„ოცნებაში“ მიმდინარე განახლების პროცესი, ჩემი აზრით, უკავშირდება სტრატეგიას, რომ 2020 წლისთვის შეიქმნას ისეთი პარტია, რომელიც ივანიშვილის გარეშე შეძლებს არსებობას და ივანიშვილსაც ექნება საშუალება მშვიდად წავიდეს პოლიტიკიდან, რადგან პოლიტიკა არ არის მისთვის კომფორტული სფერო“, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, ვისაც „რეზონანსი“ მიმიდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრა.
„რეზონანსი“: უზენაესი საამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება, თუმცა საპარლამენტო ოპოზიცია და "ოცნებიდან" გასული დეპუტეტები აცხადებენ, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეულ ამ ახალ სიასაც მხარს არ დაუჭერენ.
რამაზ საყვარელიძე: შენიშვნები და კრიტიკა ძველ სიასთან დაკავშირებითაც გვახსოვს, როგორც საპრლამენტო ოპოზიციის, ისე იმ დეპუტეტების მხრიდან, რომლებმაც ამ მიზეზით დატოვეს "ოცნება", მაგრამ ამ სიების ბედს მაინც საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტს. ამიტომ მეეჭვება, რომ წარდგენილი სიის ჩაგდება მოახერხოს ცალკეულმა დეპუტატმა, ან ჯგუფმა.
„რ“: ამ სიის ერთ-ერთი ინტრიგაა ისიც არის, რომ კანდიდატთა სიაში მოხვდა მოქმედი გენერალური პროკურორი. ექსპერტთა წრეებში არ გამორიცხავენ, რომ შალვა თადუმაძე გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რადგან ასე სურს ბიძინა ივანიშვილს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ იგი კობახიძის ფოთას ასუსტებს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
რ.ს.: გითხრათ სიმართლე ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ, რადგან თუ ივანიშვილი, როგორც ოპოზიცია ამბობს, ყოვლისშემძლეა, მაშინ რაში სჭირდება ივანიშვილს ასეთი მანევრი, რომ კობახიძე თადუმაძით დაასუსტოს? მიკვირს რატომ იგონებენ ამ მითებს, რომლის ავტრებიც ყოველთვის "ნაციონალები" არიან, შემდეგ - ჟურნალისტები და მოლაპარაკე თავებიც ავყვებით ხოლმე.
დასანანი ისაა, რომ ამ გასართობი მოდელების აგებაზე ძალიან დიდი ინტელექტუალური ენეგრია იხარჯება, თორემ, რომ იტყვიან, რამდენიც უნდათ ილაპარაკონ.
მოქმედი გენერალური პროკურორი ამ გადაწყვეტილებას ისე, ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ვერ მიიღებდა. თადუმაძეს რადგან კალთები არ დააგლიჯეს - დარჩი, მეტი გამოსავალი არ გვაქვსო - ეტყობა გუნდში იყო ამის მზაობა.
საინტერესო ის იქნება, ვის კანდიდატურას დააყენებს ხელისუფლება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, რამაც შეიძლება შიგნით მთლიანობაში არა, მაგრამ, გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს.
„რ“: პარტიის შიგნით მოსალოდნელ ცვლილებებზე აქტიურად საუბრობენ "ოცნებაში" და ამბობენ, რომ განახლების პროცესი უკვე დაიწყო და დარწმუნებულიც არიან, რომ 2020 წელს ისევ მოვლენ ხელისუფლებაში.
რ.ს.: ახალ შემადგენლობაზე საუბარი ყოველთვის ჭიანურდება, არა მხოლოდ "ოცნებაში", არამედ ყველა პარტიაში. კარგია, რომ განახლების პროცესი დაიწყო და ჩემი აზრით, ივანიშვილის სამომავალო სტრატეგია ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ 2020 წლისთვის ისეთი პარტია შეიქმნას, რომელიც შეძლებს ივანიშვილის გარეშე არსებობას, მას კი პოლიტიკიდან მშვიდად წასვლის საშუალებას, რადგან პოლიტიკა მისთვის კომფორტული სფერო არ არის.
„რ“: იგივე სულისკვეთებით არის განწყობილი ოპოზიციაც - რომ არჩევნებს არა მილიონი დოლარი, არამედ მილიონი ხმა იგებს და ამ ხმების შეგროვებას საქართველოს მასშტაბით უკვე იწყებენ.
რ.ს.: ოპოზიციაში "ნაციონალურ მოძრაობას" თუ ვგულისხმობთ, ყველა არჩევნების წინ აცხადებენ, რომ გაიმარჯვებენ, მაგრამ მარცხდებიან, ამ მარცხიდან კი დასკვნები არ გამოქვთ და ისევ აგრძელებს იმის გამეორებას, რომ ამ ხელისუფლების დემონტაჟი დაიწყება.
ხომ ხედავენ, რომ ერით და იგივე ფორმულა წამგებიანი აღმოჩნდა მათთვის. მარტო ენერგიაზე ხომ არ შეიძლება ილაპარაკო? შინაარსობრივ ცვლილებებზე, პროგრამებზცე ხომ უნდა დაიწყონ როდისმე ფიქრი... ამიტომ არ მგონია, რომ ამ შემადგენლობით ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს "ოცნებასთან" შედარებით პერსპექტივა ჰქონდეს.
„რ“: მიხეილ სააკაშვილს რა პერსპექტივა აქვს უკრაინის პოლიტიკაში? როგორც თავად აცხადებს, მისი პარტია "ახალი ძალების მოძრაობა" საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, რათა მხარი დაუჭიოს უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ზელენსკის მიერ გამოწვეულ ახალ ტალღას.
რ.ს.: აშკარაა, რომ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკურ ფრონტზე აპირებს გააქტიურებას, მაგრამ რა პესპექტივა ექნება, ეს ცოტა საეჭვოა. თუ კლიჩკოსთან მიკედელებით პერსპექტივა არ ჰქონდა, ახლა ხაზის გასმა, რომ დამოუკიდებლად იღებს მონაწილოებას საპარლამენტო არჩევნებში, ცოტა გაუგებარია.
ჩემი აზრით, მისი აქტიურობა და მსგავსი განცხადებები ემსახურება ერთ მიზანს - უკრაინულ საზოგადოებას მისი არსებობა აგრძნობინოს.
„რ“: დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება, როგორც მისი პრესსამსახური ამტკიცებს, ხელისუფლებასთან და პირადად პრემიერთან იყო შეთანხმებული, რასაც უარყოფს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. თქვენი აზრით, ხომ არ მწიფდება კონფლიქტი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის?
რ.ს.: ძნელი სათქმელია, აქვს თუ არა ადგილი რაიმე სერიოზულ პროცესებს, ამიტომ რაიმე სახის დაპირისპირებაზე დასკვნას არ ვიჩქარებდი. პოლიტიკური ტაქტის თვალსაზრისით კი უფრო გამართლებული იქნებოდა კობახიძეს დაედასტურებინა ამ შეთანხმების შესახებ და კითხვის ნიშნების ამარა არ დაეტოვებინა პრეზიდენტი. კობახიძეს სჩვევია ასეთი განცხადებებით სირთულეები შეუქმნას პარტიას. მგონი ეს მისი შეცდომა იყო.