ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ახალი ათონის მონასტრის ირგვლივ სიტუაცია ძალიან უცნაურად ვითარდება. წლების წინ ორ ბანაკად დაყოფილი და დიდ განხეთქილებაში მყოფი აფხაზური სასულიერო პირთა ორი დაჯგუფება, დოროთე დბარისა და ბესარიონ აპლიას ხელმძღვანელობით, შერიგებას და ახალი ათონის მონასტრის გაყოფაზე თანხმობას აცხადებენ, თუმცა შერიგდნენ თუ არა, ამაზე საბოლოო სიტყვას და თანხმობას რუსეთის პატრიარქისგან ელიან.
რუსეთის საპატრიარქოში წერილიც გაგზავნილი, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და აფხაზეთის ეკლესიის მეთაურად თვითგამოცხადებული ბესარიონ აპლია რუს პატრიარქ კირილს სთხოვენ, 2011 წელს დოროთე დბარის განკვეთა მოხსნას. თუმცა არის გარკვეული პირობაც - რუსეთის პატრიარქმა დბარს მონანიება არ უნდა მოსთხოვოს, ესაა დბარის პირობა, ხოლო სამაგიეროდ დბარმა ახალი ათონის მონასტერში უნდა შეუშვას ბესარიონ აპლიას დაჯგუფებაც და უნდა აღიაროს რუსეთის ეკლესიის გავლენა მონასტერზე.
წერილი მოსკოვში 4 ივნისს გაიგზავნა, თუმცა ამ დრომდე რუსეთის საპატრიარქო აცხადებს, რომ მათ არაფერი მიუღიათ. ამდენად, ჯერ პასუხი არ ჩანს და არავინ იცის, რას იზამს რუსეთის პატრიარქი, დოროთე დბარს დაუბრუნებს თუ არა ღვთისმსახურების უფლებას. თუკი კირილი უარს იტყვის, დიდი ალბათობით, აპლია-დბარის შერიგება ვერ შედგება.
საგულისხმოა, რომ აფხაზეთში ეს „საეკლესიო“ დაპირისპირება 2011 წლიდან იწყება. არქიმანდრიტმა დოროთე დბარმა ყრილობა მოიწვია, დააარსა ე.წ. „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“ და თავისი დაჯგუფებით ახალი ათონის მონასტერში გამაგრდა. პარალელურად აფხაზეთში არსებობს სასულიერო ჯგუფი, რომელსაც ბესარიონ აპლია ხელმძღვანელობს და რომელიც თავს სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიისა და აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაურად აცხადებს.
აპლიას მხარს დე ფაქტო ხელისუფლება უჭერს. ასევე ამ დაპირისპირებაში რუსეთის ეკლესიამ აპლიას დაუჭირა მხარი, დოროთე დბარს კი მღვდელმსახურება აუკრძალა. სწორედ ამის შემდეგ იბრძვის აპლია, რომ ახალი ათონში წირვა-ლოცვის უფლება დაიბრუნოს, რადგან ახალი ათონი აფხაზეთში ყველაზე დიდი და შემოსავლიანი სამონასტრო კომპლექსია.
წლების განმავლობაში აპლიას პერიოდულად ჰქონდა მონასტერში შეჭრის მცდელობა, თუმცა უშედეგოდ. სეპარატისტული ხელისუფლება ამ დაპირისპირებაში არ ერეოდა სიტუაციის გამწვავების თავიდან ასაცილებლად.
ახლა კი ეს დაპირისპირება მარტში გამწვავდა. ჯერ დოროთე დბარმა მიმართა აპლიას, რომ შერიგებულიყვნენ და ერთად ებრძოლათ „აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის“ მისაღწევად. აპლიამ შერიგების საპირწონედ მოითხოვა, რომ მას ახალ ათონში წირვა-ლოცვის უფლება მისცემოდა. საპასუხოდ დბარმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთის პატრიარქი მას აკრძალვას გააუქმებდა, აპლიას ლიტურგიის ჩატარების საშუალება ექნებოდა.
ამის შემდეგ, 11 მაისს, ახალ ათონში რამდენიმე მღვდელთან ერთად მისულმა ბესარიონ აპლიამ ულტიმატუმი წაუყენა დოროთე დბარს. აპლიას მოთხოვნით, დბარს დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა მონასტერი და „მონანიების წერილით“ მიემართა რუსეთის პატრიარქ კირილისთვის. აპლიას ჯგუფი მონასტრის კელიებში დასახლდა კიდეც.
1 ივნისს კი აპლიამ ეკლესიაში წირვის თვითნებურად ჩატარება დაიწყო, რასაც მოჰყვა დაპირისპირება აპლიასა და დბარის მომხრეებს შორის საკურთხეველში. მონასტრის ტერიტორიაზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საჭირო გახდა პოლიციის რაზმების გამოძახება. კონფლიქტის გამო ერთი დღით დაიხურა მონასტერიც. ამის შემდეგ კი უცებ მხარეები გადაწყვეტენ, რომ შერიგდნენ.
დბარი და აპლია შეხვდნენ დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას, სადაც გადაწყდა, რომ რუსეთის პატრიარქს მისწერდნენ წერილს დბარისათვის აკრძალვის მოხსნის თხოვნით. ხაჯიმბასა და აპლიას მიერ ხელმოწერილი წერილი 4 ივნისს გაიგზავნა. მეორე დღეს შედგა კრებაც,რომელსაც აპლიასა და დბარის დაჯგუფების წევრები, ასევე ე.წ. დეპუტატები და აფხაზური საზოგადოების წევრებიც ესწრებოდნენ.
ე.წ. დეპუტატებმა იმედი გამოთქვეს, რომ პროცესი დადებითად დასრულდება და ამ პრობლემის მოგვარებაში ჩართვის გამო ხაჯიმბასა და აპლიას მისამართით მადლობებიც გამოთქვეს. ასევე გამოთქვეს იმედი, რომ რუსეთის პატრიარქი გაითვალისწინებს აფხაზეთიდან გაგზავნილ თხოვნას და აფხაზეთის ეკლესიის პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.
შეკრებაზე გააფორმეს შეთანხმებაც, რის თანახმადაც, დბარის მიერ შექმნილმა „წმინდა მიტროპოლიამ“ აპლიას და მის გუნდს ნება დართეს ამაღლების დღესასწაულზე - 5 და 6 ივნისს, ახალ ათონში ლიტურგია ჩაეტარებინათ და განსაზღვრეს ლიტურგიის განრიგიც.
სიმონ კანანელის ტაძარში, რომელიც ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძრად მიიჩნევა, ლიტურგიას ჩაატარებდა დოროთე დბარი, ხოლო ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში - ბესარიონ აპლია და „სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიის სამღვდელოებას“ ღამის გათენების უფლებაც მიეცემოდა. ამ დღესასწაულის დასრულების შემდეგ კი ყველა სასულიერო პირი საკუთარ ტაძრებში გააგრძელებდნენ საქმიანობას.
ექსპერტთა კლუბის წევრის, ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, აპლიასა და დბარს შორის თემა არის ფული, რადგან ახალი ათონი ყველაზე შემოსავლიანი მონასტერია. დბარს ასევე სურს, რომ მიიღოს რუსეთის ეკლესიის მფარველობა, რადგან ახლა მისი ბედი ჰაერშია გამოკიდებული და მფარველი სჭირდება, ხოლო რუსეთის ეკლესიას სურს აღადგინოს თავისი კონტროლი და გავლენა ახალ ათონზე.
„ვიცით, რომ უკრაინის ეკლესიის გამო კონსტანტინოპოლისა და რუსეთის ეკლესიებს შორის დაპირისპირებაა და სწორედ ამის შემდეგ აღმოჩნდა დბარი ფაქტობრივად „უპატრონოდ“, ამიტომ მოუწოდა აპლიას, რომ შერიგებულიყვნენ და ათონში ერთად ჩაეტარებინათ წირვა-ლოცვა.
„აქ არის არა აპლიასა და დბარს შორს შერიგების პროცესი, არამედ დბარის მიერ რუსეთის ეკლესიის წიაღში შესვლის და ასე საკუთარი თავის გადარჩენის პროცესი. სავაჭრო თემა კი აქვს, რომ ათონის მონასტრის შემოსავალი გაიყონ მან და აპლიამ.
„არ ვიცი, როგორ მოიქცევა რუსეთის ეკლესია, თუმცა წესით, უფრო მეტად ხელს აძლევს ახალი ათონის მონასტერზე კონტროლი აღადგინოს, ვიდრე დბარის განკვეთა გააგრძელოს. ბოლობოლო გავა წლები და მიეცემათ შანსი, დბარი დასაჯონ. ამ ეტაპზე კი, ალბათ, ურჩევნიათ დბარმა დათმოს ახალი ათონი და აპლიამ და რუსეთმა აღადგინონ კონტროლი ამ მონასტერზე. შესაბამისად, აპლიას ხალხსაც ექნება იქ შესვლის და წირვა-ლოცვის უფლება. ვფიქრობ, რომ რაღაც კონსენსუსს მიაღწევენ“, - ამბობს ცქიტიშვილი.