციან სკანდალური სიაშიც შედიოდა და უზენაესში მოსამართლეობის მსურველი 139 კანდიდატს შორის არის ახლაც.
ის 2007 წელს სააპელაციო სასამართლოში კლასელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვანი გვანცა ყუფარაძის საქმეს განიხილავდა. „რეზონანსის“ ინფორმაციით, თამარ ალანია ასევე იყო ზაქარია ქუცნაშვილის მამის, ომარ ქუცნაშვილის საქმის პროკურორიც, თუმცა ზაქარია ქუცნაშვილმა „რეზონანსთან“ არ ისურვა ამ თემაზე საუბარი. თქვა მხოლოდ ის, რომ „დაელოდება იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას ალანიასთან დაკავშირებით“ და „როდესაც ჩათვლით საჭიროდ, მაშინ გაასაჯაროვებს პოზიციას“.
დაუჭერს თუ არა ქუცნაშვილი მხარს თამარ ალანიას უვადოდ გამწესებას უზენაეს სასამართლოში და საერთოდ, „ოცნებიდან“ ვინ დაუჭერს მხარს მოსამართლეების ახალ სიას, რომელიც დიდი ალბათობით პარლამეტში უახლოეს თვეებში შევა, ჯერ უცნობია.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, უზენაეს სასამართლოში 20 მოსამართლეა დასანიშნი და 20-კაციან სიაში შესაძლოა 1-2 გვარი იყოს ისეთი, რომელსაც ვერ შეედავები, მაგრამ ჯამში ეს მაინც სასამართლო კლანის და ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველი სია იქნება.
„კლანის წევრები, ყველა, ისევ იქნებიან ახალ სიაში. „ოცნება“ თავისი კადრების გაყვანას აუცილებლად დააპირებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს მათ ძალიან ძვირი დაუჯდეს. შეიძლება ვიღაცები გახადონ მოსამართლე, იპოვონ ხმის მიმცემი 76 დეპუტატი, მაგრამ ამ ადამიანებს ფეხქვეშ მიწა უნდა ეწვოდეთ. მათ უნდა იცოდნენ, რომ სახალხო ლეგიტიმაცია არ აქვთ და მათი მოსამართლეობა სურს მხოლოდ „ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე ივანიშვილს.
„გარდაუვალი პროცესია, რომ საზოგადოება ამ მოსამართლეებს არ მიიღებს. როდესაც ხალხს არ უნდიხარ და ვიღაც ძალით გტენის სისტემაში, ეს არის ძალიან მოკლე დროის გამარჯვება... ჩვენთვის ეს პროცესი მიუღებელია, იმიტომ, რომ მოზაიკა არის პარტიის თავმჯდომარის, მოზაიკა არის ის, რომ არის ადეიშვილის მემკვიდრეობაა, მოზაიკა არის ის, რომ ხელისუფლება მართავს სასამართლოს. ჩემთვის ამას აქვს მნიშვნელობა, რომ მთავრობა ერევა სასამართლო სისტემაში და დარღვეულია ხელისუფლების განაწილების პრინციპი. ამას ვინ დაარღვევს - სააკაშვილი დაარღვევს, თუ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ორივე ერთნაირია მართვის სტილში. ორივე ავტორიტარულია...
„დეკორაციის მიზნით სიაში შეიძლება 1-2 გვარი იყოს, რომელთა მხარდაჭერაზე ადამიანები თავს არ შეიკავებენ, უბრალოდ შეიძლება არგუმენტი არ გქონდეს, რატომ არ უჭერ მხარს, დანარჩენი 18 იქნება აბსოლუტურად მიუღებელი. მე ვფიქრობ, რომ „ოცნებაში“ აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც, ჩემი აზრით, პრინციპულ პოზიციას დაიკავებენ იმ ოდიოზური და ცუდი მოსამართლეების და იმ პრინციპის წინააღმდეგ, რასაც ჰქვია სახელისუფლებო განაწილების პრინციპის მოშლა, რომელიც მოშალა სააკაშვილმა და ახლანდელ ხელისუფლებასაც უნდა რომ მოშალოს,“ - ამბობს გოგიჩაიშვილი.
მისივე თქმით, მართალია ჯერ მოსამართლეობის მსურველთა 139-კაციანი სია იუსტიცის საბჭოშია და საბჭომ უნდა შეარჩიოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების სია, მაგრამ მოლოდინი აქვს, რომ ეს მოხდება ივლისის ბოლოსთვის.
„ხელისუფლება ეცდება პოლიტიკურად ყველაზე მკვდარ დროს, დაახლოებით ივლის-აგვისტოში გაიტანოს ეს საკითხი და პარლამენტის რიგგარეშე სხდომებზე დაამტკიცოს მოსამართლეები. ვნახოთ, შეიძლება ვერ გააკეთონ. ჯერჯერობით პროცესი იუსტიციის საბჭოშია. როცა პარლამენტში წავა პროცესი, გაცილებით მძიმე და ხმაურიანი იქნება, იმიტომ, რომ ამ ოდიოზური მოსამართლეების არჩევა არ იქნება მარტივი ამბავი „ქართული ოცნებისთვის“. არ მიხარია, რომ ჩემმა ჯგუფმა, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო, ეს არჩევანი გააკეთა,“ - დასძენს გოგიჩაიშვილი.